სიმპტომური წყლულები
სიმპტომური წყლულები – კუჭის სიმპტომური წყლულები წარმოადგენს კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკულ კეროვან დესტრუქციას; ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მიხედვით განსხვავდება წყლულოვანი დაავადებისაგან და წარმოადგენს ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობის მხოლოდ კუჭის ადგილობრივ გამოვლინებას, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. კუჭის სიმპტომატური წყლულებია: 1. ,,წამლისმიერი წყლულები” (აცეტილსალიცილის მჟავასა და მისი წარმოებულების ხანგრძლივი და არაკონტროლირებადი მიღებით, ასევე პირაზოლონის, ინდოლის, ჰისტამინის, გლუკოკორტიკოსტეროიდული ჰორმონების მიღებით და სხვ.); 2. ,,ჰოპოქსიური წყლულები”, რომელიც თან ახლავს ათეროსკლეროზს, ჰიპერტონულ დაავადებას, გულის შეგუბებით უკმარისობას, ქრონიკულ პნევმონიებს, ფილტვების ემფიზემას; 3. ,,ჰორმონალური წყლულები” ვითარდება ჰიპერპარათირეოიდოზმის, კუჭქვეშა ჯირკვლის ულცეროგენული სიმსივნეების და სხვ. დროს; 4. მწვავე სტრესული წყლულები მიოკარდის ინფარქტის დროს, დამწვრობის, ინსულტისა და სხვ.; 5. წყლულები ჰეპატიტებისა და ღვიძლის ციროზების დროს. კუჭის სიმპტომატური წყლულების განვითარებას ხშირად ხელს უწყობს წინასწარგანმწყობი ფაქტორების შერწყმა. მაგალითად, ჯანმრთელი პირების მიერ ხანგრძლივად სალიცილის მჟავას წარმოებულისა და გლუკოკორტოკოიდების გამოყენება ხშირად იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის დაწყლულებას, მაშინ როდესაც იგივე პრეპარატების გამოყენება ავადმყოფებში აქტიური რევმატიზმით და გულის რევმატიული მანკებით, სისხლმიმოქცევის უკმარისობით, მკვეთრად ზრდის კუჭის სიმპტომატური წყლულების განვითარების სიხშირეს.
სიმპტომები და მიმდინარეობა პოლიმორფულია. შესაძლებელია მიმდინარეობდეს გარკვეული დროის განმავლობაში უსიმპტომოდ, შესაძლებელია აღინიშნებოდეს გაურკვეველი ხასიათის ტკივილები მუცელში და დისპეფსური მოვლენები; ზოგჯერ დაავადება მიმდინარეობს წყლულოვანი დაავადების ტიპიური სიმპტომატიკით. რენტგენოლოგიური გამოკვლევებისას, გასტროსკოპიისას ვლინდება წყლულოვანი ნიშა კუჭში, ისევე როგორც წყლულოვანი დაავადების დროს. დიაგნოსტიკაში არსებითი მნიშვნელობა აქვს ანამნეზს და გამოკვლევებს. კუჭის ტუბერკულოზური წყლულები ხშირად ვითარდება ფილტვის ტუბერკულოზის ტერმინალურ სტადიაში; დიაგნოზის დაზუსტებისათვის აუცილებელია გასტროსკოპია ბიოფსიით. კუჭის სიმპტომატური წყლულები შესაძლებელია იყოს მწვავე და ქრონიკულად მიმდინარე. გართულებები: წყლულის პერფორაცია და წყლულოვანი სისხლდენები.
მკურნალობა ისეთივეა როგორიც წყლულოვანი დაავადების დროს. ტარდება ძირითადი დაავადების თერაპია.
პროფილაქტიკა ითვალისწინებს იმ დაავადების დროულად მკურნალობას, რომელიც ხშირად რთულდება კუჭისსიმპტომატური წყლულებით, ,,ულცეროგენული” მოქმედების პრეპარატების ხანგრძლივი მიღების გამო.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები