ჰიპერპარათირეოზი

ჰიპერპარათირეოზი hyperparathyroidism

ჰიპერპარათირეოზი (გენერალიზებული ფიბროზული ოსტეოდისტროფია, რეკლინჰაუზენის დაავადება) – დაავადება, რომელიც განპირობებულია ფარისებრახლო ჯირკვლების ჰიპერფუნქციით.

ჰიპერპარათირეოზი – პათოგენეზი. ჯირკვლების ჰიპერპლაზიით ან ადენომით განპირობებული პარათირეოიდული ჰორმონის ჭარბი სეკრეცია იწვევს ფოსფორ-კალციუმის ცვლის დარღვევას, ოსტეოკლასტური პროცესების გაძლიერებას, კალციუმისა და ფოსფორის გამოდევნებას ჩონჩხიდან და სისხლში მათ ჭარბად დაგროვებას. მილაკოვანი რეაბსორბციის დაქვეითებისა და ფოსოფორის გამოყოფის მომატების გამო ვითარდება ჰიპოფოსფატემია და ჰიპერფოსფატურია. ძვლის ქსოვილში აღინიშნება ოსტეოპოროზისა და ოსტეომალაციის მოვლენები. განასხვავებენ ასევე მეორად ჰიპერპარათირეოზს, რომელიც ვითარდება ხანგრძლივად არსებული ჰიპოკალციემიის ფონზე (თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანების დროს), და მესამეულ ჰიპერპარათირეოზს, რომელიც ვითარდება ხანგრძლივად მიმდინარე მეორადი ჰიპერპარათირეოზის ფონზე, ან თირკმელების პროგრესირებადი უკმარისობისას.

ჰიპერპარათირეოზი – სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება აღინიშნება 20-50 წლის ასაკში, ხშირია ქალებში. ვითარდება კუნთების სისუსტე, დაღლილობა, ზედა და ქვედა კიდურების ჰიპოტონია, ტკივილები ტერფებში, წყურვილი, კბილების მორყევა და დაცვენა, სიგამხდრე, კენჭების წარმოქმნა შარდგამომყოფ გზებში. დაავადების განვითარებასთან ერთად ვლინდება ამა თუ იმ სისტემის დაზიანება. ძვლოვანი და შერეული ფორმების დროს ძირითადი სიმპტომებია: ტკივილი ძვლებში, რომელიც ძლიერდება მოძრაობის დროს; ხაგრძლივად შეუხორცებადი, მცირედ მტკივნეული მოტეხილობები (ხშირად ბარძაყის, მენჯის, მხრის ძვლების, ნეკნების), ცრუ სახსრების განვითარება, ჩონჩხის დეფორმაცია, ზრდაში ჩამორჩენა. დამახასიათებელია ნელი, ბარბაცით, ,,იხვისებრი“ სიარული. გულმკერდი კასრისებრი ფორმისაა; გამოყოფენ ჰიპერპარათირეოიდული ოსტეოდისტროფიის ორ ფორმას: ფიბროზულ-ძვლოვანი ოსტეიტი და პეჯეტის და ორ სტადიას – ოსტეოპოროზულსა და კისტოზურს. რენტგენოგრამაზე ვლინდება სისტემური ოსტეოპოროზი (პირველ რიგში ლულოვან ძვლებში, ქალაში და იშვიათად ხერხემალში), თითების ძირითადი და შუა ფალანგების სუბპერიოსტული რეზორბცია. კისტოზური სტადიის დროს ვითარდება კისტები, ხშირად ბარძაყის ძვალში, მენჯის ძვლებში, წინამხრის, მხრის, წვივის ძვლებში. თირკმლისმიერი ფორმის დროს ძირითადი სიმპტომებია: პოლიდიფსია, პოლიურია, ჰიპოიზოსტენურია, შარდის ტუტე რეაქცია. ვითარდება ორმხრივი ნეფროკალცინოზი, ზოგჯერ ჰიდრონეფროზი, რომელმაც ხანგრძლივი მიმდინარეობისას შესაძლოა გამოიწვიოს აზოტემია და ურემია. ავადმყოფებს აწუხებთ დისპეფსიური მოვლენები, თირკმლის კოლიკის ხშირი შეტევები, არტერიული წნევის მომატება. ვისცერული ფორმის დროს ხშირად წარმოიქმნება თორმეტგოჯა ნაწლავის, კუჭის, ნაწლავის პეპტიკური წყლულები; წყლულებს ახასიათებს რეციდივები, იწვევენ სისხლდენებს, კუჭისა და ნაწლავის კედლის პერფორაციას. ვითარდება ქრონიკული პანკრეატიტი, პანრეოკალცინოზი, აღინიშნება კენჭების წარმოქმნა ნაღვლის ბუშტში, მყესთა რეფლექსების დაქვეითება, რადიკულური სიმპტომები, მომატებული აგზნებადობა, მტირალობა, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება. ოფთალმოლოგიური გამოკვლევით ვლინდება კალციუმის მარილების ჩალაგება თვალის წინა საკანში, რაც ვლინდება მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით. სისხლში – ჰიპერკალციემია, ჰიპოფოსფატემია, ტუტე ფოსფატაზისა და პარათორეოიდული ჰორმონის მომატება; შარდში – კალციუმის, ფოსფორის, პროლინისა და ოქსიპროლინის შემცველობის მომატება. საჭიროა ჩატარდეს მრავალჯერადი გამოკვლევები. ტოპიკური დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება ფარისებრახლო ჯირკვლების სკანირება, კისრის მიდამოს ულტრაბგერითი გამოკვლევა, არტერიოგრაფია.

ჰიპერპარათირეოზი – მკურნალობა: ოპერაციულია.

ენდოკრინული სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.