ლალი დათეშიძე
ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ჰიპოპარათირეოზი (ტეტანია) – დაავადება, რომელიც ხასიათდება ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითებით, ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობის მომატებითა და კრუნჩხვითი სინდრომით.
ეტიოლოგია. ოპერაციის დროს ფარისებრახლო ჯირკვლის ამოკვეთა ან დაზიანება, მათი დაზიანება ინფექციების, ინტოქსიკაციების, ავტოიმუნური დარღვევების დროს, ქსოვილების მგრძნობელობის დაქვეითება პარატჰორმონის მოქმედებისადმი.
პათოგენეზი. პარატჰორმონის არასაკმარისი გამოყოფა და აქედან გამომდინარე კალციუმ-ფოსფორის ჰომეოსტაზის დარღვევები (ჰიპოკალციემია და ჰიპერფოსფატემია). მატულობს ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობა, ვლინდება მიდრეკილება კრუნჩხვითი სინდრომისაკენ.
სიმპტომები, მიმდინარეობა. კრუნჩხვის შეტევას წინ უძღვის გაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ზედა ტუჩის არეში, თითებსა და ფეხებში, კიდურების გაცივება, შებოჭილობის გრძნობა. შემდეგ ვითარდება ცალკეული კუნთთა ჯგუფების მტკივნეული ტონური და კლონური კრუნჩხვები. კრუნჩხვები აღინიშნება უპირატესად მომხრელ კუნთებში, ამიტომ ხელის მტევანი ღებულობს დამახასიათებელ ,,მეანის ხელის“ მდგომარეობას. ქვედა კიდურების მომხრელი კუნთების ტეტანიის დროს ტერფი შიგნით იხრება, თითები კი ტერფისაკენ (,,ცხენის ტერფი“). სახის კუნთების კრუნჩხვებს თან ახლავს ტრიზმი, ,,თევზის პირის“ წარმოქმნა. კრუნჩხვების გავრცელებამ კისრის კუნთებზე შესაძლოა გამოიწვიოს ლარინგოსპაზმი, რაც ვლინდება ქოშინით, ციანოზით, ზოგჯერ ასფიქსიით. შესაძლებელია განვითარდეს პილოროსპაზმი ღებინებით, გულისრევით, აციდოზით; აღინიშნება ნაწლავის, შარდის ბუშტის სპაზმები. გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების სპაზმი იწვევს მკვეთრ ტკივილებს გულის არეში. ტეტანიის შეტევები პროვოცირდება სხვადასხვა გამაღიზიანებლებით: ტკივილით, მექანიკური, თერმული, ჰიპერვენტილაციური გამაღიზიანებლებით. სახის ნერვის ღეროზე დაკაკუნება გარეთა სასმენი მილის მახლობლად იწვევს შუბლის კუნთების, ზედა ქუთუთოს, პირის კუნთების შეკუმშვას; ხოლო დაკაკუნება სახის ნერვის ზედა ტოტის გასწვრივ თვალბუდის გარეთა კიდეზე იწვევს ქუთუთოს მრგვალი კუნთის შეკუმშვას. დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს, შეტევებს შორის პერიოდში ავადყოფებს აწუხებთ ოფლიანობა, მხედველობის გაუარესება აკომოდაციის დარღვევის გამო, ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება. ვითარდება ჰიპოკალციემიური კატარაქტა, ფრჩხილების მტვრევადობა, კბილების კარიესი. აღინიშნება ფსიქიკის ცვლილებები: ინტელექტის, მეხსიერების დაქვეითება, ნევროზები. სისხლში კაციუმის შემცველობა დაქვეითებულია, განსაკუთრებით მისი იონიზირებული ფრაქციის; დადგენილია დამოკიდებულება ტეტანიის სიმძიმესა და სისხლში კაციუმის დონის დაქვეითების ხარისხს შორის. სისხლში ფოსფორის შემცველობა ნორმაზე მაღალია, კალციუმისა და ფოსფორის ექსკრეცია შარდთან დაქვეითებულია; პარათირეოიდული ჰორმონის დონე სისხლში დაწეულია.
მკურნალობა. ტეტანიის კუპირებისათვის ვენაში შეჰყავთ 10-20 მლ 10%-იანი კალციუმის ქლორიდის ან გლუკონატის ხსნარი, პარათირეოიდინი 2 მლ კუნთებში. შეტევების თავიდან აცილების მიზნით ინიშნება კალციუმის პრეპარატები (გლუკონატი, ლაქტატი, გლიცეროფოსფატი) 4-6 გ/დღში, პარათირეოიდინი 2 მლ კვირაში 2-3-ჯერ 1,5 – 2 თვე; კაციუმით მდიდარი დიეტა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 1202 times by 572 viewers



