ლალი დათეშიძე
ენდოკრინული სისტემის დაავადებები
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა – სინდრომი, რომელიც განპირობებულია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის პირველადი დაზიანებით (ადისონის დაავადება) ან მისი მეორადი ცვლილებით, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სეკრეციის შემცირების გამო; ვლინდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონების პროდუქციის დაქვეითების სიმპტომებით. განასხვავებენ თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკულ და მწვავე უკმარისობას.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. პირველადი უკმარისობა განპირობებულია ტუბერკულოზით (შემთხვევათა 40%), ან ავტოიმუნური პროცესებით გამოწვეული ჯირკვლის ქერქის ატროფიით (შემთხვევათა 50%), იშვიათად ორმხრივი ადრენალექტომიით, ვენების თრომბოზით ან თირკმელზედა ჯირკვლის ემბოლიით. მეორადი უმარისობის მიზეზები შესაძლოა იყოს ჰიპოფიზის მშობიარობის შემდგომი ნეკროზი (შიხენის სინდრომი), ჰიპოფიზის სიმსივნე, ჰიპოფიზექტომია, კრანიოფარინგიომა.
პათოგენეზი: კორტიზოლის, ალდოსტერონისა და კორტიკოსტერონის სეკრეციის დაქვეითება.
სიმპტომები, მიმდინარეობა. პირველადი ქრონიკული უკმარისობისათვის დამახასიათებელია მუდმივი კუნთოვანი სისუსტე, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, სხეულის მასის შემცირება, სახის, კისრის, კანის, ხელისგულის ნაკეცების, იღლიისქვეშა მიდამოს, შორისის ჰიპერპიგმენტაცია. ლორწოვან გარსებზე არსებულ პიგმენტურ ლაქებს (ლოყების შიგნითა ზედაპირი, მაგარი სასა, ღრძილები, საშო, სწორი ნაწლავი) აქვთ მოლურჯო-შავი ელფერი. არტერიული წნევა დაქვეითებულია, ზოგჯერ ნორმალურია, შესაძლებელია იყოს მომატებულიც (ჰიპერტონულ დაავადებასთან კომბინირებისას). თითქმის ყოველთვისაა გამოხატული კუჭ-ნაწლავის დარღვევები (მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში, ფაღარათი); ირღვევა ცილოვანი (დაქვეითებულია ცილის სინთეზი), ნახშირწყლოვანი (უზმოზე შაქრის დაბალი დონე, სწორი მრუდი გლუკოზით დატვირთვის შემდეგ) და წყალ-მინერალური (ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია) ცვლა. შარდთან ნატრიუმის გამოყოფა მომატებულია, კალიუმისა – შემცირებული. დამახასიათებელია პლაზმაში და შარდში 17-ОКС დონის შემცირება, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონით სტიმულაციისას არ არის, ან დაქვეითებულია ჰორმონების სეკრეციის რეზერვი. თირკმელზედა ჯირკვლის მეორადი უკმარისობა, რომელსაც თან ახლავს მხოლოდ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სეკრეციის გამოვარდნა, გვხვდება საკმაოდ იშვიათად. ხშირია თირეოტროპული, სომატოტროპული, გონადოტროპული ჰორმონების უკმარისობების კომბინაცია, რომლებიც ხასიათდებიან შესაბამისი სიმპტომებით.
დიაგნოზის დადგენა ხდება შარდში და პლაზმაში 17-ОКС საწყისი დონის დაქვეითებია და აკტჰ-ზე რეაქციის შენარჩუნების მიხედვით. აკტჰ იზოლირებული უკმარისობა გვხვდება იმ ავადმყოფებთან, რომლებიც ღებულობდნენ სინთეზურ კორტიკოსტეროიდებს არაენდოკრინული დაავადებების სამკურნალოდ (ბრონქული ასთმა, კანისა და თირკმლის დაავადებები). მწვავე თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, ანუ ადისონის კრიზი – მწვავე კომატოზური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობის დროს, რასაც როგორც წესი, თან ერთვის ინფექცია, ტრავმა, ოპერაცია ან სხვა ექსტრემალური მდგომარეობა. გვხვდება თირკმელზედა ჯირკვალში მწვავე სისხლჩაქცევის, ან ინფარქტის განვითარების დროს. ადისონის კრიზისათვის დამახასიათებელია: გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობა, არტერიული წნევის დაცემა, კუჭ-ნაწლავის დარღვევები (შეუჩერებელი ღებინება, თხიერი, მრავალჯერადი დეფეკაცია), ნერვულ-ფსიქიკური დარღვევები, იმპოტენციის გაძლიერება. ლაბორატორიული გამოკვლევებიდან დამახასიათებელია სისხლში ნატრიუმის შემცველობის დაქვეითება 130 მმოლ/ლ-მდე და ქვევით, კალიუმის შემცველობის გაზდა 6-8 მმოლ/ლ-მდე, სისხლში შაქრის დაბალი დონე, ეოზინოფილია, ლიმფოციტოზი.
პროგნოზი კეთილსაიმედოა დროული და ადეკვატური ჩანაცვლებითი თერაპიის დროს.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 889 times by 499 viewers



