ლალი დათეშიძე
ფსევდოტუბერკულოზი – მწვავე ინფექციური დაავადება ზოონოზების ჯგფუდან; ხასიათდება ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით, წვრილი ნაწლავის, ღვიძლის დაზიანებით, არაიშვიათად ქუნთრუშასებრი გამონაყრით. დასნებოვნება ხდება უპირატესად ალიმენტური გზით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია იერსინია – გრამუარყოფითი ჩხირი, კაფსულის გარეშე, სპორებს არ წარმოქმნის. ანტიგენური თვისების მიხედვით მსგავსია შავი ჭირისა და ნაწლავის იერსინიოზის გამომწვევისა. კარგად ძლებს გარემოში, კერძოდ პროდუქტებში 3 თვემდე. სწრაფად იღუპება გაცხელებისას. ინფექციის კარია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსი, უპირატესად წვრილი ნაწლავების ქვედა ნაწილები, სადაც წარმოიქმნება ანთებითი ცვლილებები (ილეიტი); ზიანდება აგრეთვე რეგიონალური ლიმფური კვანძები (მეზადენიტი). სისხლში მიკრობების შეღწევა და მათი დაღუპვა იწვევს ტოქსემიასა და მეტასტაზურ გავრცელებას სხვადასხვა ორგანოებში. ორგანიზმის იმუნური სისტემის უკმარისობის დროს შესაძლებელია დაავადების გამწვავებები და რეციდივები.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-დან 21 დღემდე (ხშირად 8-10 დღე). დაავადება იწყება მწვავედ: წარმოიქმნება შემცივნება, ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები (სისუსტე, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა). დაავადების პირველ დღეებში შესაძლებელია ზედა სასუნთქი გზების კატარი. აღინიშნება ტკივილი მუცელში, ზოგჯერ გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. აღინიშნება სახის, კისრის კანის, ხელისგულებისა და ფეხისგულების ჰიპერემია. დაავადების მე-2-4 დღეზე ავადმყოფთა უმრავლესობაში ვლინდება ეგზანთემა. ზოგიერთ ავადმყოფთან ეგზანთემას თან ახლავს კანის ქავილი, მე-2-3 დღიდან იწყება კანის აქერცვლა (ხელისგულებზე, ფეხისგულებზე, ტანზე). ავადმყოფებს აღენიშნებათ ასევე ,,ჟოლოსებრი“ ენა, რაც აძლიერებს მსგავსებას ქუნთრუშასთან. აბდომინური ფორმების დროს პირველ პლანზე გამოდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები გასტროენტერიტის, მეზადენიტის, აპენდიციტის სახით. სიყვითლით მიმდინარე ფორმის დროს აღინიშნება ტოქსიკური ჰეპატიტი, პიგმენტური ცვლის დარღვევით; ართრალგიური ფორმის დროს ზოგადი ინტოქსიკაციის ფონზე ვლინდება მონო- ან პოლიართრიტის სიმპტომები. შერეული ფორმის დროს შესაძლებელია დაავადების სხვადასხვა კლინიკური გამოვლინებები.
დიაგნოსტიკის დროს, გარდა კლინიკური სიმპტომებისა, ითვალისწინებენ ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს. დიაგნოზს ადასტურებს გამომწვევის გამოყოფა ავადმყოფის განავლიდან ან სისხლიდან, ასევე სეროლოგიური რეაქციები.
მკურნალობა. ინიშნება ანტიბიოტიკები; ტარდება სიმპტომატური თერაპია. აბდომინური ფორმის დროს აუცილებელია ქირურგის კონსულტაცია.
პროგნოზი. შრომისუნარიანობა აღდგება 2-4 კვირის შემდეგ. პროფილაქტიკა. დერატიზაცია, პროდუქტების დაცვა მღრღნელებისაგან, ბოსტნეულის გამოყენება თერმული დამუშავების შემდეგ.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1056 times by 484 viewers



