ტოქსიკომანია, ნარკომანია

ტოქსიკომანიები და ნარკომანიები toxicomania, narcomania

ტოქსიკომანია, ნარკომანია სხვადასხვა გამაბრუებელი ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეული დაავადებები; ვლინდება ამ ნივთიერებების მუდმივი მოთხოვნილებით, ფსიქიკური, სომატური და ნევროლოგიური დარღვევებით, შრომისუნარიაობის დაქვეითებით, სოციალური კავშირების მოშლით, პიროვნების დეგრადაციით.

გამოყოფენ ტოქსიკომანიების მრავალრიცხოვან ფორმებს. მაღალი კრიმინოგენულობის გამო განსაკუთრებულ სოციალურ კონტროლს ექვემდებარება ნარკომანია. ნარკოტიკებს მიეკუთვნება ოპიუმი, რიგი სინთეზური ანალგეტიკები, ჰაშიში (ანაშა), სტიმულატრები, მათ შორის ეფედრინი.

ტოქსიკომანია, ნარკომანია – სიმპტომები, მიმდინარეობა

ტოქსიკომანიებისათვის ტიპიურია ე. წ. დიდი ნარკომანული სინდრომი. მასში შედის კონკრეტული ნივთიერების მიმართ შეცვლილი რეაქტიულობის სინდრომი; კონკრეტულ ნივთიერებაზე ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი; ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგები.

შეცვლილი რეაქტიულობის სინდრომი

შეჩვევის მაჩვენებელი – ვლინდება ნივთიერების ბიოტრანსფორმაციის ცვლილებებითა და ინტოქსიკაციაზე ფიზიოლოგიური სისტემების დამახინჯებული პასუხით. ნივთიერების მიღება ადრინდელი დოზებით სასურველ ეფექტს ვეღარ ახდენს, მისი მოქმედება ხანმოკლეა, დოზის გადაჭარბების დროს დამცველობითი რეაქციები არ წარმოიქმნება. ამტანობის ზრდა ვლინდება მაღალი ერთჯერადი და დღიური დოზების მიღების, ყოველდღიური ინტოქსიკაციის გადატანის უნარით, პოსტინტოქსიკაციური დარღვევების გაქრობით. იცვლება გამაბრუებელი ნივთიერების მოქმედება: სედაციური იწვევს აქტივაციას, სტიმულაციური იწვევს აფორიაქებას, პარანოიდულ გუნებ – განწყობას.

ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი

ნიშნავს, რომ ავადმყოფის ფსიქიკურ მდგომარეობას განსაზღვრავს მის ორგანიზმში გამაბრუებელი ნივთიერების არარსებობა ან არსებობა. მისი არარსებობა იწვევს გაღიზიანებადობას, კონფლიქტურობას, მოუსვენრობას, ყურადღების გაფანტულობას; ავადმყოფის აზრები დაკავებულია მხოლოდ იმით, თუ როგორ მიიღოს გამაბრუებელი საშუალება და ის, ვინც ეწინააღმდეგება მიზნის მიღწევაში, იწვევს სიძულვილს, ხოლო ის, ვინც ამაში ხელს უწყობს – სიმპათიას.

ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომის დროს დაავადებაში ჩართულია ორგანიზმის ყველა სისტემები – წარმოიქმნება ახალი, ნარკომანული ჰომეოსტაზი. გაბრუების გარეშე წარმოიქმნება აბსტინენციური მდგომარეობა: მოდუნება, კუნთოვანი, გულ – სისხლძარღვთა ტონუსის დაცემა, ფიზიკური სამუშაოს შესრულების შეუძლებლობა. გაბრუებისადმი ლტოლვა მკაფიოდაა გამოხატული და აქვს გარეგანი ნიშნები – მიდრიაზი, სიფერმკრთალე, ტრემორი, მოუსვენრობა. გამაბრუებელი ნივთიერების არარსებობა იწვევს მწვავე დისფუნქციურ მდგომარეობას, რომელიც გამოიხატება სომატურ-ნევროლოგიური აგზნებით, დისფორიით. აბსტინენციის მდგომარეობაში ავადმყოფები საშიშნი არიან როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფთათვის (თვითმკვლელობა, აგრესია, დანაშაული). ტოქსიკამანიების დროს სიცოცხლისუნარიანობა შენარჩუნებულია გაკვეულ დონეზე მხოლოდ გამაბრუებელი საშუალებების მუდმივი მიღებისას. საჭირო დოზის რეგულარულად მიღების დროს ავადმყოფის მდგომარეობა ნორმალურია, მაგრამ მხოლოდ აბსტინენციურ სინდრომთან შედარებით. ტოქსიკომანს ფსიქიკურად და ფიზიკურად არ შეუძლია შეასრულოს პროდუქტიული საქმიანობა, დაამყაროს გონიერი კონტაქტები გარშემომყოფებთან.

ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგების სინდრომის დროს განუხრელად ვითარდება ფსიქიკურ-ფიზიკური, ენერგეტიკული გამოფიტვა. ფსიქიკური ცვლილებები ვითარდება ასთენიური სინდრომიდან და ნევროზული მდგომარეობებიდან აპათიურ-აბულიურ სინდრომამდე და ორგანული ხასიათის უხეშ დემენციამდე. ხდება პიროვნების ფსიქოპათიზაცია, რომელიც ძლიერდება ტოქსიკომანის სოციალური კონფლიქტით. ნარკოტიკების მოქმედებით გამოწვეული სომატურ-ნევროლოგიური ცვლილებები, ტოქსიკომანიის ყველა ფორმის დროს არ არიან საკმარისად სპეციფიკურნი. ტოქსიკომანიის სხვადასხვა ფორმების დროს სიმპტომები სხვადასხვაა. სწრაფად ფორმირებული ტოქსიკური ენცეფალოპათია და ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება ითრევს სხვა პარენქიმული ორგანოების დაზიანებას. ამ ნივთიერებების ბოროტად გამოყენება ხშირად იწვევს სიკვდილს დაავადების ადრეულ ეტაპებზე: დაბინდული გონების ფონზე მცირდება კონტროლი და უმართავი ლტოლვა იწვევს დოზის გადაჭარბებას. დიდი ნარკომანული სიდრომის თანამიმდევრული განვითარება განსაზღვრავს ტოქსიკომანიის სტადიას: 1 სტადია – შეცვლილი რეაქტიულობის სინდრომი და ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი; მეორე სტადია – ამ სინდრომების თვისებრივი ცვლილება და ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; მესამე სტადია – ყველა სამი სინდრომის შემდგომი თვისებრივი ცვლილება. დაავადების მიმდინარეობასთან ერთად გაბრუებისას აქტივაციის სიმპტომატიკა ქრება, როგორც შედეგი ფსიქიკურ-ფიზიკური გამოფიტვისა. აბსტინენციური სინდრომი წარმოდგენილია ანერგიული მდგომარეობით, დეპრესიით, უძრაობით, რეალურია კოლაფსის განვითარების საშიშროება. . ცალკეული სინდრომების გამოხატულება სხვადასხვაა ტოქსიკომანიის სხვადასხვა ფორმების დროს.

ტოქსიკომანია, ნარკომანია – დიაგნოზი

ადგენს ნარკოლოგი. ტოქსიკომანები ექიმებს მიმართავენ ნარკოტიკული ნივთიერების რეცეპტის მიღების მიზნით; უჩივიან ნერვიულობას, უძილობას, რადიკულიტსა და სხვა დარღვევებს, მოითხოვენ სედატიური, საძილე საშუალებების, ანალგეტიკების, სპაზმოლიტიკების დანიშვნას. იძახებენ სასწრაფი დახმარებას, ახასიათებთ სიმულაციები. ტოქსიკომანიაზე ეჭვის მიტანა ხდება შემდეგი ნიშნებით: გაბრუება, რომლის შეფასებაში საჭიროა ყურადღება მიექცეს ამაღლებულ გუნებ – განწყობას, გონების დაბინდულობასა და ვეგეტატიურ სიმპტომატიკას. ექიმთან პაციენტის კონტაქტი ყოველთვის არაადეკვატურია: საუბრისას ჭარბი ინიციატივა, დისტანციის გრძნობის არქონა, არასერიოზულობა და სხვ. გონება ან დაბინდულია ან შეზღუდულია; ეს უკანასკნელი დამახასიათებელია ოპიოიდური გაბრუებისათვის. ვეგეტატიური სიმპტომატიკა დამოკიდებულია ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, მის დოზებსა და გაბრუების ეტაპზე; შესაძლებელია გამოვლინდეს სიმპათიკური ან პარასიმპათიკური ირიტაციის სიჭარბით. განსაკუთრებით საყურადღებოა გუგების სიდიდე, ლატერალური ნისტაგმი, მზერის ფიქსაცია, ფერადი გარსის სიმკვეთრე, ზედაპირული ქსოვილების სისხლსავსეობა, კუნთოვანი ტონუსი, ტრემორი, არტერიული წნევისა და გულის შეკუმშვათა სიხშირე. დამახასიათებელია გაბრუების სწრაფი დინამიკა; ყურადღება ექცევა ინტრავენური ინექციების ნაკვალევებს; გამოცდილი პაციენტები ერიდებიან ნარკოტიკის შეყვანას კუბიტალურ ვენაში, იყენებენ ნაკლებად ცნობილ სისხლძარღვებს. ინტრავენური შეყვანა ძალიან იწვევს ვენების სკლეროზს, ყოველთვის არ მიმდინარეობს ფლებიტით. ვენები საკმაოდ მკვრივია შეხებისას, კანი მათ ზევით პიგმენტირებულია. ოპიომანებისათვის, ჰაშიშისტებისათვის დამახასიათებელია კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე სუბიქტერულობით, სიგახდრე; ისინი, ვინც ბოროტად იყენებს საძილე საშუალებებს, სედატიურ პრეპარტებს, საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებებს აღენიშნებათ სიფერმკრთალე მორუხო ელფერით, პასტოზურობა, ჩირქოვანი გამონაყარი. სინთეზური ანალგეტიკების გამოყენებისას კანი ღებულობს ,,,რძიანი ყავის” შეფერვას; დამახასიათებელია ინტერსტიციული ნეფრიტი. საძილე საშუალებების ბოროტად გამოყენებისას, განსაკუთრებით ბარბიტურატების, ენის ზურგზე წარმოიქნება მოყავისფერო ნადები, რომელიც ძნელად იხსნება, ეფედრინის ბოროტად გამოყენებისას – ენა ჟოლოსებრია, მბზინავი, ავადმყოფს აღენიშნება სწრაფი მოძრაობები, ცალკეულ კუნთთა კრთომები. პირები, რომლებიც ბოროტად იყენებენ საძილე და დასამშვიდებელ საშუალებებს მკვეთრად გამოირჩევიან რეაქციების, მოძრაობების, მეტყველების შენელებით. ნარკოტიკულად მოქმედი ნვთიერებების ბოროტად გამოყენებისას დამახასიათებელია გუნებ – განწყობის ცვალებადობა გაბოროტების, დესოციალიზაციის შეტევებით.

ტოქსიკომანია, ნარკომანია – მკურნალობა

ტარდება მხოლოდ სპაციალიზირებულ სტაციონარში. ყველა მწვავე მდგომარეობა მოითხოვს გულ – სისხლძარღვთა სისტემაზე კონტროლს; მწვავე ფსიქოზების დროს ინიშნება სედატიური პრეპარატები . დეტოქსიკაციის დანიშვნას წინ უძღვის გულ – სისხლძარღვთა საშუალებების დანიშვნა.

ფსიქიკური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.