სიმპტომური ფსიქოზები

სიმპტომური ფსიქოზები symptomatic psychosis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

სიმპტომური ფსიქოზები ფსიქიკური დარღვევები, რომლებიც წარმოიქმნებიან სხვადასხვა სომატური, ინფექციური და სხვა დაავადებების დროს.  მწვავე სიმპტომური ფსიქოზები მიმდინარეობენ გონების დაბინდვით; პროტრაგირებული (შუალედური) ფორმები ვლინდებიან ფსიქოპათიურის მსგავსი დეპრესიულ – პარანოიდული, ჰალუცინაციურ – პარანოიდული მდგომარეობების, ასევე მყარი ფსიქოორგანული სინდრომის სახით.

სიმპტომური ფსიქოზები პათოგენეზი. მწვავე სიმპტომური ფსიქოზები მანიფესტირდებიან ინტენსიური, მაგრამ ხანმოკლე მოქმედების მავნე ფაქტორის ზემოქმედებით; გახანგრძლივებული ფსიქოზების წარმოქმნაში გარკვეულ როლს ასრულებს ტვინის ადრე გადატანილი დაზიანებები (ტრავმები, ინტოქსიკაციები და სხვ.). ფსიქიკური დარღვევების თავისებურებები გარკვეულწილად დამოკიდებულია სომატურ დაავადებაზე, რომელმაც გამოიწვია ფსიქოზი. მწვავედ განვითარებულ გულის უკმარისობას შესაძლოა თან ახლდეს დამუხრუჭება, ამენცია; გულის ქრონიკული უკმარისობის დროს აღინიშნება მოთენთილობა, ადინამია, უინიციატივობა, ამასთან დეკომპენსაციის ზრდასთან ერთად მატულობს აფორიაქება, დათრგუნვა; შესაძლებელია ჰიპნოზური ჰალუცინაციები, დელირიუმი. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ხშირად აღინიშნება სიკვდილის შიში, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სჭარბობს ამაღლებული გუნებ – განწყობა, ეიფორია. მდგომარეობის გაუარესება შესაძლებელია მიმდინარეობდეს ცნობიერების დარღვევის ნიშნებით (დელირიუმი, ამენცია). გაუმჯობესების სტადიაში ზოგჯერ ფორმირდება გახანგრძლვებული იპოქონდრიული მდგომარეობები, რომელიც ვლინდება ეჭვიანობით, ეგოცენტრიზმით, ავადმყოფურ შეგრძნებებზე მყარი ფიქსაციით. სისხლძარღვოვანი გენეზის ფსიქიკური დარღვევების ინიციალური სტადია ხშირად ვლინდება ნევროზული ნიშნებით (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, მომატებული გადაღლილობა, გუნებ – განწყობის ლაბილობა). შედარებით პროგრედიენტულ მიმდინარეობას თან ახლავს ფსიქიკური აქტიურობის დაქვეითება, მეხსიერების შესუსტება და დემენცია. მწვავე სისხლძარღვოვანი ფსიქოზები ხშირად ტრანზიტორულია და მიმდინარეობენ გონების დაბინდვით. ამასთან ერთად, შესაძლებელია წარმოიქმნას ეპილეპტოფორმული პაროქსიზმები, ვერბალური ჰალუცინოზის მოვლენები. ავთვისებიანი სიმსივნეების დროს ტერმინალურ სტადიაში, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში ვითარდება მწვავე ფსიქოზური შეტევები, რომელიც როგორც წესი, ხანმოკლეა და მიმდინარეობენ გონების დაბინდვით (დელირიოზული, დელირიულ – ამნეზური მდგომარეობები); აღინიშნება აგრეთვე დეპრესიული და დეპრესიულ – პარანოიდული მდგომარეობები. თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (ურემიის მოვლენებით) რთულდება დელირიოზული, დელირიოზულ – ონეიროიდული ან დელირიოზულ – ამნეზიური დარღვევებით. ამასთან ერთად, შესაძლებელია წარმოიქმნას ეპილეპტოფორმული გულყრები. ღვიძლის დაავადების დროს (ჰეპატიტი) აღინიშნება წაშლილი დეპრესიები აპათიით, დაღლილობით, გაღიზიანებადობით. ღვიძლის დისტროფიას თან ახლავს გონების დაბინდვა, დელირიუმი. ვიტამინური უკმარისობის დროს ხშირია ასთენიური, დეპრესიული, აპათიური მდგომარეობები, ასევე გონების დელირიული და ამნეზიური დარღვევები; შორს წასულ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს კორსაკოვსკის სინდრომი, ჭკუასუსტობა. მწვავე გრიპოზული ფსიქოზები მიმდინარეობენ დელირიული დარღვევებითა და ეპილეპტოფორმული აგზნებით.

პროტრაგირებული ფსიქოზების კლინიკური სურათი ვლინდება დეპრესიით, ასთენიითა და მტირალობით. ტუბერკულოზით დაავადებულებში არაიშვიათია ამღლებული გუნებ – განწყობა; გვხვდება აგრეთვე გაღიზიანებითა და მტირალობით მიმდინარე ასთენიური მდგომარეობები. რევმატიზმის მწვავე სტადიაში დელირიოზულ მდგომარეობებთან ერთად შესაძლებელია განვითარდეს ფსიქოსენსორული დარღვევების ხანმოკლე შეტევები, დეპერსონალიზაციისა და დერეალიზაციის მოვლენებთან ერთად. პროტრაგირებული რევმატიული ფსიქოზების დროს აღინიშნება მანიაკალური, დეპრესიული და დეპრესიულ – პარანოიდული სურათი. ენდოკრინოპათიები საწყის სტადიებზე ხასიათდებიან ენდოკრინული ფსიქოსინდრომის გამოვლინებით, რომელთათვისაც განსაკუთრებით დამახასიათებელია წყურვილი, სიცივისა და სითბოსადმი მგრძნობელობის ცვლილება, ძილისადმი მოთხოვნილების გაზდა ან შესუსტება და სხვ. ამასთანავე აღინიშნება ზოგადი ფსიქიკური აქტიურობისა და ხასიათის ცვლილებები (ჰიპომანიაკალური, დეპრესიული, შერეული მდგომარეობის, მიმდინარე მომატებული აგზნებით, ნევროზულობით, შიშებით, დისფორიით). ენდოკრინული ფსიქოსინდრომის კლინიკური სურათს განსაზღვრავს ჰორმონული დარღვევების ხასიათი.  ჰიპოპიტუიტარიზმის დროს განსაკუთრებით ხშირია ფიზიკური სისუსტე და ადინამია; აკრომეგალიიის დროს – აპათია, ზოგჯერ შერწყმული ეიფორულ განწყობილებასთან; ჰიპოთირეოზი/”>ჰიპოთირეოზის დროს – ყველა ფსიქიკური პროცესის შენელება, აპათიურ – დეპრესიული მდგომარეობები, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება; ჰიპერთირეოზის დროს – მომატებული აგზნებადობა, უძილობა, გუნებ – განწყობის ლაბილობა. ძირითადი დაავადების დამძიმებისას შესაძლებელია გონების დაბინდვა, ასევე ეპილეპტოფორმული გულყრების განვითარება. ამასთან ერთად, აღინიშნება გახანგრძლივებული ფსიქოზები, აფექტური და შიზოფრენიული სიმპტომატიკის სიჭარბით. მშობიარობის შემდგომი პერიოდის ფსიქოზები ხშირად მიმდინარეობენ ამნეზიური, კატატონური აფექტური დარღვევებით.

სიმპტომური ფსიქოზების დროს აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება სომატური დაავადებით პროვოცირებულ   ენდოგენურ დაავადებებთან. დიაგნოზის დაზუსტებაში გვეხმარება დაავადების განვითარების პროცესში გონების არევის თუნდაც ხანმოკლე ეპიზოდის არსებობა, გამოხატული ასთენური დარღვევები, ასევე ფსიქიკური დარღვევების შერწყმა ნევროლოგიურ და სომატურ სიმპტომატიკასთან. მწვავე სიმპტომური ფსიქოზები საჭიროა გაიმიჯნოს სხვა ეტიოლოგიის ეგზოგენური ფსიქოზებისაგან (ინტოქსიკაციები, ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაიზანებები).

სიმპტომური ფსიქოზები მკურნალობა. სომატური პათოლოგიით განპირობებული ფსიქიკური დარღვევების კუპირება მჭიდროდაა დაკავშირებული ძირითადი დაავადების მიმდინარეობასთან. მედიკამენტოზური თერაპიის ჩატარებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ფსიქოფარმაკოლოგიური პრეპარატების ჰიპოტენზიული ეფექტი და სხვა გვერდითი მოვლენები, ასევე ბარბიტურატების, მორფინისა და ალკოჰოლის პოტენციური მოქმედებები. მწვავე სიმპტომატური ფსიქოზების მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისას აუცილებელია გათვლისწინებულ იქნას მათი ხანმოკლეობა და შექცევადობა. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია მკურნალობის ჩატარება სტაციონარის პირობებში (ფსიქოსომატური განყოფილება).

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ფსიქიკური დაავადებები