ლალი დათეშიძე
სირინგომიელია – ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ღრუების წარმოქმნით ზურგისა და მოგრძო ტვინში, ტკივილისა და ტემპერატურული მგრძნობელობის ვრცელი ზონების გამოთიშვით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. მიზეზები ცნობილი არ არის. გლიური ქსოვილის ზრდის პროცესი მისი შემდგომი დაშლით და ღრუების წარმოქმნით ლოკალიზდება უპირატესად ზურგის ტვინის კისრის გამსხვილების უკანა რქებში და ვრცელდება ტვინის ღეროზე.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია ტკივილისა და ტემპერატურული მგრძნობელობის მოშლა კანის ვრცელ უბნებზე, ხშირად ხელებსა და ტანზე, რაც განაპირობებს მრავალრიცხოვან უმტკივნეულო დამწვრობებსა და ტრავმებს. აღინიშნება მტევნების ატროფია რეფლექსების გაქრობით, შერწყმული ფეხების სპასტიკურ პარეზთან და გორნერის სინდრომთან (პტოზი, მიოზი, ანჰიდროზი). აღწერილი სიმპტომატიკა დამახასიათებელია დაავადების ყველაზე უფრო ხშირი – კისრის ფორმისათვის. პროცესის გავრცელებისას ტვინის ღეროზე (სირინგობულბია) ვლინდება ნისტაგმი, ბულბური დარღვევები (ყლაპვის, მეტყველების მოშლა) და სახის გარეთა ნაწილებში დისოცირებული ანესთეზიის ზონები. იშვიათად მგრძნობელობის დარღვევები და ატროფიები წარმოიქმნება ტანის ქვედა ნაწილებსა და ფეხებში. განსაკუთრებით გამოხატულია ტროფიკული დარღვევები – კანის გასქელება და ციანოზი მტევნებზე, უმტკივნეული პანარიციუმი. ზოგჯერ წარმოიქმნება უხეში ართროპათიები (ხშირად იდაყვისა და მხრის სახსრის) სახსრის განლეული ძვლოვანი ელემენტებითა და მათი სეკვესტრაციით: სახსარი მკვეთრად გადიდებულია მოცულობაში, მოძრაობა უმტკივნეულოა მაგრამ თან ახლავს თავისებური ხმა, ძვლოვანი ელემენტების ერთმანეთზე ხახუნის გამო (შარკოს ნეიროდისტროფიული სახსარი). პირამიდული კონების დაზიანება ზოგიერთ შემთხვევაში გარდა ქვედა პარაპარეზისა, იწვევს შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევას. როგორც წესი, სირინგომიელიას თან ახლავს განვითარების ანომალიები: კიფოსკოლიოზი, გრძელი ხელები, პოლიმასტია და სხვ. დაავადება ვლინდება გვიანდელ ბავშვობაში და გრძელდება მრავალი წლის განმავლობაში. პროგრესირებს ძალიან ნელა, ამიტომ ავადმყოფებს იშვიათად ემუქრებათ სრული უძრაობა. ცერებრულ-სპინური სითხე შეცვლილი არ არის.
მკურნალობა. თუკი მიელოგრაფიის დროს ვლინდება ქსელქვეშა სივრცის ბლოკადა, მაშინ ნაჩვენებია ცისტის ქირურგიული გათავისუფლება. უმრავლეს შემთხვევაში მკურნალობა შემოიფარგლება მასაჟითა და სამკურნალო ფიზკულტურით, რეკომენდებულია ავადმყოფის დაცვა კანის საფარველის დაზიანებისაგან.
პროგნოზი. დაავადება ნელა პროგრესირებს, თუმცა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას არ ახდენს. შორს წასულ შემთხვევებში გარკვეულ საფრთხეს ქმნის უროლოგიური ინფექცია. სირინგობულბიის დროს შესაძლებელია სუნთქვის დარღვევები სტრიდორის გამო, რაც გამოწვეულია ხორხის დამბლით.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1550 times by 674 viewers



