სამშობიარო მოქმედების ანომალიები

სამშობიარო მოქმედების ანომალიები მათ ძირითად სახეებს მიეკუთვნება: სამშობიარო მოქმედების სისუსტე, გადაჭარბებული სამშობიარო მოქმედება, დისკოორდინირებული სამშობიარო მოქმედება.

სამშობიარო მოქმედების სისუსტე ხასიათდება მიომეტრიუმის შეკუმშვის ძალისა და ხანგრძლივობის უკმარისობით, ჭინთვებს შორის პაუზების გადიდებით. განასხვავებენ პირველად და მეორად სისუსტეს.პირველადი სისუსტე ვითარდება სამშობიარო აქტის დასაწყისში და შესაძლებელია გაგრძელდეს მშობიარობის როგორც მე-2, ასევე მე-3 პერიოდში. მეორადი სისუსტე ვითარდება ნორმალური ჭინთვების ფონზე, მშობიარობის პირველ ან მეორე პერიოდში.

სამშობირო მოქმედების პირველადი სისუსტის მიზეზებია: ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის გადაძაბვა, ენდოკრინოპათიები, მენსტრუალური ციკლის მოშლილობები, ინფანტილიზმი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, საშვილოსნოს განვითარების მანკები, სასქესო ორგანოებში მიმდინარე ანთებითი პროცესები, საშვილოსნოს გადაძაბვა (წყალუხვობა, მრავალნაყოფიანობა, დიდი ნაყოფი) და სხვ. პირველადი სისუსტის განვითარებას ხელს უწყობს მშობიარობამდელი წყლების დაღვრა. მეორადი სისუსტის მიზეზები, გარდა ზემოთ აღწერილისა, არის მშობიარის გადაღლა მშობიარობის დროს, კლინიკურად ვიწრო მენჯი, ნაყოფის განივად მდებარეობა, საშვილოსნოს ყელის რიგიდულობა, მშობიარობის მასტიმულირებელი პრეპარატების უსისტემო დანიშვნა.


♥  ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


სამშობიარო მოქმედების სისუსტე – სიმპტომები, მიმდინარეობა

სამშობიარო მოქმედების სისუსტე ვლინდება ჭინთვების შემოკლებითა და მათ შორის პაუზების გადიდებით. ეს იწვევს მშობიარობის გახანგძლივებას, ნაყოფის ჰიპოქსიას, აღმავალი ინფექციის განვითარებას, (ქორიოამნიონიტი), სისხლდენას მშობიარობის შემდგომ და ადრეული მშობიარობის შემდგომ პერიოდებში და მშობიარობის შემდგომი დაავადებების განვითარებას.

დიაგნოზის დადგენა ხდება დინამიკური დაკვირვების საფუძველზე – სუსტი, ხანმოკლე ჭინთვები, მათ შორის ხანგრძლივი პაუზები, საშვილოსნოს ყელის დაგვიანებული გახსნა; კვლევის დამატებითი მეთოდებია გარეთა ჰისტეროგრაფია და სხვ.

გადაჭარბებული სამშობიარო მოქმედება

განპირობებულია საშვილოსნოს ჰიპერტონუსით და კლინიკურად გამოიხატება ძალიან ხშირი ჭინთვებით, მათ შორის ინტერვალების შემოკლებით. მშობიარობა მთავრდება საკმაოდ სწრაფად (ელვისებურად), ამასთან ვითარდება საშვილოსნო-პლაცენტის სისხლმიმოქცევის დარღვევები და ნაყოფის ჰიპოქსია. ხშირად ბავშვი იბადება ქალაშიდა სამშობიარო ტრავმის მოვლენებით.

დისკოორდინირებული სამშობიარო მოქმედება

ხასიათდება საშვილოსნოს ნაწილების უსისტემო შეკუმშვებით (ფსკერისა და ქვედა სეგმენტის). ჭინთვები რეგულარულია, მაგრამ ძალიან მტკივნეული და არაეფექტურია; საშვილოსნოს ყელის გახსნა შენელებულია, მიუხედავად რიგიდულობის არარსებობისა. ნაყოფის წინმდებარე ნაწილის წინსვლა არ ხდება, ირღვევა შარდზე გასვლა, თუმცა შარდის ბუშტზე ზეწოლის ნიშნები არ აღინიშნება. ხშირად ვითარდება ნაყოფის მუცელშიგა ჰიპოქსია, საშვილოსნო-პლაცენტის სისხლმიმოქცევის დარღვევის შედეგად.

სამშობიარო მოქმედების ანომალიების მკურნალობა განისაზღვრება ქალის მდგომარეობით. გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.