ეპილეფსია

ეპილეფსია  
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

ეპილეფსია – ქრონიკული ნერვულ-ფსიქიკური დაავადება, რომელიც ხასიათდება განმეორებითი გულყრებით და მიმდინარეობს სხვადასხვა კლინიკური და პარაკლინიკური სიმპტომებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ეპილეფსიის განვითარებაში გარკვეულ როლს ასულებს წინასწარგანწყობა და ტვინის ორგანული დაზიანება (ნაყოფის მუცელშიგა განვითარების დარღვევა, სამშობიარო ასფიქსია, მექანიკური დაზიანებები მშობიარობის დროს, ინფექციები, ქალა-ტვინის ტრავმა და სხვ.).
ამასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია ეპილეფსიის დაყოფა – ,,გენუინურ” (მემკვიდრეობით განპირობებულ) და ,,სიმპტომურ” (ტვინის ორგანული დაზიანების შედეგი) ეპილეფსიებად.
ეპილეფსური გულყრა განპირობებულია ნეირონული განმუხტვების გავრცელებით ეპილეფსური აქტიურობის კერიდან მთლიანად ტვინზე (გენერალიზებული გულყრა) ან მის ნაწილზე (პარციალური გულყრა).
ეპილეფსიური კერა შესაძლებელია წარმოიქმნას ხანმოკლე პერიოდით ტვინის მწვავე დაავადებების დროს, მაგალითად ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევების, მენინგიტების დროს, რასაც თან ახლავს ე. წ. შემთხვევითი ეპილეფსიური გულყრები.
ტვინის ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების დროს (სიმსივნეები, პარაზიტული დაავადებები და სხვ.) ეპილეფსური კერა შედარებით მყარია და იწვევს განმეორებითი გულყრების გაჩენას (ეპილეფსური სინდრომი).
პათოგენეზის მნიშვნელოვანი რგოლია სტრუქტურების ფუნქციონალური აქტიურობის შესუსტება, რომლებიც ახდენენ ანტიეპილეფსურ გავლენას (ტვინის ხიდის რეტიკულური ბირთვი, კუდიანი ბირთვი, ნათხემი და სხვ.), რაც იწვევს ეპილეფსური აგზნების პერიოდულ ,,გარღვევას”, ანუ ეპილეფსურ გულყრას.
ეპილეფსიური დაზიანებები განსაკუთრებით ხშირად წარმოიქმნებიან საფეთქლის წილის მედიალურ-ბაზალურ ნაწილებში (საფეთქლისმიერი ეპილეფსია).

სიმპტომები, მიმდინარეობა

გენერალიზებული გულყრები 

გენერალიზებული გულყრები მიმდინარეობენ გონების დაკარგვით, ვეგეტატიური სიმპტომებით (მიდრიაზი, სახის გაწითლება ან გაფერკრთალება, ტაქიკარდია და სხვ.), რიგ შემთხვევებში კრუნჩხვებით.
კრუნჩხვითი გენერალიზებული გულყრა ვლინდება ზოგადი ტონურ-კლონური კრუნჩხვებით (დიდი გულყრა, grand mal), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ კლონური ან მხოლოდ ტონური კრუნჩხვების წარმოქმნა.
გულყრის პერიოდში ავადმყოფი ეცემა და ზოგჯერ ღებულობს მნიშვნელოვან დაზიანებებს, ხშირად აღენიშნება ენის მოკვნეტა, უნებლიე მოშარდვა. გულყრა მთავრდება ე. წ. ეპილეფსური კომით, მაგრამ შესაძლებელია აღინიშნებოდეს ასევე ეპილეფსიური აგზნება გონების დაბინდვით.
კრუნჩხვის გარეშე მიმდინარე გენერალიზებული გულყრა (მცირე გულყრა, petit mal, ანუ აბსანსი) ხასიათდება გონების გამოთიშვით და ვეგეტატიური დარღვევებით (მარტივი აბსანსი) ან ამ სიმპტომების შერწყმით მსუბუქ, უნებლიე მოძრაობებთან (რთული აბსანსი).
ავადმყოფები ხანმოკლე პერიოდში წყვეტენ სამუშაოებს, ხოლოდ შეტევის შემდეგ განაგრძობენ მათ, ამასთან გულყრა აღარ ახსოვთ. იშვიათად გულყრის პერიოდში ხდება პოსტურალური ტონუსის დაკარგვა და ავადმყოფი ეცემა (ატონიური აბსანსი).

პარციალური ეპილეფსიური გულყრა

პარციალური ეპილეფსიური გულყრის დროს სიმპტომატიკა შესაძლებელია იყოს ელემენტარული, მაგალითად, კეროვანი კლონური კრუნჩხვები – ჯექსონის გულყრა, თავისა და თვალების გვერდზე მიბრუნება – ადვერსიული გულყრა და სხვ.,
ან რთული – მეხსიერების, აკვიატებული აზრების პაროქსიზმული დარღვევები, ფსიქომოტორული გულყრა – ავტომატიზმი, ფსიქოსენსორული გულყრა – აღქმის რთული დარღვევები.
უკანასკნელ შემთხვევებში ადგილი აქვს ჰალუცინაციურ ფენომენს, დეპერსონალიზაციისა და დერეალიზაციის მოვლენებს – ,,უკვე ნანახის”, ,,არასოდეს ნანახის”, მდგომარეობებს, გარე სამყაროს, საკუთარი სხეულის გაუცხოების შეგრძნებსა და სხვ.
ნებისმიერი პარციალური გულყრა შესაძლებელია გადავიდეს გენერალიზებულში (მეორადად გენერალიზებული გულყრა).

მეორადად გენერალიზებული გულყრა

მეორადად გენერალიზებულ გულყრას მიეკუთვნება ასევე გულყრები, რომლებსაც წინ უძღვით აურა – მოტორული, სენსორული, ვეგეტატიური ან ფსიქიკური ფენომენები, რომლებიდანაც იწყება გულყრა და რომელიც ავადმყოფს ახსოვს.
ეპილეფსიის მიმდინარეობა მნიშვნელოვანი ხარისხით დამოკიდებულია მის ფორმაზე. მაგალითად, ბავშვებში არსებობს ეპილეფსიის აბსოლუტურად ხელსაყრელი (როლანდის ეპილეფსია, პიკნოეპილეფსია) და არახელსაყრელი (ბავშვთა სპაზმი, ლენოქს-გასტოს სინდრომი) ფორმები.
მოზრდილებში ეპილეფსიის მიმდინარეობა მკურნალობის გარეშე უმრავლეს შემთხვევაში პროგრედიენტულია, რაც ვლინდება გულყრების თანდათანობითი გახშირებით, სხვა ტიპის პაროქსიზმების წარმოქმნით (პოლიმორფიზმი), ღამის გულყრებთან დღის გულყრების თანდართვით, გულყრების სერიების ან ეპილეფსიური სტატუსის განვითარებისადმი მიდრეკილებით.
პიროვნების დამახასიათებელი ცვლილებებით სტერეოტიპულობისა და პათოლოგიური აზროვნების სახით, აფექტურობის შერწყმით ექსპლოზიურობასთან, ეგოცენტრიზმთან, იმ საბოლოო მდგომარეობის განვითარებამდე, რომელიც განისაზღვრება როგორც ეპილეფსიური ჭკუასუსტობა.

დიაგნოსტიკა 

კვლევის დამატებითი მეთოდებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეეგ-ს. ეპილეფსიის დიაგნოსტიკა ეყრდნობა ისეთ მონაცემებს, როგორიცაა გულყრების მოულოდნელობა, მათი ხანმოკლეობა (წამები, წუთები), გონების ღრმა გამოთიშვა და გუგების გაფართოება გენერალიზებული გულყრის დროს, დეპერსონალიზაციისა და დერეალიზაციის მოვლენები პარციალური გულყრების დროს. ეეგ-ზე ტიპიური ცვლილებები ადასტურებენ გულყრების ეპილეფსიურ ხასიათს.
მნიშვნელოვანია ანამნეზური მონაცემები – დაავადება, როგორც წესი, წარმოიქმნება ბავშვობის, მოზარდთა ასაკში და ახალგაზრდობაში;
ხშირია მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა, დამძიმებული სამეანო ანამნეზი, გადატანილი ნეიროინფექციები და ქალა-ტვინის ტრავმები, პაროქსიზმული მდგომარეობები 3 წლამდე ასაკში.

მკურნალობა

ხანგრძლივი და უწყვეტია. მედიკამენტების შერჩევა და მათი დოზირება ინდივიდუალურია. ეპილეფსიის დროს შესაძლებელია წარმოიქმნას ეპილეფსური სტატუსი (გულყრების სერია, ხშირად დიდი კრუნჩხვითი) და მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა.
ეპილეფსური სტატუსის დროს აუცილებელია პირის ღრუდან უცხო სხეულების გამოღება,  ავადმყოფი გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში;
აუცილებელია მეტაბოლური დარღვევების კორექცია.

პროფილაქტიკა 

პროფილაქტიკა ითვალისწინებს ბავშვების ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრევენციულ  მკურნალობას, რომლებმაც გადაიტანეს ტვინის პერინატალური დაზიანება,  ასევე იმ პირების მკურნალობას, რომლებმაც გადაიტანეს ქალა-ტვინის ტრავმა.

ეპილეფსიალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან  

🧠 ეპილეფსია – ქრონიკული ნერვულ-ფსიქიკური დაავადება, რომელიც ხასიათდება განმეორებითი გულყრებით და მიმდინარეობს სხვადასხვა კლინიკური და პარაკლინიკური სიმპტომებით
🔴 ეპილეფსური გულყრა განპირობებულია ნეირონული განმუხტვების გავრცელებით ეპილეფსური აქტიურობის კერიდან მთლიანად ტვინზე (გენერალიზებული გულყრა) ან მის ნაწილზე (პარციალური გულყრა)
🔗 გენერალიზებული გულყრებისთვის დამახასიათებელია:
➡️ გონების დაკარგვა;
➡️ სახის გაწითლება ან გაფერკრთალება;
➡️ ტაქიკარდია;
➡️ კრუნჩხვებით
❗️ გულყრა მთავრდება ე. წ. ეპილეფსური კომით, მაგრამ შესაძლებელია აღინიშნებოდეს ასევე ეპილეფსიური აგზნება გონების დაბინდვით
💊 ეპილეფსიის მკურნალობა ხანგრძლივი და უწყვეტია. მედიკამენტების შერჩევა და მათი დოზირება ინდივიდუალურია
👉 გაიგეთ მეტი ეპილეფსიის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3N0jdO5
#ეპილეფსია #ეპილეფსიურიგულყრები #ეპილეფსიისსიმპტომები #ეპილეფსიისგამომწვევიმიზეზები #ეპილეფსიისმკურნალობა #ეპილეფსიისპროფილაქტიკა #რაიწვევსეპილეფსიას #ეპილეფსიისნიშნები #გონებისდაკარგვა #სახისგაწითლება #სახისგაფერმკრთალება #ტაქიკარდია #უგონომდგომარეობა #კრუნჩხვები #ეპილეფსიურიკომა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

გაფრთხილება 
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.