საშვილოსნოსგარე ორსულობა

საშვილოსნოსგარე ორსულობა

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

საშვილოსნოსგარე ორსულობა საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს ხდება სანაყოფო კვერცხის იმპლანტაცია და განვითარება საშვილოსნოს ღრუს გარეთ, ყველაზე უფრო ხშირად – საშვილოსნოს ლულაში (შემთხვევათა 99%-ში). საშვილოსნოსგარე ორსულობა ვლინდება გინეკოლოგიური ავადმყოფთა საერთო რიცხვის 1-4%-ში. საშვილოსნოსგარე ორსულობის ყველაზე უფრო ხშირი მიზეზია საშვილოსნოს ლულის ანთებითი ცვლილებები, როდესაც ზიანდება მისი ლორწოვანი გარსის ეპითელიუმი. გარდა ამისა, დიდ როლს ასრულებს ინფანტილიზმი და სხვადასხვა ენდოკრინული დარღვევები, რომლებიც იწვევენ ლულის პერისტალტიკის შეცვლას; ქორიონის ბუსუსები ღრმად იზრდება საშვილოსნოს ლულის მთელს სისქეში, რასაც ხელს არ უშლის დეციდუალური გარსის ანტიპროტეოლიზური ფერმენტის ზემოქმედება, ვინაიდან იგი ლულაში სუსტადაა გამოხატული. საშვილოსნოსგარე ორსულობა შესაძლოა დამთავრდეს ლულის აბორტით, როდესაც კვერცხი ლულის ამპულური ბოლოთი გამოიდევნება და ხვდება მუცლის ღრუში, ან ლულის კედლის გასკდომით. ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს სისხლდენას; სისხლის გროვდება ლულაში, ვითარდება პერიტუბარული ან საშვილოსნოსგარეთა ჰემატომა. სისხლდენა განსაკუთრებით ძლიერია ლულის კედლის გასკდომის დროს.

საშვილოსნოსგარე ორსულობა – სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენ პროგრესირებად და შეწყვეტილ საშვილოსნოსგარე ორსულობას. პროგრესირებადი საშვილოსნოსგარე ორსულობა მიმდინარეობს იმავე სიმპტომებით, როგორითაც საშვილოსნოს ორსულობა (მენსტრუაციის შეწყვეტა, გულისრევა და ღებინება დილაობით, საშოსა და საშვილოსნოს ყელის ციანოზი, საშვილოსნოს გადიდება და გარბილება და სხვ.). ამ სტადიაზე საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოსტირება არ ხდება და მას თვლიან ჩვეულებრივ საშვილოსნოს ორსულობად; საშვილოსნოს ლულის ცვლილებები უმნიშვნელოდაა გამოხატული. საშვილოსნოსგარე ორსულობის შეწყვეტა ლულის გასკდომის გამო ყველაზე უფრო ხშირად ხდება ორსულობის მე-6-8 კვირაზე. აღინიშნება ძლიერი ტკივილი მუცელში, ირადიაციით ზევით (ფრენიკუს სიმპტომი), ან ქვევით, გარეთა სასქესო ორგანოების არეში, ან სწორ ნაწლავში, ასევე თავბრუსხვევა, გულის წასვლა, არტერიული წნევის დაქვეითება, პულსის გახშირება და შინაგანი სისხლდენის სიმპტომების გაძლიერება. სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან შესაძლოა არ აღინიშნებოდეს, ვინაიდან დეციდუალური გარსი ვერ ასწრებს საშვილოსნოს კედლიდან მოცილებას. ლულის აბორტის დროს დარღვევები შესაძლოა მიმდინარეობდეს ხანგრძლივად და ჰქონდეს სხვადასხვა სურათი. ავადმოყოფს, მენსტრუაციის უმნიშვნელო შეჩერების ფონზე, აღენიშნება შეტევითი ტკივილები მუცელში, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა. რამდენიმე დღის შემდეგ ვლინდება მუქი სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან. ამ სიმპტომებს აქვთ პერიოდული ხასიათი. სხეულის ტემპერატურა ნორმალური ან სუბფებრილურია (იშვიათად). მნიშვნელოვანი შინაგანი სისხლდენის დროს სიმპტომები ანალოგიურია ლულის გასკდომის სიმპტომებისა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

მეანობა