სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”

ქ. დადიანი, ი. ფაღავა, ნ. ფილია, ი. ბერაია, ნ. მენაღარიშვილი ნ. ჩაკვეტაძე
გ.მ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი

გენური ინჟინერია, როგორც მეცნიერება, 70-იან წლებიდან განვითარდა და უკვე შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყოველწლიურად იზრდება გენმოდიფიცირებული წყაროების წარმოება და მსოფლიო ბაზარზე მატულობს გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების, ან გენმოდიფიცირებული წყაროს შემცველი პროდუქციის რაოდენობა. დღეისათვის შექმნილია და მთელ რიგ ქვეყნებში მოსახლეობის კვებაში გამოიყენება ათეული დასახელების გენმანიპულირებული წყარო, რომელთა შორისაა მოსახლეობის კვებაში და მათ შორის საქართველოს მოსახლეობის კვებაში ფართოდ მოხმარებული ისეთი პროდუქტები, როგორიცაა კარტოფილი, სიმინდი, ტომატი, შაქრის ჭარხალი და სხვა. ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო კულტურების კლონირება, მართალია, მათ ანიჭებს მდგრადობას სხვადასხვა დაავადებების, მღრღნელების, პესტიციდების მიმართ, უნარჩუნებს თვისებებს ხანგრძლივი შენახვის პირობებში, რაც ერთის მხრივ სასურველი შედეგია, მაგრამ ეს პროცესი მოითხოვს პრობლემების გადაწყვეტას, რაც უკავშირდება გენების გამოხატვის გაუთვალისწინებელი ეფექტების შეფასებას, მაგალითად პროდუქტების კვებითი ღირებულების შეცვლას, მათი ზემოქმედების ალერგიულ ან ტოქსიკურ რეაქციებსა და შორეულ შედეგებს.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ არის მიღებული ის საერთაშორისო წესები, რომელიც მოაწესრიგებდა ასეთი პროდუქციის რეგისტრაციის, სოციალურ-ჰიგიენური მონიტორინგის, საქონელბრუნვისა და რაც მთავარია, მისი ხარისხისა და უსაფრთხოების დადგენის შესაძლებლობას მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის. ამდენად, მოცემულ სფეროში მეტი პრიორიტეტი ნაციონალურ კანონმდებლობებს ენიჭება.
დღეისათვის საქართველოს ბაზარი, რომელიც მეწარმე სუბიექტის, მომხმარებლის, სავაჭრო და მაკონტროლირებელი ორგანოების ურთიერთქმედების არეა, ჯერ კიდევ დაუცველია უხარისხო, გაყალბებული და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის შეღწევისაგან. 1996-1997 წლებში საქართველოს 3 რეგიონში დაითესა მონსანტის მიერ გამოყვანილი კარტოფილი, რომელიც კოლორადოს ხოჭოს საწინააღმდეგო Bტ ტოქსინის გარდა კანამიცინის მიმართ მდგრადობის მარკერ-გენსაც შეიცავდა. ამ კარტოფილის მოსავლიანობა ძალზე დაბალი აღმოჩნდა – კარტოფილი, რომელიც ადგილობრივ პირობებს არ იყო შეგუებული, ძლიერ დაზიანდა სოკოვანი დაავადებებით (ფიტოფტორა) და ბევრი ფერმერები ვალებში ჩააგდო. მაგრამ დაუდგენელია ის ზიანი, რომელიც ამ პროდუქტმა მოსახლეობის ჯანმრთელობას მიაყენა. ეს გენმოდიფიცირებული პროდუქტი ყოველგვარი სეგრეგაციისა (გამოცალკევება არატრანსგენური პროდუქტისაგან) და სპეციალური ნიშანდების (მარკირების) გარეშე იქნა გამოყენებული. ქვეყანაში შესაბამისი გენური ინჟინერიის პრობლემების დარეგულირებაზე ზრუნვა მართალია, სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი, მაგრამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლის გადაჭარბებით შეფასება ამ საკითხებში შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში აუცილებელ ღონისძიებად მოიაზრება ისეთი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის არსებობა, რომელიც სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის არასაიმედო საკვები პროდუქციისა და მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში გენმოდიფიცირებული პროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე შეღწევის წინააღმდეგ ღონისძიებათა რეალიზაციას.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი. `სურსათისა და თამბაქოს შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ყველა სახის სურსათი და მათი ნედლეული (სამეცნიერო დანიშნულებისათვის და გამოფენებისათვის, აგრეთვე მფლობელის პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი სურსათის გარდა) ექვემდებარება ხარისხის კონტროლს, რომლის შედეგად განისაზღვრება სტანდარტებითა და ნორმებით დადგენილი მახასიათებლები და ხდება მიღებული შედეგების დადგენილ მოთხოვნებთან შედარება, მაგრამ ამ კონტროლში არ მოიაზრება საკვები პროდუქტების ჰიგიენური ექსპერტიზა, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს კომპლექსური გამოკვლევის გზით ადამიანის ჯანმრთელობისათვის საკვების უსაფრთხოების დადგენა.
სხვადასხვა მიზეზების გამო სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებში და საბაჟო ზონებში სანიტარიული სამსახურის მიერ სათანადოდ ვერ ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი და შესაბამისად, შეუძლებელია იმპორტირებული არაკეთილსაიმედო საკვები პროდუქციის გამოვლენა და მათი შემოტანის აღკვეთა. კერძოდ, არსებული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქვეყანაში შემოსატანად გათვალისწინებული საკვები პროდუქციის ჯანმრთელობის უსაფრთხოების მაჩვენებელზე შემოწმებისა და შესაბამისი დასკვნის გაცემას. ამასთან, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მწარმოებელი ქვეყნის მიერ პროდუქციაზე გაცემული ჯანმრთელობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს მიერ აღიარებას. არ ხორციელდება სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი ყველა კონტროლქვემდებარე ტვირთზე, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით შემოსულ ტვირთებზე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ძალისხმევით დღეისათვის შემუშავებულია საქართველოს სანიტარიული კოდექსის კანონის პროექტი, რომლითაც განსაზღვრულია მოთხოვნები ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში პროდუქციის წარმოებაზე, იმპორტზე, ექსპორტსა და რეალიზაციაზე. `საქსტანდარტთან~ ერთად შემუშავებულია საქართველოს კანონის პროექტი `არაკეთილსაიმედო საკვები პროდუქციის ბრუნვიდან ამოღებისა და განადგურების შესახებ~, მომზადებულია ასევე საქართველოს კანონის პროექტი `საქართველოს ზოგიერთი საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ~. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კვების განყოფილების ბაზაზე მუშავდებოდა და 2002 წლისათვის დასამთავრებელ ნორმატიულ დოკუმენტთა ნუსხაში მოიაზრება `საკვები პროდუქტების ჰიგიენური ექსპერტიზის ჩატარების წესები~, სადაც განსაზღვრული იქნება ექსპერტიზის განხორციელების წესი როგორც სამამულო, ასევე იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე. მისი განხორციელება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურებისა და დადგენილი წესით აკრედიტირებული სხვა ორგანოების მიერ ხელს შეუწყობს საქართველოს სამომხმარებლო ბაზრის დაცვას ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის შეღწევისაგან, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება ის საკანონმდებლო ბერკეტები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა გენმოდიფიცირებული პროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე შესაძლო შეღწევის შემთხვევაში. არ არის დადგენილი ის ჰიგიენური მოთხოვნები, რომლებიც ასეთი პროდუქციის ნიშანდებას, სეგრეგაციას, ნორმირებას, ჰიგიენურ და მედიკო-გენეტიკურ ექსპერტიზას შეეხება.
მართალია, დღეისათვის საქართველოში გენური ინჟინერიის დარგში კანონმდებლობა ჯერ არ არსებობს და ასეთი კანონის მიღებამდე ტრანსგენური ცოცხალი ორგანიზმების წარმოება და იმპორტი დროებით შეჩერებულია, მაგრამ უკვე დღეს აუცილებელია შემუშავდეს ის ღონისძიებები, რომელთა საშუალებითაც განხორციელდება მოსახლეობის ჯანსაღი კვების პოლიტიკის წარმართვისათვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება. საკვები პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლის სისტემის გარდა, აუცილებელია შეიქმნას რისკის შეფასების ეროვნული პროცედურა და შემუშავდეს გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა.

ლიტერატურა

1. მ. ქურხული, ნ. შავდია, დ. გაგუა, ჯ. ახვლედიანი, პ. იმნაძე, თ. კობიძე – `მოსახლეობის ჯანმრთელობაზე საკვები პროდუქტებით გამოწვეული რისკის მოგვარებისა და შემცირების აქტუალური პრობლემები საქართველოში~ – საქართველოს გარემოს ჰიგიენის ეროვნული პროგრამა; I ეროვნული კონფერენციის შრომათა კრებული, თბილისი, 2001 წ. გვ. 63-77;

2. Методические указания МУК 2.3.2.970-00 “Медико-биологическая оценка пищевой продукции, полученной из генетически модифицированных источников”, Москва, 2000.
3. Г.Г.Онищенко – О гигиенических и нормативных аспектах регистрации пищевых продуктов, полученных из генетически модифицированных источников”, Вопросы питания, 2, 2001.

4. Biotechnology and food safety. Report of a joint FAO/WHO consultation # 61 – Rome, 1996, 27 p.

SUMMARY

The article reviews actual problems, resolution of which would decrease possible adverse impact of genmodified food in case of their possible accesse on the Georgian market.

Viewed 554 times by 304 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka