ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”
დეა ვადაჭკორია მედ. მეცნ. კანდიდატითბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრასტომატოლოგიისა და სამედიცინო ესთეტიკის ქართულ- გერმანულ- ესპანური კლინიკა “უნიდენტ – როსი”
ფრონტალურ კბილთა რესტავრირება კბილთა კარიესით, ტრავმით, არაკარიესული წარმოშობის დაზიანებებით, ცვეთით ან მათი დისკოლორიზაციითაა პირობადებული. ხშირად კბილის გვირგვინთა დაზიანებებს კომბინირებული ხასიათი აქვს.(1,2) ზემოაღნიშნულს ემატება დიასთემებითა და ტრემებით გამოწვეული ესთეტიკური უხერხულობა და პაციენტთა სურვილი, მოხდეს მათი დროული და ეფექტური კორექცია. აღნიშნული პრობლემების გადაჭრა კონსერვატიულ სტომატოლოგიაში კომპოზიციური ვინირებითაა შესაძლებელი. ვინირები, ერთის მხრივ, საშუალებას იძლევიან რესტავრაციის პროცესში გაუქმდეს საზღვარი სარესტავრაციო მასალებსა და კბილის მაგარ ქსოვილებს შორის, რაც დიდ უხერხულობას უქმნის პაციენტს და ზრდის მეორადი კარიესის განვითარების რისკს.(3) მეორეს მხრივ, კომპოზიციური ვინირებით შესაძლებელი ხდება ორთოპედიული კონსტრუქციების გარეშე განხორციელდეს ზოგიერთ კბილთა დგომის, ფორმის და ფერის კორექცია.
სრულყოფილი ვინირებისათვის მრავალი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, რაც დაზიანებათა ზუსტ დიაგნოსტირებას, პრეპარირებას, სარესტავრაციო საშუალებათა შერჩევას და ვინირების ზუსტად ჩატარებას მოიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში რესტავრაციის შემდგომ გართულებათა სიხშირე და სიმძიმე არამხოლოდ შებღალავს რესტავრირების ხარისხს, არამედ უარყოფითად იმოქმედებს უმთავრეს პრინციპზე _ ექიმსა და პაციენტს შორის დამოკიდებულების ფენომენზე. სწორედ ამან განსაზღვრა ჩვენი კვლევის მიზანი. ფრონტალურ კბილთა კომპოზიციური ვინირებით აღდგენის მეთოდთა დახვეწა და პოსტრესტავრაციულ გართულებათა თავიდან აცილების გზების შემუშავება. ჩვენი კვლევის პროცესში სულ ჩავატარეთ 158 რესტავრაცია. მათ შორის 59 ვინირით რესტავრირებულ კბილს პულპის ცხოველმყოფელობა შენარჩუნებული ჰქონდა. მათგან 24 შემთხვევაში ვინირთა დამზადების ჩვენებას არაესთეტიკურად რესტავრირებული V კლასის კარიესული დეფექტები წარმოადგენდა. 15 შემთხვევაში ფრონტალურ კბილებზე აღინიშნა მინანქრის ჰიპოპლაზია. 10 კბილზე აღვწერეთ ბლეკით III, IV და V კლასის კარიესულ დეფექტთა შეუღლებული კომბინაცია. 6 შემთხვევაში სოლისებური დეფექტი და 4 შემთხვევაში პირდაპირი კომპოზიციური ვინირებით დაიხურა დიასთემა. 99 კბილზე ვინირებით რესტავრირების ჩვენებას ძირითადად კბილთა დისკოლორიზაცია წარმოადგენდა. მათგან 45 შემთხვევაში კბილებზე ადრე უკვე ჩატარებული იყო ენდოდონტიური მკურნალობა, მაგრამ კბილის გვირგვინზე აღინიშნებოდა რამდენიმე რესტავრირებული კარიესული დეფექტი. 29 შემთხვევაში ენდოდონტიური მკურნალობა ჩატარებული იყო, მაგრამ კბილთა გვირგვინების ვესტიბულური ზედაპირი დაუზიანებელი იყო. 25 შემთხვევაში ენდოდონტიური მკურნალობა ჩატარებული იყო ტრავმის შედეგად გვირგვინის დაზიანების გამო.
რესტავრირების პროცესში ფრონტალურ კბილთა პირდაპირი კომპოზიციური ვინირება 2 მეთოდით განვახორციელეთ. სუბოპაკერის ტექნიკის გამოყენებით და ორჯერპოლიმერიზებული კომპოზიციური ვინირებით. პირველი მეთოდით 81 რესტავრაცია ჩატარდა, მეორე მეთოდით კი _ 77.
კვლევის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას ფრონტალურ კბილთა გვირგვინების პრეპარირების ზოგიერთ თავისებურებას ვუთმობდით. პრეპარირების დიაპაზონი არ შეიძლება იყოს განუსაზღვრელი, მაგრამ სხვადასხვა ავტორს ე. წ. “ასაღები” მინანქრის სხვადასხვა სისქე აქვს მოწოდებული .(4,5)
ჩვენი კვლევის პროცესში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე დისკოლორიზებულ კბილებს ეხებოდა, პრეპარირების შემდეგი სიღრმე ავირჩიეთ: 1,5-1-1 მმ. ხოლო ვიტალური კბილების შემთხვევაში 1-1-1 მმ. ამ გზით ვაფორმირებდით საკმაო სიღრმის სარესტავრაციო სარეცელს, რომელშიც თავისუფლად თავსდებოდა კომპოზიციური ვინირები თავისი შემადგენელი შრეებით.
განსაკუთრებით საგულისხმოა, კბილთა ვინირების პროცესში აკრილური მატრიცების გამოყენების აქტუალობა. მათი გამოყენებით აღდგენილ კბილს ჰქონდა მეზობელი კბილის მინანქრის მაგვარი რელიეფი და სიკრიალე.
აღსანიშნავია, სუბოპაკერის და ორჯერპოლიმერიზებული კომპოზიციური ვინირებით რესტავრირებისას “სენდვიჩ” მეთოდის ჩატარების თავისებურებები, რაც ორივე ვინირების დამზადების საფუძველი იყო. ეს ტექნიკა კბილის პრეპარირებულ ზედაპირზე ჯერ მიკროჰიბრიდული თხელი შრის მოთავსებას გულისხმობს და მხოლოდ შემდეგ კომპომერის, ორმოკერის ან ჰიბრიდის ოპაკერის. ჩვენი კვლევის პროცესში, ემალის ფორმირებულ სარეცელზე პირველ შრედ ვათავსებდით ან Herculaite-ის ოპაკერს ან Revolution-Flow-ს. პირველი შრის შემდეგ ვესტიბულურ ზედაპირზე ვათავსებდით ე. წ. სუბოპაკერის შრეს. ამ მიზნით გამოვიყენეთ entsply-ს Dyrect da Voco-s Admiva. სუბოპაკერის შრეს ჩვენების მიხედვით ზევიდან ვფარავდით საბოლოო ჰიბრიდული კომპოზიტის მიმანქრის ფენით ან, თუ რესტავრირება საშუალებას იძლეოდა, მინანქრისა და დენტინის ფერებით. სწორედ ამ ბოლო შრეების სხივურ გამყარებამდე ვათავსებდით მასზე აკრილურ მატრიცას და ვინირს ვაძლევდით საბოლოო ფორმას.
კვლევის პროცესში გამოვიყენეთ ერთკომპონენტიანი ადჰეზიური სისტემები – Ultradent-is PQ-1 da Morita-s AQ-bond-ი. პირდაპირი კომპოზიციური ვინირებით ფრონტალურ კბილთა რესტავრირების ხარისხის კლინიკური შეფასებისათვის მოვახდინეთ რესტავრირებულ კბილის მიდამოში 1)კბილ-ღრძილოვანი სითხის შესწავლა 2)კბილ-ღრძილოვანი ნაპრალის სიღრმის განსაზღვრა 3) ღრძილის კიდის რეტრაქციისა და ჰიპერპლაზიის მაჩვენებელთა ცვლილებების დადგენა 4)ღრძილის კიდის სისხლდენის ხარისხის დადგენა 5)კომპოზიციურ ვინირსა და კბილის მაგარ ქსოვილთა მიკავშირების ხარისხის განსაზღვრა და 6) ვიტალურ კბილთა ჰიპერესთეზიის ინტენსივობის განსაზღვრა. საბოლოოდ კი, როდესაც რესტავრირების ხარისხს ვაფასებდით, ყურადღებას ვამახვილებდით შემდეგ ფაქტორებზე: ა)რესტავრაციის მთლიანობის დარღვევა ბ)მეორადი რეციდივული კარიესის აღმოჩენა გ)ვიტალურ კბილთა ჰიპერესთეზია. ამ ნიშანდობლივ ფაქტრებზე დაყრდნობით რესტავრაციას მივიჩნევდით კარგად, დამაკამყოფილებლად ან არადამაკმაყოფილებლად.
საბოლოოდ, მინდა აღვნიშნო, რომ პირდაპირი კომპოზიციური ვინირებით კბილთა აღდგენის მეთოდის შერჩევა ექიმის გადასაწყვეტია, მაგრამ რესტავრირების პროცესში უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის შესაძლო გართულება, ნაკლოვანი მხარე თუ ხარვეზი, რაც რესტავრირების შემდგომ შეიძლება გამოჩნდეს. ეს პროცესი ხშირად გარდაუვალია და ყოველთვის ექიმის კვალიფიკაციაზე როდია დამოკიდებული, მაგრამ მკურნალის პროფესიონალიზმიც სწორედ იმაში მდგომარეობს, თუ ამ გართულებათა დროულ დიაგნოსტირებას და წარმატებით აღმოფხვრას შეძლებს.
ლიტერატურა
- Cheek C.C., Heymann H.O. – Dental and oral discoloration associated with minocycline and other tetracycline analogs. // J. Esth. Dent., 1999, v.11., N1, p.43-48.
- Magne P., et al. – Crack propensity of porcelain laminate veneers. // J. Prosthet. Dent., 1999, v.81, N3, p.324–334.
- Terry D. - Direct reconstruction of the maxillary anterior dentition with composite resin: a case report. // Pract. Periodontics Aesthet. Dent., 1999, v.11, N3, p.361 –367.
- Dietchi D., Spreafico R. – Tooth preparation. // Adhesive Metal – Free Restorations., 1997, ch.3, p.35-60.
- Fahl N., Denehy G.E., Jackson R.D., – Protocol for predictable restoration of anterior teeth with composite resins. // Pract. Periodont. Aesthet. Dent., 1995, v.7, N8, p.13-21.
Summary
The patient’s demand for treatment of unaesthetic anterior teeth is steadily growing. Accordingly, several treatment options have been proposed to restore the aesthetic appearance of the dentition. For many years, the most predictable and durable aesthetic correction of anterior teeth has been achieved by the preparation of full crowns. However, this approach is undoubtedly most invasive with substantial removal of large amounts of sound tooth substance and possible adverse effects on adjacent pulp and periodontal tissues.
In search for more durable aesthetic, porcelain laminate veneers have been introduced during the last decade. But however restorations made by direct composite veneers remained to be actual.
The purpose of our research was to improve the frontal teeth veneering process with direct composite veneers made by two different methods: direct composite veneers made by subopaue technique and direct composite veneers made by double polymerization.
The choice, which method of direct composite veneer is advisable to use, is completely dentist’s right. But, however, during restoration we should take under consideration all possible difficulties, adverse effects and fails, which might be evident after completing the restoration. This process is often unpredictable and it doesn’t necessarily depend on dentist skills, but clinician’s professionalism and intelligence is absolutely obvious, if he/she could diagnose on time all above mentioned adverse effects and will be able to eliminate them.
Viewed 645 times by 377 viewers



