მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

პროფ. ა. ხომასურიძე, პროფ. ნ. მაისურაძე, მ.მ.კ.
ნ. ტაბატაძე, მ.მ.კ. დ. ტაბიძე
(ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი)

საქართველოში სამედიცინო ტერმინოლოგიის შექმნას და დანერგვას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ძველთაგანვე ჩვენში იწერებოდა “წიგნი სააქიმოი” და კარაბადინები, რომლებშიც უხვად არის გაბნეული ტერმინები მედიცინის სხვადასხვა დარგიდან. ამ ტერმინთა უმრავლესობას დღეს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ტერმინთა ამ მარაგმა გარკვეული როლი ითამაშია ქართული სამედიცინო აზროვნების ჩამოყალიბება-განვითარებაში.
ჭეშმარიტი მეცნიერული საფუძვლები სამედიცინო ტერმინოლოგიას თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტთან სამკურნალო ფაკულტეტის გახსნის შემდეგ ჩაეყარა. თავდაპირველად მშობლიურ ენაზე სამედიცინო ტერმინები საერთოდ არ არსებობდა, თუ არ ჩავთვლით ხალხური მედიცინიდან გავრცელებული ზოგიერთი წამლის დასახელებას. ამავე დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტის დაარსებამ 1918 წელს დღის წესრიგში დააყენა სტუდენტთა სასწავლო პროცესში სამედიცინო ტერმინების შექმნის აუცილებლობა ქართულ ენაზე.
რუსეთისა და ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტებში განსწავლულმა სამედიცინო განათლებით აღჭურვილმა და სამშობლოში დაბრუნებულმა მედიკოსებმა მწვავედ განიცადეს ქართულ ენაზე სამედიცინო ტერმინების არარსებობა და ერთხმად აღიარეს მათი შექმნის აუცილებლობა.
ეს საქმე იტვირთა უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი ფუნდამენტური ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგემ პროფ. ა. ნათიშვილმა. ასე გამოიცა 1920 წელს პროფ. ა. ნათიშვილის თაოსნობით და ზ. მაისურაძის მონაწილეობით პირველი ანატომიური ტერმინოლოგია ქართულ ენაზე. შემდგომ იგი საფუძვლად დაედო როგორც დარგობრივ ლექსიკონებს, ასევე სახელმძღვანელოებს და თარგმანებს ქართულ ენაზე. მათ შორის აღსანისნავია სამეანო-გინეკოლოგიური ტერმინოლოგია, პროფ. ივ. თიკანაძე 1920 წ.; მოკლე ქირურგიული ტერმინოლოგია, პროფ. გრ. მუხაძე და ა.შ. გარდა ამისა, ქართულად ითარგმნებოდა და იქმნებოდა სამედიცინო სახელმძღვანელოები, რომლებშიც მრავლად მოიპოვებოდა ქართულ ტერმინთა დიდი მარაგი (ივ. ბერიტაშვილი, 1922 წ.; ზ. მაისურაძე, 1923 წ.; ვლ. ჟღენტი 1926 წ.; ნ. ყიფშიძე 1929 წ.; სვ. საყვარელიძე 1928 წ.; ს. ყიფშიძე 1930 წ.; კ. ვეფხვაძე 1933 წ.; ვ. კუჭაიძე – კლინიკური სამეანო-გინეკოლოგიური ლექსიკონი 1934 წ.; მ წინამძღვრიშვილი 1936-37 წ.; მ. ასათიანი 1936წ.; ნ. დემეტრაძე 1936 წ.; პ. ბუაჩიძე 1940 წ. და მრავალი სხვა).
ამრიგად, წლების მანძილზე მზადდებოდა მასალები სამედიცინო და მისი მომიჯნავე დარგების ტერმინოლოგიისათვის. შეიქმნა ტერმინთა საგრძნობი ჭრელი მარაგი და დღის წესრიგში დადგა მათი უნიფიცირების საკითხი.
ამ საქმის მოგვარება იტვირთა პროფ. ზ. მაისურაძემ და ერთიანი სამედიცინო ტერმინოლოგია რუსულ-ქართულ-ლათინურ ენებზე შექმნა 1947 წელს. იგი ვიზირებულ იქნა საქართველოს სსრ მეცნიერემათა აკადემიის, აკად. ნიკო მარის სახელობის ენის ინსტიტუტის და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მიერ, რომლითაც დღესაც სარგებლობენ ჩვენი თეორიული და პრაქტიკული მედიცინის მუშაკები.
რეპროდუქტოლოგიამ საქართველოში 1994 წელს მიიღო სტატუსი, როგორც მედიცინის ცალკე დარგმა და შევიდა სამედიცინო დისციპლინების ნუსხაში გრიფით 14.00.50. ამის საფუძველზე 1996 წელს ოქტომბერში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უინივერსიტეტთან ჩამოყალიბდა სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭო რეპროდუქტოლოგიაში აკად. ა. ხომასურიძის თავმჯდომარეობით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სწავლულ ექსპერტთა საბჭოს 2001 წლის დადგენილების საფუძველზე რეპროდუქტოლოგიის საბჭოს მიუერთდა ენდოკრინოლოგთა საბჭო და მათი გაერთიანებით შეიქმნა ერთიანი რეპროდუქტოლოგია და ენდოკრინოლოგიის ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭო M 14.50. #3. ამჟამად დაარსებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამეანო-გინეკოლოგიის კათედრა და სამედიცინო აკადემიასთან რეპროდუქტოლოგიის კათედრა.
არსობრივად “რეპროდუქტოლოგია” არის სწავლება ადამიანის გამრავლების, მოსახლეობის კვლავწარმოების და შობადობის რეგულაციის შესახებ. იგი საკმაოდ ფართო ცნებაა და მოიცავს მედიცინის მრავალ დარგს. ფაქტობრივად ადამიანის რეპროდუქციის შესწავლა საქართველოში დაწყებულია 1958 წლიდან, დღიდან ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის დაარსებისა.
რეპროდუქტოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დარგის ჩამოყალიბებას თან სდევს ინფორმაციის დაგროვება ამ სფეროში. ინფორმაცია ცალკეულ საკითხებზე ან საკითხთა ჯგუფზე მოცემულია სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში, მონოგრაფიებში, ლექსიკონებში და სხვა. საცნობარო ლიტერატურა – განსაკუთრებით ლექსიკონები, რომელიც შემცველი იქნება მნიშვნელოვანი რეპროდუქტოლოგიური მცნებისა, თითქმის არ არსებობს. მოთხოვნილება კი დღითიდღე იზრდება.
საგნის შემდგომი შესწავლისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლექსიკონის შექმნას, რაც სპეციალისტთა სამომავლო ორიენტაციას განაპირობებს.
ავტორთა კოლექტივის მიერ რეპროდუქტოლოგიის ლექსიკონში წარმოდგენილი იქნება მომიჯნავე სამედიცინო დარგების ტერმინები, შერჩეული მაქსიმალური სიზუსტით.
ლექსიკონში ტერმინები წარმოდგენილი იქნება ქართულ, რუსულ, ლათინურ ენებზე.
ლექსიკონში მოცემულია რეპროდუქტოლოგიის მნიშვნელოვანი ცნებები. იგი დიდ დახმარებას გაუწევს როგორც დამხმარე სახელმძღვანელო სამედიცინო, ბიოლოგიური, ვეტერინალური ფაკულტეტის სტუდენტებს და სპეციალისტებს, რომელთა საქმიანობა რეპროდუქტოლოგიის საკითხების შესწავლასთან არის დაკავშირებული.
ლექსიკონის ძირითად მიზანს შეადგენს ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიიდან რეპროდუქციული ტერმინების თავმოყრა, გამოცალკევება და მათი უნიფიცირება. წარმოდგენილ ლექსიკონში მოცემული იქნება ქართულ ენაზე შერჩეული თითოეული ტერმინის განმარტება, რითაც შეიქმნება ქართული განმარტებითი ლექსიკონი რეპროდუქტოლოგიაში., მეორეს მხრივ ამ ტერმინების შესატყვისი თარგმანებით უცხო ენაზე.
ლექსიკონზე მუშაობისას ვისარგებლეთ პირველწყაროებით, სახელმძღვანელოებით, მონოგრაფიებით, ენციკლოპედიებით, ეპონიმური ცნობარებით, პერიოდული ლიტერატურით. ამავე დროს მუშაობა ტარდება არა მარტო ბოლო წლებში გამოქვეყნებულ წყაროებზე, არამედ ადრეულ მასალებზეც, რაც საშუალებას გვაძლევს შერჩევით დავუპირისპიროთ ახალი და ძველი ტერმინები ფეხმოკიდებულ
ი, თუმცა მოძველებული, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ არის ხმარებაში ანდა პირიქით.
ქართული განმარტებითი დარგობრივი ლექსიკონი რეპროდუქტოლოგიაში წარმოადგენს კლასიკურ საუნივერსიტეტო განათლებიში კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს, რაც დასაბამს ჯერ კიდევ 1918 წლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სათავეებიდან იღებს.
ავტორთა კოლექტივი გულმხურვალედ მიესალმება სამედიცინო განათლების კვლავ აღორძინება-განახლებას ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში და სამომავლოდაც შეეცდება მედიცინის დამკვიდრების საქმიანობაში მონაწილეობას.
ავტორთა კოლექტივი ვარაუდობს, რომ ტერმინების ლაკონური და ამავდროულად საკმაოდ ინფორმირებული განმარტებები, ალბათ ყოველმხრივ სრულყოფილი ვერ იქნება. ეს არის ამ დარგში პირველი მცდელობა და ხარვეზებსაც ვერ დააღწევს თავს. ამდენად ისინი მადლიერების გრძნობით მიიღებენ საქმიან შენიშვნებს და სურვილს სამომავლოდ.

საკონტაქტო ტელ: 92 15 62   99 09 05
8(99) 50 23 90

Summary

INTRODUCTION OF REPRODUCTOLOGY TERMS INTO UNIVERSITY MEDICAL EDUCATION
A.Khomasuridze, MD, N. Maisuradze MD, N. Tabidze, Cand. M. Sc., Tabidze, Cand.M. Sc., Zhorandia Research Institute of Human Reproduction

The foundations of Georgian medical terminology were first laid in 1918 when a medical faculty was opened at Tbilisi State University. The absence of Georgian-language medical terms was a great obstacle in the process of training local medical students. On the initiative and with the participation of Prof. A. Natishvili and Z. Maisuradze the first Georgian anatomical terminology was created serving further as a basis for creating branch terminology in the science of medicine.
In 1994, reproductology (reproduction science) acquired in Georgia the status of an independent medical discipline under the class 14.00.50 giving start to collection of relevant information. The reproductology branch lacks reference information, whereas the demand for it is permanent growing.
The team of authors offers a Georgian defining dictionary of reproductology terms on the one hand as well as the corresponding Russian and Latin equivalents on the other.
The concise Georgian defining dictionary of reproductive terms is another step forward in the classic university medical education taking its origins from foundation of the first Tbilisi University based medical department in 1918 as well as from the Zhordania Research Institute of Human Reproduction, which since 1958 has been engaged in the origination and development of the branch of reproductology in Georgia.

Viewed 629 times by 359 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri