შესავალი. დღეისათვის აქტიურად შეისწავლება ისეთი უჯრედების გამრავლების მაკონტროლებელი მექანიზმები, რომელთა თვითგანახლების უნარი ზრდასრულ მდგომარეობაში უმნიშვნელო დონეზეა შენარჩუნებული. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა თირკმლის ეპითელიოციტები. ლიტერატურული მონაცემების თანახმად, წყვილი ორგანოდან ერთ-ერთის ამოკვეთის ან დაზიანების შემთხვევაში საწყის ეტაპზე თირკმლის ადაპტაციური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა არის უჯრედული ჰიპერტროფია. უჯრედების გამრავლება შედარებით გვიან ვადებზე, ოპერაციიდან 48-ე და 72-ე საათებზე აღინიშნება (1, 2), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზრდასრული თირკმლის ეპითელიოციტები ინარჩუნებენ გამრავლების უნარს. დღეისათვის ძირითადად აღწერილია მათი გამრავლების მასტიმულირებელი ფაქტორები (6, 11). ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ჩვენი სამუშაოს მიზანი იყო თეთრი ვირთაგვას თირკმლის ეპითელიოციტების ზრდის შემაკავებელი ენდოგენური ფაქტორის იდენტიფიცირება და მისი მოქმედების მექანიზმის დადგენა.
მასალა და მეთოდები. ექსპერიმენტებში გამოყენებული იყო ზრდასრული (120-140გ) და ექვსდღიანი (10გ) თეთრი არახაზოვანი ვირთაგვები. თირკმლის ქსოვილიდან ბირთვების იზოლირებას ვახდენდით გეორგიევისა და სხვათა მიერ მოდიფიცირებული შოვოს მეთოდით (3). ბირთვებში დნმ-ს რაოდენობას ვსაზღვრავდით სადოვსკისა და სტერნის (7) მიხედვით. იზოლირებული ბირთვების სისტემაში რნმ-ს სინთეზის ინტენსიურობაზე ვმსჯელობდით მჟავაში უხსნად ფრაქციაში 14ჩ-უტფ-ს ჩართვის ინტენსიურობის ცვლილების მიხედვით. ზრდასრული ვირთაგვას თირკმლის ქსოვილიდან ცილების მიღებას და თერმულ დამუშავებას ვაწარმოებდით ადრე აღწერილი მეთოდის თანახმად (8). ექსპერიმენტებში გამოყენებული იყო აგრეთვე ალ.წულუკიძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრიდან მიღებული ადამიანის პოსტოპერაციული მასალა.
მიღებული შედეგები და მათი განხილვა. ზრდასრული ვირთაგვას თირკმლის ქსოვილიდან სპირტული ექსტრაქციის მეთოდით მიღებული თერმოსტაბილური ცილოვანი ფრაქციის (81°-ანი ფრაქცია) მოქმედების მექანიზმის დადგენის მიზნით, თავდაპირველად შევისწავლეთ მისი ზემოქმედება თირკმლის ეპითელიოციტების მიტოზურ აქტიურობაზე. არსებული მონაცემების მიხედვით, ტერმინალურად დიფერენცირებული თირკმლის უჯრედების ზრდის მაკონტროლებელი მექანიზმების შესასწავლად ფართოდ გამოიყენება პროლიფერირებადი ეპითელიოციტები ნეფროგენეზის სხვადასხვა ეტაპზე (4, 9). აქედან გამომდინარე, ლიოფილიზირებული 81°-იანი ცილოვანი ფრაქცია (200გ) ინტრაპერიტონიალურად შევიყვანეთ ექვსდღიან ვირთაგვებში. გამოვლინდა, რომ ენდოგენური ცილოვანი ფრაქციის ზემოქმედების შედეგად პროლიფერირებადი თირკმლის ეპითელიოციტების მიტოზური ინდექსი 25%-ით მცირდება საკონტროლო მაჩვენებელთან შედარებით (სურათი 1). მიღებული შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ ზრდასრული თეთრი ვირთაგვას თირკმლის ქსოვილი შეიცავს ეპითელიოციტების გამრავლების მაინჰიბირებელ ცილოვანი ბუნების ფაქტორს.
ცნობილია, რომ ზრდის ფაქტორები უჯრედის ზედაპირზე სპეციფიკურ რეცეპტორებთან ურთიერთქმედების გზით უჯრედის შიგნით სიგნალის გადაცემას უზრუნველყოფენ. ზრდის ფაქტორებით განხორციელებული სიგნალის ტრანსდუქცია ბირთვში ტრანსკრიპციის ფაქტორების სინთეზს უზრუნველყოფს, რომლებიც თავის მხრივ გამრავლების მაკონტროლებელი გენების პროდუქტების ექსპრესიას იწვევენ (5). უკანასკნელი წლების მონაცემებით, ზოგიერთი რეცეპტორი (მაგალითად, ანგიოტენზინის Aთ2-რეცეპტორი) სიგნალის ტრანსდუქციაში მონაწილე პროტეინკინაზების აქტიურობის ინჰიბირების გზით პროქსიმალური მილაკის ეპითელიოციტების პროლიფერაციის დათრგუნვას განაპირობებენ (10).
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვივარაუდეთ რომ ჩვენს მიერ ზრდასრული თირკმლის უჯრედებიდან მიღებული ცილოვანი ბუნების ფაქტორის მოქმედებაც სწორედ გენების პირველადი აქტიურობის რეგულაციის დონეზე ხორციელდება. ამ მიზნით, შევისწავლეთ ექვსდღიანი თეთრი ვირთაგვების თირკმლის ეპითელიოციტების ტრანსკრიპციულ აქტიურობაზე აღნიშნული ცილოვანი ფრაქციის ზეგავლენა ინ ვივო. ცხოველებს ინტრაპერიტონიალურად შევუყვანეთ აღნიშნული ფრაქცია, სამი საათის შემდეგ მოვახდინეთ მათი დეკაპიტაცია და თირკმლის უჯრედებიდან ბირთვების იზოლირება. გამოვლინდა, რომ ცილოვანი ფრაქცია შეიცავს აქტიურ საწყისს, რომლის მოქმედება გენებსის ექსპრესიის დონეზე ხორციელდება. კერძოდ, რნმ-სინთეზის ინტენსიურობა ამ ფრაქციით ინექცირებული ცხოველების უჯრედებში 40%-ით ქვეითდება კონტროლთან შედარებით (სურათი 2).
მიღებული შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ ზრდასრული ვირთაგვას თირკმლის უჯრედები შეიცავენ თერმოსტაბილურ ცილებს, რომელთა ზემოქმედება გენების პირველადი აქტიურობის რეგულაციის დონეზე ხორციელდება.
ანალოგიური შედეგები მიღებული იყო ადამიანის სიმსივნური თირკმლის უჯრედებზე. პოსტოპერაციული მასალა: პათოლოგიური ქსოვილი და სიმსივნური კერიდან დაშორებული უბანი, მიღებული იყო თბილისი ალ. წულუკიძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრიდან. დადგინდა ადამიანის თირკმლის სიმსივნური ქსოვილიდან (თირკმელუჯრედოვანი კიბოს ნათელუჯრედოვანი ვარიანტი) იზოლირებულ ბირთვებში გენების ექსპრესიაზე ვირთაგვას თირკმლის ცილოვანი ფაქტორის დამთრგუნველი ზემოქმედება. ინ ვიტრო რნმ-სინთეზის ინტენსიურობა აღნიშნული ფაქტორის ზემოქმედებით 60%-ით ქვეითდება კონტროლთან შედარებით (სურათი 3).
აღსანიშნავია, რომ სიმსივნური კერიდან დაშორებული უბნიდან მოპოვებული ქსოვილის უჯრედების ბირთვებზე ფაქტორის მოქმედება არ ვლინდება (სურათი 4).
მიღებული შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზრდასრული ვირთაგვას თირკმლის უჯრედების ცილოვანი ფაქტორი ხასიათდება სახეობრივი სპეციფიკურობით ან სიმსივნური კერიდან დაშორებული ქსოვილის უჯრედებში შეიცვალა სამიზნე გენების მიღწევადობა.
ლიტერატურა
1. hauveau J., Moule Y., Rouiller Ch. Jsolation of pure and unaltered liver nuclei: Morphology and biochemical composition, Exp. Cell Res., 1956, V. 11, pp 317-321.
2. Igarashi P. MD. Transcription factors and apoptosis in kidney development., Current Opinion in Neprology and Hipertenzion, 1994, v. 3, No. 3, pp. 308-317.
3. Lodish H., Berk A., Zipursky S.L., Matsudaira P., Baltimore D., Darnell J. Molecular Cell Biology, 1999. p.1084.
4. Paul LC, Saito K, Davidoff A, Benediktsson H. Growth factor transcripts in rat renal transplants, J. Kidney Dis., 1996, v28, pp. 441-446.
5. Sadovsky P., Stern J. Cell Biol., 1968, V. 37p. 147-164.
6. Tumanishvili G., Giorgobiani N., Dzhaparidze M., Salakaia T. Proceedings of the Georgian Academy of Sciences, Biological Series, 1994, v.20, No. 1-6, pp 88-90.
7. Woolf S., Cale C. Roles of growth factors in renal development, Current Opinion in Neprology and Hipertenzion, 1997, v. 6, No. 1, pp. 10-14.
8. Zimpelmann J., Burns K. Angiotsnsen II AT2 receptors inhibit growth responses in proximal tubul cells, 2001, v.281, Issue 2, pp 300-308.
9. Walton G, Buttyan R, Garcia-montes E, Olsson CA, Hensle TW, Sawczuk IS. Renal growth factor expression during the early phase of experimental hydronephrosis, J. Urol., 1992, v148, No 8, pp. 510-514.
Summary
It has been established that kidney cells of a mature white rat include inhibiting albuminous factor for epiteliocytes` reproduction. It’s shown that the effect of the mentioned factor is performed at the level of genes` original activity regulation. Rat`s kidney albuminous factor reveals an inhibiting effect on the nuclear transcript activity isolated from the human cells of Renal cell carcinoma (light cellular variant) as well. The factor`s inhibiting effect has not been revealed at the area far from a tumor center that may be conditioned by the limitation of target genes` exscess to mentioned cells.
Viewed 374 times by 233 viewers


