ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”
ლ. მირზაშვილი, გ.კაციტაძე, ნ. ჭავჭანიძე, ნ. ლობჟანიძე, თ. გიორგობიანი
კატასტროფათა და მათ შემდგომი პერიოდის სამედიცინო ასპექტების კვლევა მეტად აქტუალურია მსოფლიოში და, ბუნებრივია, საქართველოშიც. ჩვენი მიზანი იყო XXს-ის ბოლოს საქართველოში განვითარებული კატაკლიზმების ფონზე ტოქსიკოლოგიური პროფილის პაციენტთა შესწავლა. კერძოდ:
§ გლობალურ კატასტროფებსა და სუიციდური მიზნით განხორციელებულ ეგზოგენურ ინტოქსიკაციათა შორის შესაძლო კავშირის დადგენა.
§ გლობალურ კატასტროფათა შემდგომ პერიოდში ტოქსიკოლოგიური პროფილის პაციენტთა შესწავლა ასაკის, სქესის მიხედვით.
§ სუიციდური მიზნით განხორციელებულ ეგზოგენურ მოწამვლათა შესწავლა სეზონური მონაცემების მიხედვით.
ჩვენს მიერ შესწავლილი და სტატისტიკურად დამუშავებული იქნა თბილისის, გორისა და ბათუმის კლინიკების 1991-1998წწ. საარქივო მასალა. აღნიშნული ქალაქები შეირჩა იმის გამო, რომ ისინი მდებარეობენ საქართველოს სხვადასხვა სოციალურ, კლიმატურ და ა.შ. რეგიონებში. გარდა ამისა, გორი არის ერთ-ერთი კონფლიქტის ზონასთან (სამაჩაბლო) ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი, ხოლო ბათუმი _ შედარებით მშვიდი რეგიონის ცენტრალური ქალაქი.
სულ ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა 9089 შემთხვევა. მათგან სუიციდი _ 2921, შემთხვევითი მოწამვლა _ 6168. ქალაქების მიხედვით შეფარდება სუიციდებსა და შემთხვევით მოწამვლებს შორის იყო შემდეგი: თბილისი _ სულ – 8058; სუიციდი – 2582; შემთხვ. – 5476.
ბათუმი _ სულ – 633; სუიციდი – 113; შემთხვ. – 520.
გორი _ სულ – 398; სუიციდი – 226; შემთხვ. – 172.
წლების მიხედვით მონაცემები მოყვანილია დიაგრამებზე 1-2.


ჩვენი მონაცემებით ქ.თბილისში სუიციდური მიზნით განხორციელებულ ინტოქსიკაციათა რაოდენობა შედარებით სტაბილური და მცირეა 1991_1993წწ.-ში (საომარი მოქმედებების პერიოდი), თუმცა შეინიშნება მათი მატების ტენდენცია. 1994_1998წწ.-ში კი შეინიშნება წინასწარ განზრახული მოწამვლების რაოდენობის მკვეთრი ზრდა. მათი რიცხვი 1994 წელს წინა წელთან შედარებით 2,4ჯერ მატულობს და შემდგომი ზრდაც მეტად მკაფიოა.
გორის მონცემებით საინტერესოა, რომ აქ სუიციდური მცდელობების ექსტენსიური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია თბილისთან შედარებით. თუმცა რაოდენობრივად მკვეთრად ჩამორჩება მას. 1991-1992წწ. აქაც შედარებით დაბალია სუიციდურ მცდელობათა რიცხვი, 1993 _1994წწ. მათი რიცხვი მაქსიმალურია, ასევ მაღალია 1995წ., შემდეგ შედარებით შემცირებულია, ხოლო 1997-1998წწ. იწყება მატების მეორე ტალღა. ექსტენსიური მაჩვენებელი სუიციდური მცდელობებისა მკვეთრად და მყარად მომატებულია.
ბათუმში სუიციდური მიზნით განხორციელებული მოწამვლების რიცხვი 1991 წელთან შედარებით 1993-1994წწ. მომატებულია და მაქსიმუმს აღწევს 1994წ. (როგორც გორში), შემდეგ კი შეინიშნება კლების ტენდენცია, თუმცა 1998წ. მონაცემები მაინც უფრო მაღალია 1991 წელთან შედარებით. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც რაოდენობრივად, ისე პროცენტულად, ბათუმში წინასწარგანზრახული მოწამვლების რიცხვი გაცილებით ნაკლებია თბილისთან და გორთან შედარებით.
ჩვენ შევისწავლეთ სუიციდენტები სქესის, ასკის მიხედვით.
თბილისსა და ბათუმში აშკარა იყო ქალსუიციდენტთა სიჭარბე, ხოლო გორში შედარებით მაღალი იყო მამაკაცთა ხვედრითი წონა.
სუიციდენტთა ასაკობრივი ჯგუფების შესასწავლად სუიციდენტები დავყავით 10 წლიანი ბიჯით. თბილისში უპირატესად იზრდება ახალგაზრდა (15წ_44წ) ქალსუიციდენტთა რიცხვი, განსაკუთრებით 25-34წ. ასაკობრივ ჯგუფში. გორში კი სუიციდენტთა შორის უპირატესად მატულობს 25-44წ. ასაკის მამაკაცთა რიცხვი და ასევე 35-44წ. ასაკობრივი ჯგუფის ქალ-სუიციდენტთა რიცხვი. დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფებში შეიმჩნევა უმნიშვნელო მატება სუიციდენტებისა. ბათუმში მკვეთრად გამოხატულ რაიმე ტენდენციაზე, ამ თვალსაზრისით, ლაპარაკი არ შეიძლება მონაცემთა სიმცირის გამო.
ლიტერატურული მონაცემებით, სუიციდებისთვის დამახასიათებელია გარკვეული სეზონურობა. (ჩვენი მონაცემები იხ. დიაგ. 3).

რაც შეეხება დასრულებულ სუიციდს, მათი რიცხვი საკმაოდ მცირეა. კერძოდ, ბათუმში, ეგზოგენური ინტოქსიკაციით სტაციონარში მოთავსებულ პაციენტთა შორის ლეტალობა არ დაფიქსირებულა. თბილისსა და გორში სულ დაფიქსირდა 26 შემთხვევა, მათგან ქალი _ 15, მამაკაცი _ 11. სუიციდენტ-ქალთა ასაკი საშუალოდ იყო > 50წ. ხოლო სუიციდენტ-მამაკაცთა ასაკი მერყეობდა 40-50წ. 26 შემთხვევიდან ანამნეზში სომატური დაავადება აღენიშნებოდა – 4, ქრ.ალკოჰოლიზმი – 2, შიზოფრენია – 1, ხოლო 19 პაციენტი იყო ანამნეზურად პრაქტიკულად ჯანმრთელი.
ამდენად, შეიძლება ითქვას:
§ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გარკვეული რეგიონალური თავისებურებებიდან გამომდინარე, შეინიშნება განსხვავება სუიციდენტთა ასაკობრივ, სქესობრივ მახასიათებლების, სუიციდის სეზონურობის მხრივ.
§ უშუალოდ კატასტროფის პერიოდში სუიციდური მიზნით განხორციელებული ეგზოგენური ინტოქსიკაციების რიცხვი შედარებით მცირე და სტაბილურია, ხოლო კატასტროფების შემდგომ პერიოდში მათი რიცხვი მკვეთრად მატულობს უპირატესად დედაქალაქსა და კონფლიქტის ზონასთან ახლო მდებარე რეგიონებში.
ლიტერატურა:
1. Manni C., Magalini S. “Disaster medicine: A new discipline or a new approach?” Prehospital and Disaster Medicine, 4;167-170; 1989
2. Красненкова И.П. “Социально-философские и политико-правовые аспекты феномена суицида”. Вестник МГУ Сер.12 Политические науки 1998г. №6 стр.18-33
Summary
Analyses of self-poisoning events in different regions of Georgia (Tbilisi, Batumi, Gori) in the postdisaster period
L.Mirzashvili, G.Katsitadse, N.Chavchanidse, N.Lobjanidse, T.Giorgobiani
Toxicological events in Georgia were analysed. It was found, that the quantity of self-poisonings increases in the postdisaster period. Datas are different for the different regions of Georgia.
Viewed 402 times by 240 viewers



