ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე”
ნუგზარ სხირტლაძე,
თსუ სასწავლო-მეთოდური სამმართველოს უფროსი,
მათემატიკური მოდელირების კათედრის გამგე, დოცენტი
პოსტსაბჭოურ სივრცეში კარდინალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების კვალობაზე არსებითი ძვრები მოხდა უმაღლესი განათლების სფეროში. დაარსდა არაერთი კერძო უმაღლესი სასწავლებელი, არსებულებმა კი დრო იხელთეს და უნივერსიტეტები და აკადემიები დაირქვეს. საჭირო გახდა ტრადიციული, უნივერსიტეტისათვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტის მქონე სასწავლებლების საერთო მარაქიდან გამოცალკევება. ამ მიზნით ჩამოყალიბდა ნიშანთა ის წყება, რომლის მატარებელ უნივერსიტეტსაც შეიძლება კლასიკური უნივერსიტეტი ეწოდოს.
აი ეს ნიშნებიც:
1. უმაღლესი სასწავლებლის არსებობა სულ ცოტა 20 წლის განმავლობაში.
2. საგანმანათლებლო პროგრამების წილი, რომლებიც მიეკუთვნებიან საბუნებისმეტყველო-მათემატიკურ და ჰუმანიტარულ-სოციალურ სპეციალობებს და მიმართულებებს, უნდა შეადგენდეს უმაღლეს სასწავლებელში ლიცენზირებული საგანმანთლებლო პროფესიონალური პროგრამების ჯამური რიცხვის არა ნაკლებ 60%-ს.
3. ფუნდამენტური სამეცნიერო გამოკვლევების შესრულება, სამეცნიერო სკოლების არსებობა. ფუნდამენტური გამოკვლევების წილი უნდა შეადგენდეს საბიუჯეტო დაფინანსების საერთო მოცულობის არა ნაკლებ 50%-ს, საზღვარგარეთის ფონდების გრანტების, აგრეთვე დარგთაშორის საუწყებო და საერთაშორისო პროგრამების ჩათვლით.
4. სტუდენტთა კონტინგენტი, რომლებიც სწავლობენ საბუნებისმეტყველო-მათემატიკური და ჰუმანიტარულ-სოციალური სპეციალობების და მიმართულებების საგანმანათლებლო პროგრამებით, უნდა შეადგენდეს უმაღლეს სასწავლებელში დღის სწავლების სტუდენტთა კონტინგენტის არა ნაკლებ 60%-ს.
5. ფიზიკა-მათემატიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, გეოლოგია-მინერალოგიური, გეოგრაფიული და მედიცინის მეცნიერებების სპეციალობები ერთად ასპირანტურაში უნდა შეადგენდეს უმაღლესი სასწავლებლის საასპირანტო სპეციალობების საერთო რაოდენობის არანაკლებ 10%-ს, იმ პირობით, რომ ამ სპეციალობებზე მოსწავლე ასპირანტთა კონტინგენტი შეადგენდეს უმაღლესი სასწავლებლის ასპირანტთა მთლიანი კონტინგენტის არა ნაკლებ 30%-ს.
6. ფსიქოლოგიური, იურიდიული, სოციოლოგიური, პოლიტიკური მეცნიერებების, ხელოვნებათმცოდნეობის და კულტუროლოგიის სპეციალობები ერთად ასპირანტურაში უნდა შეადგენდეს უმაღლესი სასწავლებლის საასპირანტო სპეციალობების საერთო რაოდენობის არანაკლებ 10%-ს, იმ პირობით, რომ ამ სპეციალობებზე მოსწავლე ასპირანტთა კონტინგენტი შეადგენდეს უმაღლესი სასწავლებლის ასპირანტთა მთლიანი კონტინგენტის არა ნაკლებ 30%-ს.
7. უმაღლესი სასწავლებლის დოქტორანტურაში საბუნებისმეტყველო-მათემატიკური და ჰუმანიტარულ-სოციალური სპეციალობების რიცხვი უნდა იყოს არა ნაკლებ 5-სა.
8. სადოქტორო დისერტაციების დაცვის საბჭოში საბუნებისმეტყველო-მათემატიკური და ჰუმანიტარულ-სოციალური სპეციალობების რიცხვი უნდა იყოს არა ნაკლებ 3-სა.
9. საბუნებისმეტყველო-მათემატიკურ და ჰუმანიტარულ-სოციალურ სპეციალობებში მეცნიერებათა დოქტორების წილი უნდა შეადგენდეს პედაგოგთა საერთო კონტიგენტის არა ნაკლებ 10%-ს.
10. სამეცნიერო ხარისხების და წოდებების მქონე პედაგოგთა წილი _ არა ნაკლებ 50%-ს.
11. უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის საერთო ფონდი _ არა ნაკლებ 1 მილიონ ტომს.
საქართველოში ამჟამად ხუთი სახელმწიფო უნივერსიტეტი გვაქვს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში და თელავში; მათგან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სრულად პასუხობს ჩამოთვლილ კრიტერიუმებს. სამედიცინო პროფილის სპეციალობების არსებობა უნივერსიტეტში ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მისი კლასიკურ უნივერსიტეტად აღიარებისათვის. ამდენად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტებიც სხვა მონაცემებთან ერთად ფაქტობრივად პასუხობენ სხენებულ მოთხოვნებს, დანარჩენები კი, და განსაკუთრებით, კერძო უნივერსიტეტები ძალზე შორს არიან კლასიკური უნივერსიტეტის სახისაგან.
თვით კლასიკურ უნივერსიტეტებშიც არსებულით დაკმაყოფილება და ადგილეზე ტკეპნა, საერთაშორისო საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის აუცილებლობის გაუცნობიერებლობა დაუშვებელია და შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს. საჭიროა სასწავლო პროცესის და მისი თანმხლები ყველა ატრიბუტის გეგმაზომიერი და თანმიმდევრული მოდერნიზაცია: პირველ რიგში საჭიროა არსებული საერთაშორისო გამოცდილების გათავისება.
მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში სასწავლებლების აკრედიტაცია ფართოდ გავრცელებული პროცედურაა. აკრედიტაციის მიზანია თავისი დანიშნულების საუკეთესოდ განმახორციელებელი სასწავლებლები გამოარჩიოს უსუსური ფსევდოსასწავლებლებისაგან. უმაღლესი სასწავლებლის შემთხვევაში აკრედიტაციის საგანი შეიძლება იყოს მთლიანად სასწავლებელი, ფაკულტეტი ან ცალკეული სპეციალობა.
აკრედიტაციის პრაქტიკა აშშ-ში გაჩნდა და დაიწყო განვითარება 1895 წლიდან. ეს ცხოვრებისეულმა აუცილებლობამ განაპირობა. იქ მაშინაც და ახლაც განათლების მართვა და დაფინანსება დეცენტრალიზებულია. განათლების ფედერალური სამინისტრო არ არსებობს. თითოეულ შტატს აქვს თავისი საგანმანათლებლო კანონმდებლობა და მართვის ორგანოები, რომელთა მეშვეობითაც ხდება განათლების გარკვეულწილად კონტროლი, მაგრამ სასწავლებლები ძირითადად მაინც დამოუკიდებელნი რჩებიან. ამის გამო, ერთსა და იმავე შტატშიც კი ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სასწავლო პროგრამებით და სწავლების როგორც შინაარსით, ისე ხარისხით.
საზოგადოების წინაშე დაისვა საკითხი _ რომელ სასწავლებელს ენდოს (აცრედო – ვენდობი) მოქალაქე? მაშასადამე გაჩნდა მთელ ქვეყანაში განათლების ხარისხის გარკვეული საბაზისო დონის განსაზღვრის მოთხოვნა. მიწოდებამაც არ დააყოვნა და ზემოთხსენებულ წელს შეიქმნა პირველი რეგიონალური სააკრედიტაციო სააგენტოები. ამჟამად 50 შტატზე მოდის ექვსი რეგიონალური ასოციაცია, რომლებიც აერთიანებენ სააკრედიტაციო სააგენტოებს. 1980 წლიდან კი შექმნილია მთავრობის საკონსულტაციო საერთო-ეროვნული ორგანოც _ უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის საბჭო, რომელიც მხოლოდ ამ ექვსი ასოციაციის შედეგებს ცნობს.
აკრედიტაციის მოქმედ პროცედურაში ხუთი ძირითადი მომენტი გამოიყოფა.
1. აკრედიტაციის სააგენტო სასწავლებელთან თანამშრომლობით ადგენს აკადემიურ სტანდარტებს;
2. აკრედიტაციის გავლის მსურველი სასწავლებელი, ფაკულტეტი ან სპეციალობა გადის თვითგამოკვლევას იმის დასადგენად თუ როგორია მიღებულ სტანდარტებთან შესაბამისობა;
3. სააკრედიტაციო სააგენტოს მიერ შექმნილი ექსპერტთა სპეციალური ჯგუფი ადგილზე ახდენს შემოწმებას;
4. შემოწმების შედეგების მიხედვით წელიწადში ერთხელ უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის საბჭო აქვეყნებს აკრედიტებულ სასწავლებელთა ოფიციალურ სიას, რაც უადვილებს აბიტურიენტებს სათანადო სასწავლებლის შერჩევას;
5. სააკრედიტაციო სააგენტოები სტატუსის დადასტურების მიზნით პერიოდულად ატარებენ აკრედიტებული სასწავლებლების და პროგრამების გადამოწმებას.
აღსანიშნავია, რომ სააკრედიტაციო სააგენტოები არასამთავრობო ორგანიზაციებია. აკრედიტაცია ნებაყოფლობითია და ტარდება სასწავლებლის ინიციატივით. აკრედიტაციის ყველა ხარჯს ფარავს სასწავლებელი.
აკრედიტაციის შედეგებს ითვალისწინებენ სახელმწიფო და კერძო კაპიტალდაბანდებების განაწილებისას სასწავლებლებს, ფაკულტეტებს და სპეციალობებს შორის. ეს კი საკმარისად ძლიერი მოტივაციაა სასწავლებისათვის აკრედიტაციის მისაღებად.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აკრედიტაციის ორი ტიპი არსებობს: ინსტიტუციონალური და სპეციალიზირებული ანუ პროფესიონალური. პირველი გულისხმობს უმაღლესი სასწავლებლის, როგორც მთლიანის აკრედიტაციას, მეორე კი _ იმ დარგების აკრედიტაციას, რომლებშიც პროფესიულ კომპეტენტურობას სერიოზული მნიშვნელობა აქვს. აქ პირველ რიგში მედიცინა უნდა დასახელდეს. ამასთანავე არის ერთი ყურადსაღები გარემოება: პროფესიული აკრედიტაციის ასოციაცია, როგორც წესი, ითხოვს, რომ ჯერ მთლიანად სასწავლებელს ჰქონდეს აკრედიტაცია, ვიდრე დაისმება მისი რომელიმე ფაკულტეტის ან სპეციალობის აკრედიტაციის საკითხი.
აშშ-ში აკრედიტაციის განხილული პროცედურისაგან დიდად არ განსხვავდება სხვა მოწინავე ქვეყნებში მოქმედი აკრედიტაციის სისტემები. პოსტსაბჭოურ საგანმანათლებლო სივრცეში კი, სადაც ტერმინ `აკრედიტაციას~ იყენებენ, გულისხმობენ ცენტრალურ კონტროლს (მაგალითად, რუსეთში). მაშინ როცა, როგორც ზემოთ ითქვა, აკრედიტაცია არასამთავრობო, დარგის ავტორიტეტული, კომპეტენტური ექსპერტების მიერ ჩასატარებელი პროცედურაა. ჩვენთანაც, როგორც ცნობილია, პრეზიდენტთან შეიქმნა აკრედიტაციის საბჭო, რომელმაც ჯერ-ჯერობით ვერ გაშალა მუშაობა, რაც არც უნდა იყოს გასაკვირი, ვინაიდან არც დაფინანსება აქვთ და არც დარგებზე არიან ორიენტირებული.
დრო კი არ ითმენს. ამჟამად საქართველოში 26 სახელმწიფო და 216 (?!) კერძო უმაღლესი სასწავლებელია. გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს იცოდეს საზოგადოებამ თუ `ვინ არის ვინ~. ამ ვითარებაში ერთად-ერთი გზა რჩება: მივიღოთ საერთაშორისო აკრედიტაცია. მაგრამ, როგორ? ამისათვის საჭიროა კრიტიკული თვითშეფასება, მსოფლიოში აღიარებული პრიორიტეტების ცნობა და უმაღლესი, კერძოდ კი, საუნივერსიტეტო განათლების გეგმაზომიერი მოდერნიზაცია.
საბჭოთა დროიდან დაწყებული, და დღესაც კი, ჩვენს საზოგადოებაში გაბატონებულია აზრი, რომ ჩვენი განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ამ დებულების ჭეშმარიტება, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა. ამ ეჭვს ბადებს, მაგალითად, ის გარემოება, რომ `რკინის ფარდის~ ახდის შემდეგ სტუდენტებს, ასპირანტებს და პედაგოგებს შესაძლებლობა მიეცათ თავისუფლად გადაადგილდნენ როგორც შიგნიდან გარეთ, ასევე გარედან შიგნით. მოძრაობა კი ცალმხრივია: ჩვენები ყველანაირად ცდილობენ დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში სტაჟირებას, იქიდან კი კანტი-კუნტად თუ ვინმე გამოჩნდება. აღარას ვამბობთ იმაზე, რომ `ძლიერნი ამა ქვეყნისანი~ თავიანთ შვილებს განსასწავლად დასავლეთში ისტუმრებენ. რა დგას ყოველივე ამის მიღმა? მოდა? მონატრებულის მოხილვის სურვილი? თუ ჩვენი უმაღლესი სკოლის არაეფექტიანობა? ძნელია ცალსახად ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ბოლო კითხვაზე კი აუცილებლად გვმართებს ყურადღების გამახვილება.
სტუდენტის ყოველკვირეული სააუდიტორიო დატვირთვის მოცულობა ჩვენთან გაცილებით სჭარბობს დასავლეთში მიღებულ ნორმებს, საგანთა რაოდენობით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტს სპეციალობის მისაღებად, ჩვენ ვერავინ შეგვედრება. ამასთანავე, და ამის გამოც, ჩვენი კურსდამთავრებულების ცოდნა და უნარ-ჩვევები მნიშვნელოვნად განსხვავდება დასავლეთის უმაღლესი სასწავლებლების მიერ მომზადებული სპეციალისტების ცოდნისა და უნარ-ჩვევებისაგან, და რაც თვალში საცემია _ ეს უკანასკნელნი პრაქტიკულ საქმიანობაში უფრო ინიციატივიანი, ორიგინალურად მოაზროვნე და მიზანდასახულები არიან.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, უკვე დღესვე, ახლავე, ცხადია, რომ გასაკეთებელია შემდეგი:
1. განუხრელად უნდა იქნეს დაცული სტუდენტთა კვირეული სააუდიტორიო დატვირთვის 24-26 საათიანი ზღვარი. საერთაშორისო მოთხოვნები, მართალია, 20 საათია, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ჩვენთვის არარეალურია.
2. ყოველმა ფაკულტეტმა, ყოველმა კათედრამ პოსტსაბჭოურ, ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში უნდა დაძებნოს სათანადო ფაკულტეტის, კათედრის ანალოგი და შეადაროს ჩვენთან მოქმედი სასწავლო გეგმები და პროგრამები შესაბამისი სპეციალობების უცხოურ სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პირველი გენერალური ასამბლეის (როსკილდი, 2002 წლის აპრილი) რეკომენდაციით ერთი რომელიმე სპეციალობის დაუფლებისათვის შესასწავლი დისციპლინების 75% ერთნაირი უნდა იყოს ვროპულ საგანმანათლებლო სივრცეში, 25% კი ადგილობრივი ტრადიციებისა და პოტენციალის შესაბამისი. მიზანი გასაგებია _ უნდა მოვახდინოთ სასწავლო გეგმების ე.წ. ჰარმონიზაცია.
3. ფაკულტეტებმა უნდა დაიწყონ სტუდენტთა მიერ სასწავლო დისციპლინის ან პედაგოგის ხელოვნების შეფასების ანკეტური გამოკითხვა. ეს გარდუვალია. ეს პროცედურა აკრედიტაციის შემადგენელი ნაწილია ყველგან.
4. განსაკუთრებული ყურადება უნდა დაეთმოს პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო და სამეცნიერო-მეთოდურ პროდუქტულობას, მათ დისციპლინას. პედაგოგად მიღებისას ან ახალი ვადით არჩევისას მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ის მოთხოვნები, რომლებსაც უცილობლად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი.
5. უნდა დაიხვეწოს სემესტრული გამოცდების ჩატარების და ცოდნის ხარისხის შეფასების სისტემა; წერითი გამოკითხვის და ტესტირების ხვედრითი წილი არსებითად უნდა გაიზარდოს.
6. საკურსო, სადიპლომო და სამაგისტრო ნაშრომების რეცენზირება ყველგან უნდა მოხდეს მაღალი მომთხოვნელობით და სრული პასუხისმგებლობით, დაცვები კი საჯაროობის, ობიექტურობის და კეთილგანწყობის პირობებში. აკრედიტაცია გულისხმობს საკურსო, სადიპლომო და სამაგისტრო ნაშრომების დონის გარეშე ექსპერტების მიერ შეფასებას.
7. კონსულტაციებისათვის გამოყოფილი საათები გამოყენებული უნდა იქნეს ნაყოფიერად და რაციონალურად, სათანადო ცხრილები სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი და მოხერხებული უნდა იყოს.
8. თითოეულმა ფაკულტეტმა უნდა იცოდეს მისი კურსდამთავრებულების სპეციალობით დასაქმებულობის მდგომარეობა. ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად.
Viewed 461 times by 281 viewers



