ჩანახატები ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტული პროექტიდან (II)

ლევან შენგელია. წერილი მეორე
სამედიცინო ელექტრონული ბიულეტენი ”ეკოფარმი”.  N217.
 
 

უწმინდესი ბრძანებს – ,,ჯერ კარგად უნდა გავაანალიზოთ თავიდან ბოლომდე და მერე ვაკეთოთ საქმე”

გრძელდება სტატიათა ციკლი საქართველოში სამედიცინო და თანამდევ მცენარეთა ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე. ჩვენ ვცდილობთ გამოვავლინოთ ის პრობლემები, რომლებმაც ამ ინფრასტრუქტურის მშენებლობის გზაზე შეიძლება იჩინოს თავი და ვიპოვოთ მათი გადაჭრის გზები.

,,კადრები წყვეტენ ყველაფერს”

სამკურნალო და თანამდევი მცენარეების ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ–ერთი სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი სპეციალისტთა ნაკლებობაა. დღეს არ მზადდება სპეციალისტები, რომლებსაც კომპლექსურად შეუძლიათ გაუძღვენ დარგსა და ცალკეულ მეურნეობებს. ეს დარგთაშორის, კომპლექსურ ცოდნას მოითხოვს (ეკონომიკა, ბიზნესის მართვა, მენეჯმენტი, მარკეტინგი, აგრო და ფარმტექნოლოგიები და ა.შ.) ამგვარ კომპლექსურ ცოდნას, ჩვენი აზრით, ჯერჯერობით ვერც ერთი ქართული ფაკულტეტი ვერ იძლევა.
საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარების პირველივე ეტაპებზე, მთელი სიგრძე–სიგანით იჩენს თავს ეს პრობლემა.

პატრიარქი ბრძანებს – ,,ქართული უნივერსიტეტი იქნება მაგალითი სხვა უმაღლესის სასწავლებლებისათვის”

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართული უნივერსიტეტის ყველა პროექტი საერთო–ქართულია. პრაქტიკულად ყველა პროექტი იგება იმგვარად, რომ ნებისმიერ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელს, მთელ საქართველოს და დისპორასაც გამოადგეს. უნივერსიტეტის პორტალზე www.sangu.ge განთავსებული სასწავლო მასალებით უკვე არაერთი უმაღლესი სასწავლებლისა და საშუალო სკოლის მოსწავლე სარგებლობს.
პროექტებისადმი ამგვარი მიდგომა უწმინდესისა და რექტორატის პოზიციაა.
საერთო–ქართული პოზიციიდან, ქვემოთ ვცდილობთ გავიაზროთ ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტული პროექტიც.

საჭიროა პრინციპულად ახალი ცოდნის მქონე სპეციალისტები

ჩვენ მივმართეთ ყველა უმაღლეს სასწავლებელს, განიხილონ ხარისხობ–რივად ახალი, ,,ფარმაცევტული წარმოება, მენეჯმენტი და მარკეტინგი” ფაკულტეტის ან სპეციალობის დაარსების საკითხი. ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტული პროექტის ფარგლებში, მზადა ვართ ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელს, უსასყიდლოდ, მივაწოდოთ სრული სასწავლო პროგრამა, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებთან და ქართულ საწარმოო რეალობასთან, თითქმის ყველა სახელმძღვანელოს პროექტი ქართულ ენაზე, აბიტურიენტთა მოზიდვის რეალური გეგმა და კონტაქტები უცხოეთის შესაბამის ფაკულტეტებთან, ფირმებთან და პოტენციურ სპონსორებთან.

სასწავლო საგანი ”სამკურნალო და თანამდევი მცენარეები. გამოყენება, წარმოება, მარკეტინგი” ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტული  პორტალიდან

მიგვაჩნია რომ, ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტული პორტალის მასალები კარგი სასწავლო პროგრამა და სახელმძღვანელოა საგნისათვის ”სამკურნალო და თანამდევი მცენარეები. გამოყენება, წარმოება, მარკეტინგი”. სხვათაშორის, იგი შეესაბამება რამდენიმე პრესტიჟული უცხოური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამას. უფრო მეტიც– მისი ერთი ნაწილი ” კავკასიის სამკურნალო მცენარეები” კარგა ხანია შეტანილია ბრიტანეთისა და იაპონიის რამდენიმე უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში, სადაც რამდენიმე წელი ეკოფარმაცევტულ პორტალზე წარმოდგენილი მასალების ავტორს, ფარმაცევტ ლალი დათეშიძე მოჰყავდა კურსის ”კავკასიური ნაწილი”.
ჩვენ, გვინდა სამედიცინო, ბიოლოგიურ, აგრო და სხვა ინსტიტუტებს ვთხოვოთ განიხილონ ამ მასალების სასწავლო პროგრამებში ჩართვის საკითხი.
ეს ის ცოდნაა, რომელზე საწარმოთა მხრიდან მოთხოვნილება უკვე გაჩნდა და თანდათან გაიზრდება. უკვე სამკურნალო და თანამდევ მცენარეთა რამდენიმე ბაღი გააშენეს უცხოურმა ინვესტორებმა. ხვალ, უფრო მეტი იქნება და სპეციალისტებზე მოთხოვნილებაც გაიზრდება. ამ საგნის სასწავლო პროგრამებში შეტანა, ასწევს შესაბამისი ინსტიტუტის კონკურენტუნარიანობას. ჩვენ ყველა უმაღლეს სასწავლებელს დავუგზავნეთ ამ შინაარსის წერილი.
ქართული უნივერსიტეტის გაზეთის საშუალებით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ამ შეთავაზებას.

სერტიფიცირებული კურსები “სამკურნალო მცენარეთა მეურნეობების დაგეგმვა და მართვა”

20–მდე პირმა Skype–თი გამოთქვა სურვილი ჩაწერილიყო მსმენელად სერტიფიცირებულ კურსებზე “სამკურნალო მცენარეთა მეურნეობების დაგეგმვა და მართვა”,  თუკი ასეთი იარსებებდა.
მივესალმებით ნებისმიერი სტრუქტურის ინიციატივას დაარსოს ასეთი კურსები და მზადა ვართ ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტული პროექტის ფარგლებში, უსასყიდლოდ, მივაწოდოთ მასალები, მათ შორის ისეთი, რომლებიც ჯერ კიდევ არაა განთავსებული ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტულ პორტალზე და ქართულ სამედიცინო ინტერნეტ – ქსელში www.medgeo.net. ამასთან, ხელი შევუწყოთ მსმენელთა მოზიდვაში.

მიტოვებული სოფლების აღწერის პროექტი ეკოფარმაცევტული პორტალზე

ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტულ პორტალზე ერთი პატარა ბლოკია ”მიტოვებული სოფლების აღწერის პროექტი”.
საქართველოში მრავლადაა მიტოვებული სოფლები. მათი აღდგენა მნიშვნელოვანი ქართული საქმეა. აქ, დროთა განმავლობაში, არაფერია არარეალური, თუკი სოფლის ეკონომიკური განვითარების პროექტი სწორად იქნება გააზრებული და მისი რენტაბელობა გამოიკვეთება.
ამ მიკროპროექტის ფარგლებში, ჩვენ იმედი გვაქვს ასეთი სოფლების გულშემატკივრებთან ერთად,  თანდათან შევქმნით მათი აღდგენის რეალურ
ეკონომიკურ პროექტებს.
თხოვნით მივმართავთ ყველას, ვინც დაინტერესებულია ამ კარგი საქმით, მოგვაწოდოს ინფორმაცია ამგვარი სოფლების შესახებ და ერთობლივად დავამუშაოთ მათი აღდგენის ბიზნეს–პროექტი.
თითოეული ასეთი სოფლისათვის, ჩვენ თქვენთან ერთად პირველ ეტაპზე მოვამზადებთ საიტსა და აღდგენის ბიზნეს-გეგმას. მომდევნო ეტაპზე- შევეცდებით სოფლის აღდგენის ბიზნეს-გეგმას მივაპყროთ შესაბამისი ყურადღება.
ერთ-ერთი მიმართულება, რომლითაც აღვადგინოთ სოფლის ეკონომიკა იქნება “ეკოფარმაცევტული მეურნეობის ამოქმედება”. შესაბამისი სამკურნალო და თანამდევი მცენარეები შეიძლება შეირჩეს ნებისმიერი ადგილისათვის. ნებისმიერ შემთხვევაში, სოფლის აღდგენა სწორი გეგმის დასახვით იწყება.
მადლობას ვუხდით ”ეკოსოფლის” ინიციატორს ბატონ შალვა გივიშვილს.

სპეციალური სამეცნიერო თემები მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის ფარმაციასა და მომიჯნავე თემებზე

დარგში სპეციალისტთა მომზადების ერთ–ერთი გზად ამ თემატიკის სადიპლომო და სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის თემატიკაში ჩართვა მიგვაჩნია.
ჩვენ მზადა ვართ:  ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელს დავეხმაროთ თემების შერჩევაში, რომლებსაც აქვთ რეალური საწარმოო პერსპექტივაც, მივაწოდოთ უცხოური და სამამულო მასალები, გამოვუქვეყნოთ სტუდენტთა ნაშრომები ჟურნალებში ”Plants Science” და ”კავკასიის სამედიცინო მაცნე” , ნაშრომის ავტორი კი, შევიტანოთ სპეციალისტთა ინტერნეტ–კატალოგში და ამით,  ხელი შევუწყოთ ამ სპეციალისტთა ცნობილობას.

პროექტები მოსწავლეთა მონაწილეობით

ეკოფარმაცევტულ პორტალზე არის კიდევ ერთი ბლოკი ”პროექტები მოსწავლეთა მონაწილეობით”.
ჩვენ ამ ქვეპროექტში ვცდილობთ მოვიზიდოთ მოსწავლეები რეგიონებიდან და დავეხმაროთ მათ თავიანთი სოფლის ბუნებისა და რესურსების შესწავლაში. პროექტის ეს ნაწილი ეხლა იკრებს ძალას. ჩვენ იმედი გვაქვს მხარს დაგვიჭერენ სკოლების ბიოლოგიის მასწავლებლები.

სტუდენტური რეფერატები

ეკოფარმაცევტულ პორტალზე სტუდენტურ რეფერატებს უკვე ანთავსებენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. პორტალზე განთავსებულია სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა რეფერატები.

მემკვიდრეობითობის პრინციპი

ეკოფარმაცია ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა. იგი როგორც სამეცნიერო და საწარმოო დარგი, (სხვადასხვა სახელით) მთელ მსოფლიოში სწრაფად ვითარდება.
საქართველოშიც, ამ დარგის განვითარებას დიდი ისტორიული ფესვები აქვს.
მნიშვნელოვანია, სპეციალისტთა ახალი თაობა იცნობდეს მიმართულების ისტორიას, რეტროსპექტივას. ეს მნიშვნელოვანია ეროვნული თვალსაზრისით, და მომგებიანიცაა ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან საუკუნეებით დაგროვილ ცოდნა ხშირად დიდი საწარმოო –ეკონომიკურ პოტენციალსაც ატარებს.
ეკოფარმაცია დარგთაშორის აღმოცენებული დარგია. იგი პირდაპირ თუ ირიბად, ეყრდნობა ქართული მეცნიერების ცნობილ მოღვაწეთა: ვლადიმერ კოტეტიშვილის, ალექსანდრე მაყაშვილის, ნიკო კეცხოველის, შალვა ხიდაშელის,ვანო პაპუნიძის, ლინა ერისთავის, ბიძინა ჭუმბურიძის, ნოდარ სვანიძის, მიხეილ შენგელიას, მიხეილ სააკაშვილის ,კონსტანტინე ერისთავის, ზურაბ შენგელიას, და სხვათა ნაშრომებს.
ეკოფარმაცევტულ პორტალსა და მის სატელიტ საიტებზე, ჩვენ ვცდილობთ წინა თაობების მეცნიერთა ღვაწლი გავაცნოთ მომავალ თაობებს. 100–მდე მედიკოსისა და ბიოლოგის ბიოგრაფიაა განთავსებული საიტებზე.
მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მოგვაწვდის ღვაწლმოსილ მეცნიერთა შესახებ ინფორმაციებსა და ბიოგრაფიებს ეკოფარმაცევტულ პორტალზე განსათავსებლად.ცხადია, ბიოგრაფიის განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას სარედაქციო კოლეგია მიიღებს.

ნაშრომთა ბიბლიოგრაფიული საძიებელი

ეკოფარმაცევტულ პორტალზე თავსდება ამ სფეროში ნაშრომთა ბიბლიოგრაფიული საძიებელი. ჩვენი აზრით, ესეც თაობათა მემკვიდრეობითობის პრინციპის რეალიზაციის ერთ–ერთი ფორმაა. ქიმიკოსებს, ბიოლოგებს, მედიკოსებს დადგენილ ფორმატში შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი შრომების სია, თუკი ისინი პირდაპირ ან ირიბად ეკოფარმაციას ეხმიანება.

კონფერენცია ”საქართველოს სამკურნალო მცენარეები”

მწიფდება აზრი, რომ ჩატარდეს რესპუბლიკური კონფერენცია  ”საქართველოს
სამკურნალო მცენარეები”. ვვარაუდობთ, რომ კონფერენციაზე იმუშავებს რამდენიმე სექცია:

  1. საქართველოს სამკურნალო ფლორა;
  2. სამკურნალო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები;
  3. მცენარეული პრეპარატების წარმოების პრობლემები;
  4. მცენარეული პრეპარატები და მწარმოებელი საწარმოები.

კონფერენციის ორგანიზებით დაინტერესებულ ორგანიზაციებს ვთხოვთ შეგვეხმიანონ ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტულ პორტალზე.

საქართველოს საპატრიარქოს წმ.ანდრია პირველწოდებულიs სახელობის ქართულმა უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს სამი რეცენზირებადი ჟურნალი:

ქართულმა უნივერსიტეტმა რამდენიმე სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალს
ჩაუტარა საფუძველი. სამი მათგანი:

  1. ”Plants Science”
  2. ”კავკასიის სამედიცინო მაცნე”
  3. ”ტერმინმცოდნეობა”

– მიჰყავს ეკოფარმაცევტულ პროექტს. ჟურნალების ინდექს–გვერდი განთავსებულია მისამართებზე: და www.medgeo.net

სამედიცინო და ბიოლოგიური ინსტიტუტებს, ცალკეულ მეცნიერებს, ვთხოვთ ამ ჟურნალების სარედაქციო კოლეგიაში წარმოადგინოთ წარმომადგენლები. ჟურნალებში გამოქვეყნდება სტატიები, რომელთაც სარედაქციო კოლეგიის წევრები წარმოადგენენ.

ქართველ კაცს მიწის სიყვარული სისხლში აქვს გამჯდარი

ჩვენ ვცდილობთ საქართველოში, ახალ ეკონომიკურ საფუძველზე ავაღორძინოთ უძველესი კულტურები და დავნერგოთ ახალი კულტურები, რომლებიც რეალურად დაამაგრებს მიწაზე ქართველ გლეხს.
ბევრი მცენარისათვის, რომლის აღორძინება–დანერგვასაც ჩვენ ვცდილობთ საჭიროა მეცნიერული თვალი, დაკვირვება.
ქართველ მეცნიერთა ჩვენს თაობაში ბევრია ვისაც უყვარს მიწა, აქვს სოფელი, ნაკვეთი თუ პატარა ბაღი სახლთან და სიამოვნებით უვლის მას.
თხოვნით მივმართავთ ბუნებისა და მიწის მოყვარულ მეცნიერებს, განურჩევლად პროფესიისა, შეგვეხმიანონ . ჩვენ თანდათან მოგაწვდით იშვიათი მცენარეების თითო–ოროლა ნერგსა თუ თესლს, დარგეთ ისინი თქვენს ნაკვეთში და დავაკვირდეთ მათ. ამ გზით, მივიღებთ ინფორმაციას, სხვადასხვა პირობებში როგორ ხარობს ესა თუ ის, საცდელი მცენარე. ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქართველი
გლეხის ცხოვრებაში. ამავე თხოვნით მივმართავთ ეკლესიებისა და მონასტრების მრევლსა და საეკლესიო მოღვაწეთ. მრავალ ეკლესიას აქვს მცირე ბაღი, გაშენებული უნიკალური მცენარეებით. აღვწეროთ ისინიც.
აგრეთვე, მოგვაწოდეთ ინფორმაცია შედარებით იშვიათი ჯიშების, სახეობების შესახებ, რომლებიც თქვენ გირგიათ ან იცით, მოგვაწოდეთ სურათები.
ყველა ეს მასალა გამოქვეყნდება ქართული უნივერსიტეტის ეკოფარმაცევტულ პორტალზე და საბოლოოდ ერთიანი ბაზის სახეს მიიღებს.
უფლის ნებით, იგი შეიძლება გლეხისათვის, მრავალი კარგი სამეწარმეო გადაწყვეტილების საფუძველი გახდეს და ქვეყანასაც წაადგეს.