სისხლძარღვოვანი კრიზები

სისხლძარღვოვანი კრიზები

სისხლძარღვოვანი კრიზები – რეგიონალური და სისტემური კრიზები, გამოვლინებები, მიმდინარეობა, მკურნალობა >>>>

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

სისხლძარღვოვანი კრიზები (ანგიოდისტონიური კრიზები) – სისტემური ჰემოდინამიკის ან ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის მწვავე გარდამავლი დარღვევები, რომლებიც განპირობებულია სისხლძარღვთა ტონუსის მოშლით, ანუ არტერიების ჰიპერტონიით ან ჰიპოტონიით, ვენების ჰიპოტონიით, ქსოვილოვანი არტერიულ-ვენური ანასტომოზების დისფუნქციით. აღინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის, ენდოკრინული სისტემის, ჰიპერტონული დაავადებისა და სხვა დაავადებების ფუნქციური და ორგანული პათოლოგიების დროს, რომლებიც ხასიათდებიან სისხლძარღვთა ტონუსის რეგულაციის დარღვევებით (მათ შორის ვაზოაქტიური სუბსტანციების – ადრენალინის, ბრადიკინინის, ჰისტამინის, სეროტონინისა და სხვ. ჭარბი პროდუქციით), საკუთრივ სისხლძარღვის კედლისა და მისი რეცეპტორული აპარატის დაზიანებით (მაგალითად, გაყინვის, ათეროსკლეროზის, ვასკულიტების დროს). ანგიოდისტონიის პათოგენეზში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სისხლძარღვთა გლუვი კუნთების მემბრანებისა და მათი არხების განვლადობის ფუნქციის ცვლილებებს.

სისხლძარღვოვან კრიზებს ყოფენ რეგიონალურ და სისტემურ კრიზებად: რეგიონალური კრიზები შეესაბამებიან ორგანოს ან ქსოვილის სისხლმომარაგების ლოკალიზებულ დარღვევებს, რომელიც დამოკიდებულია ანგიოდისტონიის ტიპზე. არტერიების ჰიპერტენზია (არტერიოლები) რომელიც ზოგჯერ აღწევს ანგიოსპაზმის ხარისხს, ხასიათდება ქსოვილის იშემიით სისხლის მიდინების მკვეთრი შეზღუდვის, ან შეწყვეტის გამო; არტერიების ჰიპოტენზია გამოიხატება ჭარბი სისხლის მიდინებით (ჰიპერემია, ტემპერატურის ლოკალური მომატება, ქსოვილების იშემია ნორმალური ან გაზრდილი სისხლდინების დროს); ვენების ჰიპოტენზია – მათი გადაჭიმვიტ, კაპილარებში სისხლის ადგილობრივი შეგუბებით და ქსოვილის პერიკაპილარული შეშუპებით. რეგიონალურ სისხლძარღვოვან კრიზებს მიეკუთვნება ჰემიკრანიის შეტევები შაკიკის დროს და სხვა სახის ე. წ. ვაზომოტორული თავის ტკივილები, თითების იშემიის შეტევები რეინოს დაავადებისა და სინდრომის დროს, ერითრომელალგია და მორეციდივე აკროციანოზი ანგიოტროფონევროზების დროს, ე. წ. ვარიანტული სტენოკარდია (განპირობებული კორონალური არტერიების სპაზმით), ცერებრული სისხლძარღვოვანი კრიზები ჰიპერტონული დააბავადების დროს. სისტემური სისხლძარღვოვანი კრიზები ხასიათდებიან სისხლის მიმოქცევის საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის ან პერიფერიული ვენების საერთო ტევადობის ცვლილებით. ისინი ვლინდებიან არტერიული წნევის მომატებით ან დაქვეითებით და გულის მუშაობის მეორადი უკმარისობის ნიშნებით. კრიზები, რომლებიც მიმდინარეობენ არტერიული წნევის მწვავე დაცემით, განიხილავენ სიხლძარღვოვანი კოლაფსის პათოგენეტიკურ ვარიანტებს შორის. კრიზებს არტერიული წნევის მწვავე მატებით უწოდებენ ჰიპერტონულს; ისინი ხშირია ჰიპერტონული დაავადების, დროს, ერწყმის რეგიონალურ სისლხძარღვოვან კრიზებს. არტერიული წნევის უეცარი მომატება განსაკუთრებით დამახასიათებელია დაავადებებისათვის, რომელებიც გამოირჩევიან ნერვული სისტემის სიმპათიკური ნაწილის ჰიპერაქტიურობით და (ან) სისხლში ადრენალინის ჭარბი გადასროლით, რაც იწვევს სხვადასხვა ორგანოების ადრენორეცეპტორების ჭარბ აგზნებას. ასეთ შემთხვევებში სისხლძარღვოვანი დარღვევები შეადგენენ მწვავე ვეგეტატიური დისფუნქციის მრავალგვარი გამოვლინებების მხოლოდ ნაწილს ან ვეგეტატიური ადრენერგული კრიზის, რასაც ხშირად უწოდებენ სიმპათოადრენალურს ან ადრენალურს (პათოგენეზის მიხედვით). ადრენერგული კრიზები აღინიშნება ფეოქრომოციტომის, ჰიპოთალამური სინდრომის და სხვა წაროშობის ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვანი დისფუნქციის დროს.

სისხლძარღვოვანი კრიზების მკურნალობა უმრავლეს შემთხვევაში გადაუდებელია. სამკურნალო საშუალებების შერჩევა განისაზღვრება კრიზის პათოგენეზით. მორეციდივე კრიზის დროს, რომელიც მიმდინარეობს ერთი ტიპის პათოგენეზით, ავადმყოფს შეურჩევეენ პროფილაქტიკურ საშუალებას და აძლევენ რეკომენდაციას გადაუდებელი დახმარების ინდივიდუალური აფთიაქის კომპლექტირებისა და გამოყენების შესახებ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..