ბრონქიოლიტი

ბრონქიოლიტი bronchiolitis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ბრონქიოლიტი (bronchiolitis) ბრონქიოლების მწვავე ანთება; განიხილება როგორც მწვავე ბრონქიტის მძიმე ფორმა.

ბრონქიოლიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი

გამომწვევია ჩვეულებრივ ვირუსები (გრიპოზული, რესპირატორულ-სინციტიალური) ან ვირუსულ-ბაქტერიულიინფექციები. შესაძლოა განვითარდეს გამაღიზიანებელი აირების, ძალიან ცივი ჰაერის შესუნთქვით.

ბრონქიოლიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა

დაავადების დასაწყისი მწვავეა ან ვითარდება ტრაქეობრონქიტის ფონზე. დამახასიათებელია ცხელება (38-390C); გამოხატული ქოშინი, ზედაპირული სუნთქვა დამხმარე მუსკულატურის მონაწილებით. გულმკერდი ფიქსირებულია ჩასუნთქვის მდგომარეობაში, აწეული მხრის სარტყლით. სახე შებიჟვინებული, ციანოზურია. აღინიშნება მტანჯველი ხველა მცირედი ლორწოვანი ნახველით, ტკივილი გულმკერდში კუნთების გადაძაბვის გამო და დიაფრაგმის შეკუშვა ხველის დროს. პერკუტორული ხმიანობა კოლოფისებური ელფერით, სუნთქვა შესუსტებული ან მკვრივია, მოისმინება უხვი წვრილბუშტუკოვანი ხიხინი, მსტვინავი ხიხინი ამოსუნთქვის დროს;მატულობს ობსტრუქციული ემფიზემის სიმპტომები.

სუნთქვის გამოხატულ უკმარისობას ერთვის ფილტვისმიერი და ინტრაკარდიალური ჰემოდინამიკის დარღვევები ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის შედეგად. რენტგენოლოგიურად ვლინდება ფილტვის სურათის გაძლიერება ქვედა ნაწილებში და ფილტვის ფესვების მიდამოში. აღინიშნება ლეიკოციტოზი, ედს-ის მომატება. მიმდინარეობა საკმაოდ მძიმეა, დაავადების ხანგრძლივობა დაახლოებით 5-6 კვირაა. შესაძლოა ლეტალური გამოსავალი. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მილიარულ ტუბერკულოზთან, პნევმონიასთან. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.

ბრონქიოლიტი – მკურნალობა

ანტიბიოტიკების პარენტერალური შეყვანა მწვავე პნევმონიის მკურნალობის პრინციპით. ოქსიგენოთერაპია; ანალეპტური საშუალებები; არაპროდუქტიული ხველის დროს ნაჩვენებია  ხველის საწინააღმდეგო საშუალებები, შემდეგ კი ამოსახველებლები და მუკოლიტიკები; ანალგეტიკები ტკივილის დროს; კოტოშები, მდოგვის საფენები, სპირტიანი კომპრესები გულმკერდზე, დაზელვა;  აუცილებლობის დროს-ინტენსიური თერაპია რეანიმაციულ განყოფილებაში.

__________________________________________________

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით

სასუნთქი სისტემის დაავადებები