მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობა

მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობა

მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობა (circulatory collapse) – კლინიკური სინდრომია, რომელიც ვითარდება ცირკულირებადი სისხლის მოცულობის, მისი გულისკენ მიდინებისა და სასიცოცხლო ორგანოების სისხლმომარაგების შემცირების გამო. მისი გამოვლინება ხდება გულის წასვლის, კოლაფსისა და შოკის სახით.

გულის წასვლა – მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის ყველაზე მსუბუქი და სწრაფად უკუგანვითარებადი ფორმა. აღინიშნება პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში ჩახუთულ სივრცეში დიდხანს ყოფნის შემდეგ, სისხლის დანახვისას, გადაძაბვისას, აგრეთვე გულ – სისხლძარღვთა დაავადებების გამო სისხლის დაკარგვის შედეგად. გულის წასვლის განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება გულ – სისხლძარღვთა სისტემის ნერვულ – რეფლექტორული რეგულაციის დარღვევას სისხლმომარაგების უკმარისობით. გულის წასვლა ვლინდება უცაბედი სისუსტით, შეუძლოდ ყოფნით, ღებინებით, თავბრუსხვევით, თვალებში დაბინდვით და გონების სწრაფი დაკარგვით. პულსი სუსტი ავსების, იშვიათი, არტერიული წნევა დაქვეითებულია, ავადმყოფი ფერმკრთალია. კუნთები ჩვეულებრივ დასუსტებულია, კრუნჩხვები არ აღინიშნება. აღნიშნული მდგომარეობა გრძელდება რამდენიმე წუთი, რის შემდეგაც თავისით უკუგანვითარდება. აუცილებელია ავადმყოფი დავაწვინოთ უკან გადახრილი თავით, რათა გაუმჯობესდეს თავის ტვინის სისხლით მომარაგება. შესაძლებელია შევასუნთქოთ ნიშადურის სპირტი ან სახეზე შევასხათ ცივი წყალი. მატონიზირებელი საშუალებებიდან შეიძლება კენქვეშ შევიყვანოთ კორდიამინი ან კოფეინი. გამოხატული სისხლძარღვოვანი უკმარისობა ვლინდება კოლაფსის და შოკის სინდრომის განვითარებით. ის შეიძლება განვითარდეს მწვავე ინფექციური დაავადებებისას (მაგალითად კრუპოზული პნევმონია), მასიური სისხლდენების, მიოკარდიუმის ინფარქტის, ანაფილაქსიური შოკით გართულებული მძიმე ალერგიული რეაქციების, დამწვრობების და სხვა მწვავე დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობენ მძაფრი ტკივილებით (მაგალითად ტრამვები), სხვადასხვა მძიმე ინტოქსიკაციებისას. მძიმე სისხლძარღვოვანი უკმარისობის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებას. კოლაფსის და შოკის კლინიკური გამოვლინებები ხშირად დაკავშირებულია იმ ძირითადი დაავადების გამოვლინებასთან, რომელიც იწვევს სისხლძარღვოვანი უკმარისობის განვითარებას. თუმცა შესაძლებელია პირველადი კოლაფსის განვითარება აშკარა მიზეზების გარეშე. ხშირად ამას ადგილი აქვს მასიური ფარული სისხლდენის, ინფარქტის უმტკივნეულო მიმდინარეობის, ზოგიერთი ინტოქსიკაციების დროს. ავადმყოფი ჩვეულებრივ გონებაზეა, თუმცა ძალიან მოდუნებული და შენელებულია. იგი უჩივის საერთო სისუსტეს, ფერმკრთალია, წევს საწოლში უკან გადაწეული თავით, სახის ნაკვთები წაწვეტებულია, სხეულის ტემპერატურა ეცემა. ზოგჯერ ავადმყოფები კარგავენ გონებას. ყველაზე მეტად დამახასიათებელია არტერიული წნევის დაქვეითება 80/40 მმ.ვწყ.სვ – მდე და უფრო დაბლა, ჩვეულებრივ აღინიშნება ტაქიკარდია. უმძიმესი მდგომარეობის დროს წნევა შესაძლოა საერთოდ არ ისინჯებოდეს. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა და არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი, საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ სისხლძარღვოვანი უკმარისობის სიმძიმე და მისი უკუგანვითარება ჩატარებული მკურნალობის შედეგად. მძიმე დაავადებების დროს განვითარებული მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობა საფრთხეს უქმნის ავადმყოფის სიცოცხლეს. სისხლძარღვოვანი უკმარისობის ხანგრძლივობა შესაძლებელია მერყეობდეს. ანაფილაქსიური შოკი სხვადასხვა ალერგენის, მაგალითად მედიკამენტების, შეყვანის შემდეგ შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან დღე – ღამემდე, რაც დამოკიდებულია შეყვანილი ალერგენის რაოდენობაზე. ამასთან ერთად შოკი ვითარდება სისხლძარღვების გამავლობის გაზრდის და სისხლის მნიშვნელოვანი ნაწილის სანათურიდან ქსოვილებში გამოსვლის შედეგად. ტრავმულ შოკს გააჩნია ე.წ. ერექციული ფაზა, რომლის დროსაც ავადმყოფი აგზნებულია, ხშირად აწუხებს მკვეთრი ტკივილები, ამასთან არტერიული წნევა შესაძლოა მომატებულიც იყოს. მოგვიანებით ვითარდება ზემოთაღნიშნული სისხლძარღვოვანი უკმარისობის ნიშნები. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს სისხლძარღვოვან უკმარისობას ხშირად თან სდევს გულის უკმარისობის და სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში სისხლის შეგუბების ნიშნები. კარდიოგენული შოკი აღწერილია თავში ,,მიოკარდიუმის ინფარქტი”.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.