კოლაფსი
კოლაფსი – მიზეზები, სიმპტომები, მიმდინარეობა, მკურნალობა >>>
კოლაფსი (collapse) – წარმოადგენს მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის ერთ – ერთ ფორმას, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვოვანი ტონუსის მკვეთრი დაქვეითებით ან ცირკულირებადი სისხლის მასის სწრაფი შემცირებით, რაც იწვევს გულისაკენ ვენური სისხლდინების შემცირებას, არტერიული და ვენური წნევის დაქვეითებას, ტვინის ჰიპოქსიას და ორგანიზმის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების დათრგუნვას.
მიზეზები: მწვავე ინფექციები (მუცლისა და პარტახტიანი ტიფები, მენინგოენცეფალიტი, პნევმონია და სხვ.), სისხლის მწვავე დაკარგვა, ენდოკრინული და ნერვული სისტემების დაავადებები (სიმსივნეები, სირინგომიელია და სხვ.), ეგზოგენური ინტოქსიკაციები (ნახშირჟანგით, ფოსფორორგანული ნაერთებით და სხვ. მოწამვლა), სპინური და პერიდურული ანესთეზია, სისხლის ორთოსტატიკური გადანაწილება (ზოგიერთი სამკურნალო საშუალებების – განგლიობლოკატორების, ინსულინის, ჰიპოტენზული პრეპარატების დოზების გადაჭარბება და სხვ.), მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე დაავადებები (პერიტონიტი და სხვ.). კოლაფსი შესაძლოა იყოს მიოკარდის კუმშვითი ფუნქციის მწვავე დარღვევის გართულება, რომელიც წარმოიქმნება მიოკარდის ინფარქტის მწვავე პერიოდში, მკვეთარდ გამოხატული ტაქიკარდიის, ბრადიკარდიის დროს, ასევე სინუსური კვანძის ფუნქციის დარღვევებისას და სხვ. არსებობს განხვავებები ცნებებს შორის ,,კოლაფსი და ,,შოკი”. შოკს, განსხვავებით კოლაფსისაგან უწოდებენ ორგანიზმის რეაქციას ზეძლიერ, განსაკუთრებით მტკივნეულ გამაღიზიანებელზე, რომელიც მიმდინარეობს ნერვული და ენდოკრინული სისტემების, სისხლის მიმოქცევის, სუნთქვის, ნივთიერებათა ცვლის პროცესების, თირკმელების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების კიდევ უფრო მძიმე დარღვევებით.
სიმპტომები: უმეტეს შემთხვევაში უეცრად ვითარდება საერთო სისუსტის შეგრძნება, თავბრუსხვევა; ავადმყოფი უჩივის შემცივნებას, წყურვილს, სხეულის ტემპერატურა დაქვეითებულია, სახის ნაკვთები წაწვეტებულია, კიდურები ცივი, კანის საფარველი და ლორწოვანი გარსები ფერმკრთალი და ციანოზურია, შუბლი, საფეთქლები ზოგჯერ მთლიანად სხეული დაფარულია ცივი ოფლით, პულსი სუსტი და მცირე ავსებისაა, გახშირებული, ვენები ჩავარდნილია, არტერიული წნევა დაქვეითებული. გულის საზღვრები გაფართოებული არ არის, ტონები მოყრუებული, ზოგჯერ არითმულია, სუნთქვა ზედაპირული, გახშირებულია, მაგრამ მიუხედავად ქოშინისა, ავადმყოფს არ აწუხებს მოხრჩობის შეგრძნება, წევს ქვევით დაწეული თავით; დიურეზი დაქვეითებულია. გონება შენახული ან დაბინდულია, გარშემომყოფთა მიმართ ავადმყოფი უკონტაქტოა, გუგების რეაქცია სინათლეზე დუნეა, აღინიშნება ხელის თითების ტრემორი, ზოგჯერ კრუნჩხვები. ცირკულირებადი სისხლის მოცულობა ყოველთვის დაქვეითებულია, ხშირად აღინიშნება დეკომპენსირებული მეტაბოლური აციდოზი, ჰემატოკრიტი მომატებულია. დიფერენციალური დაგნოზი ტარდება გულის წასვლასთან, რომლის დროსაც ფუნქციური დარღვევები გამოხატულია ნაკლებად, არტერიული წნევა ნორმალურია, ასევე გულის უკმარისობასთან, როდესაც ცირკულირებადი სისხლის მოცულობა გაზრდილია, არტერიული წნევა ნორმალურია.
მკურნალობა გადაუდებელია. მიზეზის მიხედვით – სისხლდენის შეჩერება, ორგანიზმიდან ტოქსიკური პროდუქტების მოცილება, სპეციფიკური ანტიდოტების მიღება, ჰიპოქსიისმოხსნა და სხვ. ავადმყოფს ათბობენ, აწვენენ ზემოთ აწეული ფეხებით. ატარებენ ტრანსფუზიას და სხვ.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები