დავით გარეჯის უდაბნო

მთავარი გვერდი

მღვდელ-მონაზონი კალისტრატე 1884 წელს ასე აღწერს წმ. დავითის უდაბნოს.

თუმცა ეს ადგილი უწყლოა და ცხელი, მაგრამ უწინ მშრომელ ბერებთაგან დარგულია ხევებში ხეხილნი: ნუში, ატამი, ჭერამი, კაკალი, თუთა, ხართუთა და სხვ., განგებ მათთვის გაკეთებულს მოფერდო ალაგზე, ქვა და მიწით შემაგრებულს ხევებში, ძირიდამ აყოლებული ვიდრე უდაბნოს მთის თავამდის, ერთი მეორეზედ მოშორებით, თითქო გალავნით ნაკვეთ-ნაკვეთ მიწებად დაყოფილი, როგორც ბაღი; ამ გვარად დარგული ხეხილი და მწვანე თივა ახარებენ მნახველის გულსა.

ამ ნაირად არიან სხვა და სხვა ამ უდაბნოს კალთებშიაც დარგული ნაყოფიერი ხეები, რომელთაც ასაზრდოებს მიწა და ნაწვიმარი წყალი, ჩამომდინარე ხსენებულის მთებიდამ.

ამ უდაბნოს მთები არიან ფერით მოყვითალო, ქვიშიანი; ქვემოთ მდებარე მთები კი ფერათ არიან თეთრი, წითელი, ლურჯი, შავი და ყვითელი, როგორც საღებავი, და ზოლიანი; არიან ეგრეთვე გოგირდის სუნის მლაშე ადგილები, ქვის ნახშირი, უნდა იყოს ნავთიც. არ შეიძლება არ იყოს რაისამე მადანი ამ მხარეში, თუ კი იმას ეყოლება მცოდნე მძებნელი. ამ მთებს უვლის ბაქოს რკინის გზა თუთხმეტ ვესტზედ ყარაიის მინდვრებით. უდაბნოს გარეშე აღმომცენარეობს  მშვენიერი წმინდა თივა, როგორც აფხაზეთ-სამეგრელოში კოინდარი; ბლომად ამოდის სატაცური, ქარქვეტა, დანდური, კაპარი და სოკო. ოთხფეხისაგან იმყოფებიან აქ ზამთრით ცხვრის ფარები, მუდამ კი ჯეირანები, კურდღელი, აფთარი, დათვი, მგელი და მელა. მფრინველთაგან – მგალობელნი: შროშანი, შაშვი, მერცხალი, ტარბი, კაკაბი, გნოლი, მწყერი, გარიელა, და დაბერებული ორბები; ზაფხულობით ერთობ ბევრი იცის ქვემძრომები. ზამთარში ეწვევიან ხოლმე უდაბნოს გარეული ინდოური, წერო და ბატები.

ესენი იმიტომ მოვიხსენე, რომ შეუძლიან მკითხველმა გაიცნოს თვისება აქაურის ჰაერისა.

(აღებულია საიტიდან