ჰიპერტონიული კრიზები

ჰიპერტონიული კრიზები

ჰიპერტონიული კრიზები – ცერებრული ანგიოჰიპეტონური კრიზი, ცერებრული იშემიური კრიზი,  ცერებრული რთული კრიზი, გენერალიზებული სისხლძარღვოვანი კრიზი  >>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰიპერტონიული კრიზები ვითარდება ჰიპერტონიული დაავადების დროს. ხასიათდება სისტემური და რეგიონალური, უპირატესად ცერებრული, ანგიოდისტონური ტიპების შერწყმით. განასხვავებენ ჰიპერტონიული კრიზის ხუთ ვარიანტს, რომელთაგან განსაკუთრებით ხშირია სამი: ჰიპერტენზიული კარდიალური კრიზი, ცერებრული ანგიოჰიპეტონური კრიზი და ცერებრული იშემიური კრიზი. იშვიათია ცერებრული რთული კრიზი და გენერალიზებული სისხლძარღვოვანი კრიზი. ყველა ჰიპერტონიული კრიზისათვის საერთოა მათი კავშირი ჰემოდინამიკის ნერვული რეგულაციის მოშლასთან. კრიზების ცალკეული კლინიკურ – პათოგენეტიკური ვარიანტის დიაგნოსტიკა დაფუძნებულია თითოეული ვარიანტისათვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომების ან სინდრომის გამოვლინებაზე და არ მოითხოვს კვლევის ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებას.

ჰიპერტონიული კარდიალური კრიზი ხასიათდება გულის მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობით, არეტრიული წნევის მკვეთრი მომატებისას, ჩვეულებრივ 220/120 მმ.ვწყ.სვ. ზევით. არტერიული წნევის შედარებით დაბალი ციფრების დროს ამგვარი კრიზის განვითარება შესაძლებელია არტერიული ჰიპერტენზიის ზოგიერთი სიმპტომატური ფორმების დროს (რენალური ფორმა, პაროქსიზმული ჰიპერტენზია ფეოქრომოციტომის დროს). კრიზის ადრეულ ნიშნებს მიეკუთვნება აფირიაქება, მოუსვენრობა, რომელიც ვლინდება არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატების ფონზე. მოგვიანებით ვლინდება ტაქიკარდია, გულის პირველი ტონის შესუსტება, ქოშინი. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ორი მიმართულებით: პირველ რიგში გამოირიცხება გულის პირველადი პათოლოგია – მიოკარდის მწვავე ინფარქტი, მიოკარდიტი, მეორე – გამოირიცხება სიმპტომატური არტერიული ჰიპერტენზიით მიმდინარე დაავადებები, უწინარეს ყოვლისა ფეოქრომოციტომა, რომლის დროსაც უკუნაჩვენებია განგლიობლოკატორებისა და სიმპათოლიტიკების გამოყენება.

ცერებრული ანგიოჰიპეტონური კრიზი შეესაბამება ე. წ. ჰიპერტონულ ენცეფალოპათიას, რომელიც განპირობებულია ქალაშიდა ვენებისა და ვენური სინუსების გადავსებით სისხლით, ტვინის კაპილარებში წნევის მომატებით, რაც იწვევს ტვინის შესიება – შეშუპებას, ქალაშიდა წნევის მომატებას. კრიზის საფუძველია ტვინის არტერიების არასაკმარისი ტონური რეაქცია არტერიული წნევის მომატებაზე, რაც განაპირობებს სისხლის ჭარბი ნაკადის გაღწევას ტვინისაკენ მაღალი წნევით, ასევე ტვინის ვენების ჰიპოტონიას, რაც აფერხებს გადინებას. კრიზის ძირითადი განმასხვავებელი სიმპტომია თავის ტიპიური ტკივილი, რომელიც თავდაპირველად ლოკალიზდება კეფის მიდამოში, ირადირებს რეტროორბიტალურ სივრცეში, შემდეგ კი ხდება დიფუზური; ძლიერდება სიტუაციებში, როდესაც ძნელდება სისხლის გადინება ტვინის ვენებიდან, მცირდება სხეულის ვერტიკალური მდებარეობისას, სასმელების მიღების შემდეგ, რომლებიც შეიცავენ კოფეინს. კრიზის დიაგნოზი, რომელიც მოითხოვს დაუყონებლივ დახმარებას, ისმება კეფის ტკივილის ირადიაციის მომენტიდან რეტროორბიტალურ სივრცეში, რის შემდეგაც ტკივილის ინტენსივობა სწრაფად იზრდება, ხდება დიფუზური. კრიზის გვიან ფაზაში ვლინდება სხვადასხვა ვეგეტატიური დარღვევები, უწინარეს ყოვლისა, გულისრევა, შემდეგ კი ღებინების განმეორებითი შეტევები, რაც მცირე ხნით ამსუბუქებს ავადმყოფის მდგომარეობას. ვლინდება სკლერებისა და კონიუნქტივის სისხლძარღვების ინიექცია, ზოგჯერ სახის ციანოზური ჰიპერემია; აღინიშნება ტვინის ზოგადი ნევროლოგიური დარღვევები. კრიზი ხშირად იწყება არტერიული წნევის ზომიერად მომატებისას, მაგ. 170/100 მმ ვწყ სვ – მდე; იგი იზრდება კრიზის განვითარებასთან ერთად 220/120 მმ ვწყ სვ – მდე და მეტად.

ცერებრული იშემიური კრიზი განპირობებულია ტვინის არტერიების ჭარბი ტონური რეაქციით, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატების პასუხად. განმასხვავებელი კლინიკური სიმპტომებია: კეროვანი ნევროლოგიური დარღვევები, რომელიც დამოკიდებულია ცერებრული იშემიის კერაზე; ისინი ვლინდებიან კრიზის გვიან ფაზაში. მათ ხშირად წინ უსწრებს თავის ტვინის ქერქის დიფუზური იშემიის ნიშნები, რაც გამოიხატება ეიფორიით, გაღიზიანებადობით, რასაც ცვლის დათრგუნვა, ცრემლიანობა; ზოგჯერ აღინიშნება აგრესიულობა ქცევაში. კრიზის ამ ფაზაში ხშირად აღინიშნება ავადმყოფის არაკრიტიკული დამოკიდებულება საკუთარი მდგომარეობისადმი, რაც აძნელებს ადრეულ დიაგნოსტიკას. ტვინის სისხლის მიმოქცევის დინამიური დარღვევისაგან კრიზი განსხვავდება მხოლოდ ნაკლები გამოხატულებითა და კეროვანი ნევროლოგიური დარღვევების შედარებითი ხანმოკლეობით (დღე – ღამეზე ნაკლები).

ცერებრული რთული კრიზი ხასიათდება კეროვანი ნევროლოგიური დარღვევების წარმოქმნით ანგიოჰიპეტონური კრიზის კლინიკური გამოვლინებების გაჩაღების პერიოდში, იშვიათად მისი განვითარების დასაწყის ფაზაში.

გენერალიზებული სისხლძარღვოვანი კრიზი გარდა არტერიული წნევის მნიშვნელოვანი ზრდისა, რასაც თან ახლავს გამოხატული დიასტოლური ჰიპერტენზია, ხასიათდება პოლირეგიონული ანგიოდისტონიებით, ერთდროულად რამოდენიმე ორგანოს სისხლმომარაგების დარღვევის ნიშნებით, კერძოდ ტვინის (თავის ტკივილი, ნევროლოგიური დარღვევები), თვალის ბადურის (მხედველობის დარღვევები მხედველობის ველის გამოვარდნით), გულის (სტანოკარდია, არითმია), თირკმელების (პროტეინურია, ჰემატურია). ხშირად ვითარდება გულის მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა.

მკურნალობა: მშვიდი გარემო, დაუყონებლივ სწრაფადმოქმედი ჰიპოტენზული საშუალებების შეყვანა კრიზის სიმძიმის, არტერიული წნევის დონისა და ფარმაკოლოგიური ანამნეზის მონაცემების გათვალისწინებით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები