სარკოიდოზი

სარკოიდოზი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

სარკოიდოზი (sarcoidosis) – უცნობი ეტიოლოგიის სისტემური დავადება, რომელიც ხასიათდება ქსოვილებში გრანულომების წარმოქმნით. გრანულომები ერთგვაროვანი, მრგვალი და მკაფიოდ შემოფარგლულია გარემომცველი ქსოვილებიდან. განსხვავებით ტუბერკულოზური ხორკლისაგან მათში არ არის კაზეოზური ნეკროზი. სარკოიდოზი გვხვდება უპირატესად ახალგაზრდა და საშუალო ასაკში, რამდენადმე უფრო ხშირად ქალებში. ზიანდება პრაქტიკულად ყველა ორგანო, უმთავრესად ლიმფური კვანძები, ფილტვები, ღვიძლი, ელენთა, იშვიათად თირკმელები, კანი, თვალები, ძვლები და სხვ. განსაკუთრებით ხშირია სასუნთქი ორგანოების დაზიანება.

სარკოიდოზი – სიმპტომები, მიმდინარეობა. პირველი სტადია ხასიათდება გულმკერდის ლიმფური კვანძების გადიდებით. მეორე სტადიაში ამასთან ერთად აღინიშნება ინტერსტიციური ცვლილებები და სხვადასხვა სიდიდის კერები, უპირატესად ფილტვების საშუალო და ქვედა წილებში. მესამე სტადიაში ვლინდება მნიშვნელოვანი დიფუზური ფიბროზი ფილტვებში და მსხვილი ფოკუსები, ასევე გამოხატული ემფიზემა ბულოზურ – დისტროფიული და ბრონქოექტაზიური ღრუებითა და პლევრალური გამკვრივებებით. დაახლოებით ავადმყოფთა ერთ მესამედში პირველ და მეორე სტადიებზე შესამჩნევი სუბიექტური დარღვევები არ არსებობს და დაავადება ვლინდება რენტგენოფლუოროგრაფული გამოკვლევით. მიმდინარეობა ქვემწვავე ან ქრონიკულია, იშვიათად – ტალღისებრი; აღინიშნება სისუსტე, სუბფებრილიტეტი, ტკივილი გულმკერდში, მშრალი ხველა, მადის დაქვეითება. ხიხინები ფილტვებში მოისმინება იშვიათად და უმნიშვნელო რაოდენობით. ზოგჯერ სარკოიდოზი იწყება მწვავედ, მაღალი ტემპერატურით, კიდურების სახსრების შეშუპებით, კვანძოვანი ერითემის გამოვლინებით, უპირატესად წვივების კანზე, გარე ლიმფური კვანძების გადიდება. სისხლში აღინიშნება მიდრეკილება ლიმფოპენიისა და მონოციტოზისაკენ, იშვიათად ეოზინოფილია, ედსი ნორმის ფარგლებში ან მცირედ მომატებულია. დამახასიათებელი ნიშანია საერთო და ადგილობრივი მგრძნობელობის დაქვეითება ტუბერკულინის მიმართ, რის გამოც მანტუს სინჯი ჩვეულებრივ უარყოფითია. მესამე სტადიაში ეს ნიშნები ნაკლები ხარისხითაა გამოხატული; თანდათანობით მატულობს ქოშინი და ციანოზი. დაავადების ხანგრძლივობა რაოდენიმე თვიდან რამოდენიმე წლამდეა. კლინიკურ – რეტნტგენოლოგიური სურათთან ერთად, დიაგნოზს ადასტურებს ლიმფური კვანძების, ბრონქების ლორწოვანი გარსებისა და ფილტვის ქსოვილის ჰისტოლოგიური ან ციტოლოგიური გამოკვლევები. ასეთი გზით შესაძლებელია სარკოიდოზის დიფერენცირება ტუბერკულოზისაგან, ფილტვებში სხვადასხვა სახის დისემინაციისაგან და სხვა დაავადებებისაგან. მკურნალობა არასპეციფიკურია, უმთავრესად გლუკოკორტიკოიდების გამოყენებით. სპონტანური გამოჯანმრთელების შესაძლებლობის გათვალისწინებით, კორტიკოსტეროიდებს ჩვეულებრივ ნიშნავენ დაკვირვების 3 – 5 თვის შემდეგ, თუკი პროცესი მიდრეკილი არ არის სპონტანური ინვოლუციისაკენ. ადრეულ ვადებში ჰორმონული თერაპია ნაჩვენებია აშკარა პროგრესირებისას, პროცესის გენერალიზაციისას, თვალების, თირკმელების, კანის, გულსისხლძარღვთა სისტემისა და ნევრული სისტემის დაზიანების დროს. პროგნოზი უმრავლეს შემთხვევაში კეთილსაიმედოა. მესამე სტადიის დროს ნელა მზარდი ფილტვ – გულისუკმარისობისას შესაძლოა ლეტალური გამოსავალი.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სასუნთქი სისტემის დაავადებები