სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ვეგეტო – სისხლძარღვოვანი დისტონია – წარმოშობისა და გამოვლინებების მიხედვით სხვადასხვა, მაგრამ თავისი საფუძვლით ფუნქციონალური ვეგეტატიური დარღვევები, რომლებიც განპირობებულია ვეგეტატიური ფუნქციების ნეიროჰუმორული დარღვევებით. ეს დარღვევები განსაკუთრებით ხშირია ნევროზების, ჰიპოდინამიის დროს, პუბერტულ და კლიმაქტერულ პერიოდებში, ასევე ენდოკრინული დისჰარმონიის, ნევროზისმაგვარი მდგომარეობების დროს, რომლებიც უკავშირდება ნერვულ – ფსიქიკურ ან ფიზიკურ გადაღლას, ინფექციებს, ინტოქსიკაციებს, აბსტინენციას ტოქსიკომანებში და სხვ.
ვეგეტო – სისხლძარღვოვანი დაავადების პათოგენეზში ადგილი აქვს  ვეგეტატიური მოქმედების რეგულაციის დარღვევებს ყველა დონეზე – თავის ტვინის ქერქიდან ვეგეტატიური ნერვული სისტემის პერიფერიულ ნაწილებამდე, ასევე რეგულაციის ენდოკრინულ რგოლებამდე. თუმცა ეტიოლოგიისა და გამოვლინებების მიხედვით, ხშირად უპირატესი პათოგენეტიკური მნიშვნელობა აქვს დარღვევებს რომელიმე დონეზე – ქერქულ, ჰიპოთალამურ დონეებზე, პარასიმპათიკური ან სიმპათიკური ვეგეტატიური ნერვული სისტემის აქტივობის სიჭარბით.
სიმპტომები და მიმდინარეობა. ავადმყოფთა უმრავლესობას აღენიშნება ასთენიის რომელიმე გამოვლინება – დაღლილობა, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, ტკივილის მგძნობელობის დაბალი ზღურბლი, სხვადასხვა სენესტოპათიები. ვეგეტატიური დისფუნქციის ნიშნებიდან შესაძლოა აღინიშნებოდეს გულის ფრიალი, სინუსური ტაქიკარდიისაკენ ან ბრადიკარდიისაკენ მიდრეკილებით; სუპრავენტრიკულური (იშვიათად პარკუჭოვანი) ექსტრასისტოლია, პაროქსიზმული ტაქიკარდია, პათოლოგიური ვაზომოტორული რეაქციები – სიცივის ან სიცხის შეგრძნება, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, კანის სიფერმკრთალე ან ჰიპერემია, მტევნებისა და ტერფების მცივანობა; ზოგადი, ან უპირატესად ადგილობრივი ოფლიანობა; კუჭ – ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული ან მოტორული დისფუნქციის ნიშნები; სასქესო ფუნქციების დარღვევები და სხვ. რეგულაციის დარღვევების ხასიათისა და დონის მიხედვით ვეგეტო – სისხლძარღვოვანი დისტონია შესაძლოა წარმოდგენილი იყოს როგორც ერთი რომელიმე სისტემის, ან თუნდაც ერთი ორგანოს ფარგლებში, ასევე მრავალი ორგანოს მოქმედებების დარღვევების ნიშნების შერწყმით. ნეირო – ვეგეტატიური დისბალანსის არსებობისას პარასიმპათიკური ნერვების აქტივობის უპირატესობა გამოიხატება ბრადიკარდიისადმი, კანის საფარველის ჰიპერემიისადმი, კუჭისა და ნაწლავების პარისტალტიკის გაძლიერებისადმი მიდრეკილებით, ასევე მყარი წითელი დერმოგრაფიზმის სიმპტომით, პულსის გაიშვიათებით თავის უკან გადაწევისას და თვალის კაკლებზე ზეწოლისას. პულსის გაიშვიათების არარსებობა ამ რეფლექსების გამოწვევისას, მისი გახშირება წუთში 12 დარტყმაზე მეტად, არტერიული წნევის ერთდროული მომატებით 15 მმ ვწყ სვ – ით ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას, ასევე თეთრი დერმგრაფიზმის სიმპტომი კი განიხილება, როგორც ნერვული სისტემის სიმპათიკური ნაწილის აქტივობის ნიშნები. დაავადების მიმდინარეობა დამოკიდებულია მის წარმოშობაზე. ხშირად იგი პერმანენტულია, ტალღისებრი გაძლიერებით და შესუსუტებით. რიგ შემთხვევაში ვეგეტო – სისხლძარღვოვანი დისტონია ვლინდება პაროქსიზმულად, უპირატესად ქოლინორეცეპტორების (ქოლინერგული კრიზი) ან ადრენორეცეპტორების (ადრენერგული, სიმპათოადრენალური კრიზი) აგზნებით. ქოლინერგული კრიზის სიმპტომები: შიშის გრძნობა, ნაღვლიანობა, გულისრევა, ჰიპერსალივაცია, ,,ყურყური” მუცელში, დიარეა, პოლაკიურია, ოფლიანობა; მიოზი, ბრადიკარდია, იშვიათ შემთხვევებში, ასევე ჩონჩხის კუნთების ჰიპერტონია, ფასციკულაციები, არტერიული წნევის მომატება. ადრენერგული კრიზის სიმპტომები: შიშის გრძნობა, აგზნება, სახის კანის ლაქოვანი ჰიპერემია, მტევნის თითების ტრემორი; გუგების გაფართოება, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება; პოლიურია, ზოგჯერ იმპერატიული დეფეკაცია; სისხლში შესაძლოა აღინიშნებოდეს ლეიკოციტოზი, ჰიპერგლიკემია. ვეგეტო – სისხლძარღვოვანი დისფუნქციის დიაგნოზი წარმოადგენს არსებითად სინდრომულს, და არა ნოზოლოგიურს. დიფერენციალურ დიაგნოზს ატარებენ ვეგეტო – სისხლძარღვოვან დისტონიასა და რაიმე ფუნქციის დარღვევის ორგანული საფუძვლის მქონე დაავადებებს შორის (მაგალითად, ექსტრასისტოლიის დროს – მიოკარდიტთან, გულის იშემიურ დაავადებასთან, კარდიოსკლეროზთან, კარდიომიოპათიასთან და სხვ.); მეორე – ეტიოლოგიის მიხედვით ძირითადი დაავადების დადგენით. ამასთან საჭიროა გამოირიცხოს ნერვული და ენდოკრინული სისტემების ორგანული პათოლოგიები.

მკურნალობა მიმართულია უწინარეს ყოვლისა ძირითადი დაავადებისაკენ, მასში შედის აგრეთვე პათოგენეტიკური თერაპია და სიმპტომატური საშუალებების გამოყენება – ჰიპოტენზიული, ანტიარითმული და სხვ. ყველა შემთხვევაში ნაჩვენებია შრომისა და დასვენების რეჟიმის ნორმალიზაცია, სრულფასოვანი ძილის, ვარჯიში, გაკაჟება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 2746 times by 1617 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka