ლალი დათეშიძე
კანისა და ვენერიული დაავადებები
კანის ანგიიტები (ვასკულიტები) (angiitis, vasculitis) – ანთებით – ალერგიული ხასიათის დერმატოზების ჯგუფი; ვლინდება სხვადასხვა კალიბრის დერმულ-ჰიპოდერმული სისხლძარღვების დაზიანებით.
ეტიოლოგია ცნობილი არ არის.
პათოგენეზი უმრავლეს შემთხვევაში იმუნოკომპლექსურია. ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა ორგანოში ლოკალიზებულ

(ხშირად ნუშურებში, კბილებში) ქრონიკულ ინფექციას (სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ტუბერკულოზის ჩხირი, საფუარის და სხვა სოკოები). ანგიიტების განვითარებაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქრონიკულ ინტოქსიკაციებს (ალკოჰოლიზმი, სიგარეტის წევა), ენდოკრინოპათიებს (შაქრიანი დიაბეტი), ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს (სიმსუქნე), გაცივებას, ზოგად და ადგილობრივ სისხლძარღვოვან დაავადებებს (ჰიპერტონიული დაავადება, მაობლიტირებელი თრომბანგიიტი), შემაერთებელი ქსოვილის დიფუზურ დაავადებებს.
კანის ანგიიტების ნიშნებია: ანთებით – ალერგიული ხასიათის გამონაყარი, რომელიც მიდრეკილია შეშუპებისადმი, სისხლჩაქცევებისა და

ნეკროზისადმი, გამონაყრის ელემენტების პოლიმორფიზმი; გამონაყრის სიმეტრულობა, უპირატესად ქვედა კიდურებზე ლოკალიზაციით; მწვავე ან პერიოდულად გამწვავებული მიმიდინარეობა; სხვა ორგანოების სისხლძარღვოვანი ან ალერგიული დაავადებების ხშირი არსებობა.
კლინიკური სურათი. დაზიანებული სისხლძარღვების კალიბრის მიხედვით განასხვავებენ ღრმა (ჰიპოდერმულ) ანგიიტებს, რომელთა დროს ზიანდება კუნთოვანი ტიპის ვენები (კვანძოვანი პერიარტერიიტი, კვანძოვანი ანგიიტი) და ზედაპირულ (დერმალურ) ანგიიტებს, რომლებიც განპირობებული არიან არტერიოლების, ვენულების, კაპილარების დაზიანებით (პოლიმორფული დერმული ანგიიტი, ქრონიკული პიგმენტური პურპურა).
კვანძოვანი პერიარტერიიტი (კანის ფორმა). დამახასიათებელია მრავალრიცხოვანი, ზომით მუხუდოს მაცვლიდან კაკლის ზომამდე
კვანძოვანი გამონაყარი, რომელიც ჩნდება ქვედა კიდურების სისხლძარღვების გაყოლებაზე და ატარებს შეტევით ხასიათს. კანი ღებულობს მოლურჯო – ვარდისფერ შეფერილობას; გამონაყარი მტკივნეულია, შესაძლებელია დაწყლულდეს, რჩება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში.
პოლიმორფული დერმული ანგიიტი (გუჟერო – რუიტერის დაავადება) გააჩნია რამდენიმე კლინიკური ტიპი: ურტიკარული (მყარი ბებერებით), ჰემორაგიული (იდენტურია ჰემორაგიული ვასკულიტისა, ვლინდება უპირატესად ჰემორაგიული გამონაყრით პეტექიების, პურპურის, ეკქიმოზების, ბუშტუკების სახით), პაპულურ-ნეკროზული (ანთებითი კვანძები ცენტრალური ნეკროზით, რომლებიც ტოვებენ ნაწიბურებს), პუსტულურ – წყლულოვანი (იდენტურია განგრენოზული პიოდერმიისა) ნეკროზულ – წყლულოვანი (ჰემორაგიული ნეკროზების განვითარება შემდგომი ტრანსფორმაციით წყლულებში), პოლიმორფული (ბებერების, კვანძების, პურპურის და სხვა ელემენტების შერწყმა).
ქრონიკული პიგმენტური პურპურა (შამბერგის პროგრესული პიგმენტური პურპურა, კანის ჰემოსიდეროზი) ვლინდება განმეორებითი მრავლობითი პეტექიებით, ჰემოსიდეროზის მოლურჯო – მოყავისფერო ლაქების წარმოქმით.
კანის ანგიიტების დიაგნოსტიკა ემყარება დამახასიათებელ კლინიკურ სიმპოტომატიკას. შედარებით რთულ შემთხვევებში ტარდება პათოლოგიურ-ჰისტოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა. ინფექციის კერების სანაცია. ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის დარღვევების კორექცია. ანტიჰისტამინური პრეპარატები, ვიტამინები, კალციუმის პრეპარატები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ინდომეტაცინი, ბუტადიონი). ინფექციის არსებობისას – ანტიბიოტიკები. მძიმე შემთხვევებში – ჰემოსორბცია, პლაზმაფერეზი, კორტიკოსტეროიდები ხანგრძლივად, ადეკვატური დოზებით. მძიმე შემთხვევებში აუცილებელია წოლითი რეჟიმი, ჰოსპტალიზაცია.
პროგნოზი კანის იზოლირებული დაზიანების დროს სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა, სრული მორჩენის თვალსაზრისით ხშირად საეჭვოა. რეციდივების პროფილაქტიკა; ფოკალური ინფექციების სანაცია, ფეხებზე დატვირთვის, გადაცივების, დაზიანებების თავიდან აცილება.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 1710 times by 1029 viewers


