კანის ქავილი

კანის ქავილი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

კანის ქავილი – უმრავლეს შემთხვევაში აქვს ნერვულ – ალერგიული ბუნება. შესაძლოა იყოს კანის სხვადასხვა დაავადებების სიმპტომი (ეგზემა, ჭინჭრის ციება, მუნი და სხვ.) ან წარმოადგენდეს დამოუკიდებელ დაავადებას (ე. წ. იდიოპათური ქავილი). პირველ შემთხვევაში ავადმყოფის დათვალიერებისას ვლინდება დერმატოზების შესაბამისი სიმპტომები, ხოლო იდიოპათური ქავილის დროს ეს სიმპტომები არ არსებობს. კლინიკური სურათი ქავილის გამოხატული შემთხვევების დროსაც კი ღარიბია; კანის უბნებზე აღინიშნება წერტილოვანი ან ხაზოვანი ექსკორიაციები. მყარი ქავილის დროს არაიშვიათად აღინიშნება ხელის ფრჩხილების ცვლილება: მათი ზედაპირის სარკისებრი სიბზინვარე (პალირებული ფრჩხილები), ბასრი თავისუფალი კიდე. ზოგიერთ ავადმყოფთან ქავილი რთულდება პიოდერმიით. ქავილი შესაძლებელია იყოს მუდმივი ან შეტევითი. ჩვეულებრივ ქავილი ძლიერდება საღამოს საათებში. განასხვავებენ გენერალიზებულ და ლოკალურ ქავილს. გენერალიზებული ქავილი შეიძლება იყოს საკვების გადაუტანლობის, მედიკამენტოზური სენსიბილიზაციის, გარეშე ტემპერატურაზე რეაქციის ცვილილების შედეგი. ხანდაზმულ ასაკში ქავილი შესაძლოა იყოს კანის სიმშრალის შედეგი ცხიმოვანი ჯირკვლების სიმშრალის გამო (სენილური ქავილი). არაიშვიათად გენერალიზებული ქავილი წარმოადგენს მძიმე ზოგადი დაავადებების შედეგს – ჰეპატიტის, შაქრიანი დიაბეტის, ლეიკოზების, ლიმფოგრანულომატოზის, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების და სხვ. ამასთან იგი შესაძლებელია დიდ ხნით ადრე წინ უძღვოდეს ძირითადი დაავადების ტიპიურ კლინიკურ გამოვლინებებს. გენერალიზებული ქავილი შესაძლებელია აღინიშნებოდეს სხვადასხვა ნერვულ – ფსიქიკური დაავადებების დროს (ნევროზების, მანიაკურ – დეპრესიული ფსიქოზისა და სხვ.). ლოკალური ქავილი ხშირად აზიანებს ანალურ-გენიტალურ მიდამოსა (ანალური ქავილი, ვულვის ქავილი, სათესლე პარკის ქავილი) და თავის თმიან ნაწილს. გარდა აღწერილი ეტიოლოგიური ფაქტორებისა ლოკალური ქავილს ხშირად აპროვოცირებენ ადგილობრივი ცვლილებები (ჰემოროი, ჭიით ინვაზია, პროქტიტი, პროსტატიტი, თეთრად შლა, კანდიდოზი, სებორეა და სხვ.). ლოკალური ქავილი ჩვეულებრივ ატარებს შეტევით ხასიათს. ავადმყოფები, რომლებსაც აღენიშებათ ქავილი, საჭიროებენ დაავადების მიზეზების დადგენას.

კანის ქავილის მკურნალობა. ეტიოლოგიური ფაქტორის მოხსნა, ძირითადი დაავადების მკურნალობა, დიეტა, სედატიური პრეპარატები, ანტიჰისტამინები, თბილი აბაზანები, კორტიკოსტეროიდული მაზები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კანისა და ვენერიული დაავადებები