ლალი დათეშიძე
კანისა და ვენერიული დაავადებები
საზარდულის ლიმფოგრანულომატოზი (მეოთხე ვენერიული დაავადება, ვენერიული ლიმფოპათია) (lymphogranuloma venerium) – ვენერიული დაავადება, რომელიც ხასიათდება საზარდულის ლიფადენიტით, ფისტულებისა და ნაწიბურების წარმოქმნითა და ანოგენიტალური მიდამოს სპილოვნებით. ძირითადად გვხვდება ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის ქვეყნებში. დაავადების გამომწვევია ქლამიდიის მიკროორგანიზმები. დასნებოვნება ხდება სქესობრივი კონტაქტის დროს. გამომწვევი აღწევს დაზიანებული კანიდან ან ლორწოვანი გარსიდან. ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდეა.
სიმპტომები, მიმდინარეობა. გამოყოფენ სამ კლინიკურ პერიოდს.
პირველი ხასიათდება ინფექციის ჩანერგვის ადგილზე (ჩვეულებრივ გარეთა სასქესო ორგანოებზე) ბუშტუკის წარმოქმნით, რომელიც სწრაფად გარდაიქმნება მცირე ზომის წყლულად. წყლული უმტკივნეულოა და ხორცდება რამდენიმე დღეში. მეორე პერიოდი, რომელიც გრძელდება რამდენიმე თვე ან წელი, ხასიათდება თავისებური რეგიონული ლიმფადენიტით: საზარდულის ლიმფური კვანძები თანდათანობით დიდდებიან, მკვრივდებიან, ხდებიან მტკივნეულნი, ეკვრიან ერთმანეთს და გარემომცველ ქსოვილებს; კანი მათ ზემოთ წითლდება და შუპდება. ლიმფური კვანძებიდან ინფილტრაციული კონგლომერატები რბილდებიან ცენტრში და წარმოქმნიან ფისტულებს, საიდანაც გადმოედინება თხევადი ჩირქი და ხაჭოსებრი მასები.
ამ პერიოდში აღინიშნება ცხელება. დაავადების მესამე პერიოდში ვლინდება გენიტალურ-ანორექტალური სინდრომი, რომელიც წარმოადგენს ლიმფური კვანძების ნაწიბუროვანი ცვლილებების შედეგს, რაც იწვევს ანოგენიტალური მიდამოს სპილოვნებას პაპილომატოზური წანაზარდებით, აბსცესებით, დაწყლულებებით. აღინიშნება სწორი ნაწლავის ნაწიბუროვანი შევიწროება (სრულ ატრეზიამდე).
დიაგნოზი დასტურდება ფრეის დადებითი რეაქციით. რთულ შემთხვევებში საჭირო ხდება გამომწვევის გამოყოფა დაზიანებული კერიდან.
მკურნალობა ანტიბიოტიკებითა და სულფანილამიდებით ეფექტს არ იძლევა. ნაჩვენებია დაზიანებული ქსოვილების ქირურგიული მოკვეთა; პროგნოზი ცუდია.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1767 times by 1067 viewers


