სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

პედიატრიული დაავადებები

ეტიოლოგია, პათოგენეზი. ეტიოლოგიაში დიდი მნიშვნელობა აქვს მუცელშიგა ინფიცირებას, სანაყოფე წყლების ასპირაციას, ფილტვის ქსოვილის მოუმწიფებლობას, ატელექტაზს, ფილტვში სისხლმიმოქცევის მოშლას, რესპირატორულ დისტრესს-სინდრომს.

განასხვავებენ მუცელშიგა და შეძენილ პნევმონიას. მუცელშიგა პნევმონიას საფუძვლად უდევს ტრანსპლაცენტური (ჰემატოგენური) დასნებოვნება ან ამნიონური წყლისა და ლორწოს ასპირაცია. მუცელშიგა პნევმონიით ბავშვების უმრავლესობა იბადებიან დამძიმებული სამეანო ანამნეზის მქონე დედებისაგან (ორსულობის დროს მწვავე ან ქრონიკული ინფექცია, ხანგრძლივი უწყლო პერიოდი და სხვ.) ასფიქსიის ან ჰიპოქსიის მდგომარეობაში. ახალშობილებში და დღენაკლულ ბავშვებში ვირუსულ-ბაქტერიული პნევმონია ვითარდება რესპირატორული დაავადებების ფონზე და შესაძლებელია მიმდინარეობდეს კეროვანი, შერწყმული და ინტერსტიციული პნევმონიის სახით.
კლინიკური სურათი. მუცელშიგა პნევმონიის დროს აღინიშნება ჰიპო- ან არეფლექსია, ჰიპოტონია, კანის მორუხო შეფერვა, სუნთქვის უკმარისობის ნიშნები. კვების დროს – ღებინება, ან ამობოყინება, ხოლო 2-3 დღის შემდეგ ვითარდება ნაწლავის პარეზი. ფილტვებში აღინიშნება სველი წვრილბუშტუკოვანი ან კრეპიტაციული ხიხინი. დამახასიათებელია წონის დანაკარგი (15-30%) და მისი შენელებული აღდგენა. დაავადების ხანგრძლივობა 3-4 კვირაა; ლეტალობა მაღალია. ბავშვები მოდუნებულნი არიან, ცუდად წოვენ, ვლინდება ციანოზი, ქოშინი, სხვადასხვა ინტენსივობის ხველა, ზოგჯერ ქაფიანი გამონაყოფი პირიდან, ფილტვებში მოისმინება წვრილბუშტუკოვანი ხიხინი. გამოხატულია სუნთქვის უკმარისობა. გამოყოფენ უკმარისობის 3 ხარისხს: პირველი ხარისხი – სუნთქვის მცირედი გახშირება, ნეკნთაშუა სივრცეების ზომიერი ამობერვა, არამკვეთრი პერიორული ციანოზი, რომელიც აღინიშნება მშვიდ მდგომარეობაშიც; მეორე ხარისხი – სუნთქვაში მონაწილეობს დამხმარე მუსკულატურა, ტაქიპნოე მშვიდ მდგომარეობაში, გამოხატული პერიორული და პერიორბიტულიი ციანოზი; მესამე ხარისხი – სუნთქვის სიხშირე აღწევს 70-ს 1 წუთში, აღინიშნება ხანგრძლივი აპნოე, დამხმარე მუსკულატურის გამოხატული მონაწილეობა, თავი მოძრაობს სუნთქვის ტაქტში, მყარი რესპირატორული ციანოზი. თითქმის ყოველთვის აღინიშნება გულ- სისხლძარღვთა უკმარისობის ნიშნები. მცირე წონიან ბავშვებში სუნთქვის უკმარისობის ნიშნები ყოველთვის არ შეესაბამება პროცესის სიმძიმეს. ვლინდება მეტაბოლური ან შერეული აციდოზი, იშვიათად ალკალოზი. არაიშვიათად აღინიშნება მუცლის მკვეთრი შებერვა, რაც განპირობებულია ნაწლავის პარეზით. პნევმონიის ტოქსიკური ფორმები მიმდინარეობს ნეიროტიქსიკოზით, ჰიპერთერმიით, ფილტვებში მასიური სისხლჩაქცევებით; პერიფერიულ სისხლში – ლეიკოციტოზი ან ლეიკოპენია, ფორმულის მარცხნივ გადახრა.
დიაგნოზი ემყარება ანამნეზს, კლინიკურ სიმპტომებსა და რენტგენოლოგიური გამოკვლევის მონაცემებს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება პნევმოპათიებთან, ფილტვებისა და გულის თანდაყოლილ მანკებთან, ასპირაციასთან.
მკურნალობა კომპლექსურია და ტარდება დაავადების ფორმის, სიმძიმის, ბავშვის ზოგადი მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. მნიშვნელობა აქვს ბავშვის სწორად მოვლას, პირისა და ცხვირის ღრუდან ლორწოს ამოქაჩვას, მეტეორიზმის პროფილაქტიკას. ანტიბიოტიკები ნაჩვენებია ნებისმიერი პნევმონიის დროს. თუკი დანიშნული პრეპარატების ფონზე დაავადება პროგრესირებს, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკის შეცვლა. პნევმონიის ნებისმიერი ფორმის დროს აუცილებელია ოქსიგენო- და აეროთერაპია.
პროგნოზი დროულად ჩატარებული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა ითვალისწინებს ორსულობის პერიოდში დაავადებების თავიდან აცილებას, ასევე ტოქსიკოზების, ასფიქსიისა და ასპირაციის თავიდან აცლებას მშობიარობის დროს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1126 times by 637 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka