კანის ტუბერკულოზი

კანის ტუბერკულოზი

კანის ტუბერკულოზიდერმატოზების საკმაოდ ფართო და თავისი გამოვლინებებით მრავალფეროვანი ჯგუფი, რომელთა წარმოქმნა და განვითარება განპირობებულია კანსა და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში ტუბერკულოზური მიკობაქტერიის შეღწევით. კანის ტუბერკულოზური დაზიანება თითქმის ყოველთვის არის მეორადი და ენდოგენური. გამომწვევი კანში და კანქვეშა ქსოვილში ხვდება ლიმფოჰემატოგენურად სხვა ორგანოების ტუბერკულოზური კერებიდან, ზოგჯერ ინფექცია კანში აღწევს დაზიანებული მეზობელი ორგანოებიდან. ძალიან იშვიათად გვხვდება კანის ეგზოგენური ინფიცირება – დაზიანებული კანიდან.  განასხვავებენ კეროვან (ვულგარული მგლურა, სკროფულოდერმა, მეჭეჭისებური და წყლულოვანი ტუბერკულოზი) და დისემინირებულ (პაპულონეკროზული ტუბერკულოზი და ინდურაციული ერითემა) ფორმებს.

კანის ტუბერკულოზი – ვულგარული მგლურა წარმოიქმნება სკოლის ასაკში რამდენიმე ლუპომის – წვრილი მოყვითალო – ვარდისფერი, ბრტყელი რბილი ბორცვების წარმოქმნით. ლუპომები თანდათანობით მატულობენ ზომებში და მრავლდებიან, შესაძლებელია დაიფარონ ქერცლებით, დაწყლულდნენ.

წყლულების შეხორცების ან ლუპომების გაწოვის შემდეგ რჩება თხელი გლუვი თეთრი ფერის ატროფიული ნაწიბურები, რომლებიც მოგვაგონებენ სიგარეტის ქაღალდს. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე (ცხვირი, ზედა ტუჩი, ლოყები, ყურის ნიჟარები), დუნდულოები, კიდურები. ხშირად ზიანდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, სადაც პროცესი ღებულობს წყლულოვან ხასიათს; წყლულები მტკივნეულია. დაზიანებული უბნების დესტრუქციის შედეგად შესაძლებელია ავადმყოფი დამახინჯდეს (ცხვირი, ტუჩების, ყურის ნიჟარების დეფორმაცია). პროცესს ახასიათებს ქრონიკული ტორპიდული მიმდინარეობა, წელიწადის ცივ პერიოდებში გაუარესების ტენდენციით; შესაძლებელია გართულდეს წითელი ქარითა და კანის კიბოთი. წითელი (ერითემატოზული) მგლურა ჩვეულებრივ იწყება ბავშვობის ასაკიდან, ვლინდება სიმეტრიული ერითემატოზული ლაქებით, მორუხი ფერის მყარი ქერცლებით, არ წყლულდება, ახასიათებს რეციდივები და უარესდება გაზაფხულ – ზაფხულში, იშვიათად აზიანებს ლორწოვან გარსებს. სკროფულოდერმა აღინიშნება უპირატესად ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც დაავადებულნი არიან კანქვეშა ლიმფური კვანძებიტუბერკულოზით, საიდანაც პროცესი გადადის კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილზე; ინიფიცირება შესაძლებელია მოხდეს ჰემატოგენურადაც. ყბისქვეშა არეში, კისერზე, გულმკერდზე, კიდურებზე წარმოიქნება ერთეული ან მრავლობითი მოლურჯო – წითელი ფერის კვანძები, შემდგომი ცენტრალური გარბილებით და ღრმა, რბილი, თითქმის უმტკივნეული წყლულების წარმოქმნით, რომლებიც უერთდებიან ერთმანეთს სიღრმეში ფისტულების გზებით. პროცესის მიმდინარეობა ქრონიკულია, სპონტანური გამოჯანმრთელებისაკენ ტენდენციით; წყლულების შეხორცების შემდეგ რჩება უსწორმასწორო ნაწიბურები.

კანის ტუბერკულოზი – კანის მეჭეჭისებური ტუბერკულოზი წარმოიქმნება კანის ეგზოგენური ინფიცირების დროს და ხშირად დაკავშირებულია პროფესიასთან. ხელების თითებზე და მტევნის ზურგზე წარმოიქმნება მცირე ზომის, მოლურჯო – წითელი ფერის უმტკივნეულო ინფილტრატი, ზედაპირზე მეჭეჭისებური წანაზარდებით, რომელიც შემდეგში განიცდის დანაწიბურებას. კანის წყლულოვანი ტუბერკულოზი წარმოიქმნება ნახველის ავტოინოკულაციის შედეგად, რომელიც შეიცავს ტუბერკულოზურ მიკობაქტერიებს. კანსა და ლორწოვან გარსებზე, ბუნებრივ ხვრელებთან წარმოიქმნება მცირე ზომის, რბილი, უმტკივნეულო წყლულები, არასწორი ფსკერით. წყლულების ფსკერი შესაძლებელია დაიფაროს ქერქებით.

კანის ტუბერკულოზი – კანის პაპულურ-ნეკროზული ტუბერკულოზი წარმოიქმნება ახალგაზრდა ასაკში, მცირე ზომის მოლურჯო – წითელი ფერის კვანძებით, ცენტრში ნეკროზული სტრუპით. გამონაყარი სიმეტრიულია, უპირატესად კიდურებსა და დუნდულოებზე ლოკალიზაციით. სუბიექტური შეგრძნებები არ აღინიშნება. პროცესს ახასიათებს მორეციდივე მიმდინარეობა.

კანის ტუბერკულოზი – ინდურაციული (გამკვრივებული) ერითემა ვითარდება ახალგაზრდა ქალებში ღრმა მკვრივი, უმტკივნეულო მოლურჯო – წითელი ფერის კვანძების სახით, ლოკალიზებული მუხლებზე. კვანძები ხშირად წყლულდება; წყლულები გამოირჩევიან ტორპიდული მიმდინარეობით. პროცესი მიდრეკილია რეციდივებისაკენ შემოდგომა – ზამთრის პერიოდში.

კანის ტუბერკულოზი – კანის ტუბერკულოზის დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზს, კლინიკურ თვისებურებებს, სხვა ორგანოების დაზიანების არსებობას, დადებით ტუბერკულინურ სინჯებს, დაწყლულებული კერებიდან ტუბერკულოზური მიკობაქტერიების გამოყოფას. რთულ შემთხვევებში ტარდება კანის პათოლოგიურ-ჰისტოლოგიური გამოკვლევა.

კანის ტუბერკულოზი – მკურნალობა ტარდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპიის ზოგადი პრინციპების შესაბამისად. ჩვეულებრივ გამოიყენება კომპლექსური მკურნალობა სტრეპტომიცინით, ფთივაზიდით, რიფამპიცინით საშუალო თერაპიული დოზებით. ტარდება ერთი ძირითადი და ორი შემანარჩუნებელი (ანტირეციდივული მკურნალობ) კურსი. ძირითადი კურსის ხანგრძლივობაა 6 თვე, შემანარჩუნებლის – 3 თვე. ინტერვალი კურსებს შორის 4 – 6 თვეა. ავადმყოფებს ენიშნებათ ზოგადგამაკაჟებელი საშუალებები, ვიტამინები, რაციონალური რეჟიმი. წყლულოვანი ფორმების დროს მიმართავენ წყულების დამუშავებას სადეზინფექციო საშუალებებითა და მაზებით. პროგნოზი უმრავლეს შემთხვევაში კეთილსაიმედოა.

კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კანის ტუბერკულოზი – დერმატოზების საკმაოდ ფართო და თავისი გამოვლინებებით მრავალფეროვანი ჯგუფი, რომელთა წარმოქმნა და განვითარება განპირობებულია კანში და კანქვეშა ცხიმოვან უჯრედისში ტუბერკულოზური მიკობაქტერიის შეღწევით. კანში ტუბერკულოზური დაზიანება თითქმის ყოველთვის არის მეორადი და ენდოგენური. გამომწვევი ჩვეულებრივ ხვდება კანში და კანქვეშა უჯრედისში ლიმფოჰემატოგენურად სხვა ორგანოების ტუბერკულოზური კერებიდან, ზოგჯერ ინფექცია კანში აღწევს დაზიანებული მეზობელი ორგანოებიდან. ძალიან იშვიათად გვხვდება კანის ეგზოგენური ინფიცირება  –  მისი საფარველის დაზიანებიდან. განასხვავებენ კეროვან (ვულგარული მგლურა, სკროფულოდერმა, მეჭეჭისებური და წყლულოვანი ტუბერკულოზი) და დისემინირებულ (პაპულონეკროზული ტუბერკულოზი და ინდურაციული ერითემა) ფორმებს.