აბსცესი აპენდიკულური

აბსცესი აპენდიკულური – მწვავე აპენდიციტის დესტრუქციული ფორმების გართულება. თავდაპირველად ფორმირდება აპენდიკულური ინფილტრატი, რომელიც შედგომში გაიწოვება კონსერვატული თერაპიით, ან აბსცენდირდება. სიმპტომები, მიმდინრეობა. დაავადების დასაწყისში აღინიშნება მწვავე აპენდიციტის ტიპიური ტკივილის სინდრომი. დაგვიანებული მიმართვის, ან არასწორი დიაგნოსტირები გამო დაავადება შესაძლებელია განვითარდეს ორი მიმართულებით: პერიტონიტის პროგრესირებით და ანთებითი პროცესის შემოფარგვლით. უკანასკნელ შემთხვევაში 2 – 3 დღეში ტკივილი ცხრება, ტემპერატურა ქვეითდება. მარჯვენა თეძოს ნაწლავის მიდამოს პალპაციით მოისინჯება ინფილტრატი. მე – 5 – 7 დღიდან ტემპერატურა კვლავ მატულობს, ძლიერდება ტკივილი მარჯვენა თეძოს ნაწლავის მიდამოში; ტკივილი ძლიერდება ხველების, სიარულის, ჯანჯღარით მგზავრობის დროს. დათვალიერებისას ენა სველი, ნადებითაა დაფარული. პალპაციით ვლინდება კუნთების დაჭიმულობა და მტკივნეულობა (ზოგჯერ ძლიერ გამოხატული), პერიტონეუმის გაღიზიანების სუსტად გამოხატული სიმპტომები. ღრმა პალპაციით ისინჯება მტკივნეული, უძრავი ინფილტრატი. შესაძლებელია არამკვეთრად გამოხატული ნაწლავური გაუვალობის მოვლენები – მუცლის ღრუს რენტგენოსკოპიით ჩანს სითხის დონე და ნაწლავის პნევმატოზი მუცლის მარჯვენა ნახევარში. რექტალური ან ვაგინალური გამოკვლევის დროს აღინიშნება მტკივნეულობა. სისხლში ვლინდება მაღალი ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრით. დინამიკური დაკვირვების დროს აღინიშნება ლეიკოციტოზის მატება, ტემპერატურა ღებულობს ჰექტიურ ხასიათს; თანდათანობით დიდდება ინფილტრატი და მატულობს მტკივნეულობა მარჯვენა თეძოს ნაწლავის არეში. ჩირქგროვის ზომებს და მის ზუსტ ლოკალიზაციას ადგენენ ულტრაბგერითი გამოკვლევით. მკურნალობა ოპერაციულია. ოპერაციის წინ აუცილებელია პრემედიკაცია ანტიბიოტიკებითა და მეტრონიდაზოლით. ჩირქგროვის გახსნა ტარდება ზოგადი გაუტკივარებით. ღრუს ამუშავებენ ანტისეპტიკებით და ადებენ დრენაჟს; ოპერაციის შემდგომ პერიოდში ინიშნება დეზინტოქსიკაციური თერაპია, ანტიბიოტიკები (ამინოგლიკოზიდები), მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში. გართულებები: სეფსისი, პილეფლებიტი, ღვიძლის აბსცესები, ჩირგროვის გახსნა მუცლის ღრუში, პერიტონიტის განვითარებით. პროგნოზი სერიოზულია, დამოკიდებულია დროულ და ადეკვატულ ოპერაციულ ჩარევაზე.