ყურის უცხო სხეულები

ყურის უცხო სხეულები – ხშირი შემთხვევაა ბავშვებში, რომლებსაც გარეთა სასმენ მილში შეაქვთ სხვადასხვა წვრილი საგნები (ქაღალდი, ხილის კურკები, ბარდის მარცვლები და სხვ.). მოზრდილებში ყურის უცხო სხეული შეიძლება იყოს ბამბის ნაჭრები, ასანთის ღერის ნატეხები და სხვ. ყურში შესაძლოა მოხვდნენ ასევე სხვადასხვა მწერები.

ყურის უცხო სხეულები – სიმპტომები, მიმდინარეობა. მცირე ზომის, გლუვი კიდეების მქონე უცხო სხეულმა შესაძლოა არ გამოიწვიოს ჩივილები ავადმყოფებში. ბასრი კიდეების უცხო სხეულები და, განსაკუთრებით, ცოცხალი მწერები იწვევენ არასასიამოვნო, ზოგჯერ კი მტანჯველ შეგრძნებებს, ტკივილსა და ხმაურს ყურებში.

ყურის უცხო სხეულები – მკურნალობა. უცხო სხეულის ამოღებამდე აუცილებელია ყურის დათვალიერება უცხო სხეულის ხასიათის დასადგენად. მწერების შემთხვევაში მათ კლავენ, ყურში 2-3 წვეთი ზეთის ან სპირტის ჩაწვეთებით, შემდეგ კი იღებენ პინცეტით ან გამორეცხავენ გარეთა სასმენ მილს თბილი წყლით (ჟანეს შპრიცით). ანალოგიური მეთოდით ამოაქვთ სხვა უცხო სხეულებიც. არ შეიძლება პინცეტით მრგვალი სხეულების ამოღება, რადგან ისინი შესაძლოა მოხვდნენ უფრო ღრმად. მცენარეული წარმოშობის გაბერილი უცხო სხეულების ამოღების წინ მათ აუწყლოებენ ყურში სპირტის რამოდენიმეჯერ ჩაწვეთებით. ყურის გამორეცხვა წარმოადგენს ყველაზე უფრო უსაფრთხო მეთოდს, თუმცა იგი უკუნაჩვენებია დაფის აპკის პერფორაციისდროს (ჩირქოვანი ოტიტის ასაცილებლად), ასევე უცხო სხეულით სასმენი მილის ძვლოვანი ნაწილის ობტურაციისას. თუკი გამორეცხვა არაეფექტურია, მაშინ უცხო სხეულს იღებენ პატარა კაუჭით.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.