სურდო

სურდო rhinitis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

სურდო (რინიტი) (rhinitis) – ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება. განასხვავბენ მწვავე და ქრონიკულ რინიტს.

მწვავე სურდო შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დაავადება ან სიმპტომი მწვავე ინფექციური დაავადებისა გრიპი, წითელა, დიფთერია და სხვ.). წინასწარგანმწყობი ფაქტორებია გაცივება, იშვიათად  –  მექანიკური ან ქიმიური გაღიზიანება. მწვავე სურდო ყოველთვის არის ორმხრივი. >>>>

მწვავე სურდო  სიმპტომები, მიმდინარეობა. თავდაპირველად აღინიშნება შეუძლოდ ყოფნა, სიმშრალის შეგრძნება ცხვირ-ხახაში, ქავილი ცხვირში. თანდათანობით ცხვირით სუნთქვა ძნელდება, იწყება ცემინება, ცრემლდენა, ქვეითდება ყნოსვა, იცვლება ხმის ტემბრი, აღინიშნება ცხვირიდან უხვი თხიერი გამონადენი. შემდეგში გამონადენი ხდება ლორწოვან-ჩირქოვანი, ხოლო წვრილი სისხლძარღვების მთლიანობის დარღვევის დროს – სისხლიანი. ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანება შესაძლებელია გავრცელდეს ასევე სასუნთქი გზების სხვა ნაწილებზეც, ასევე დანამატ წიაღებზე, ცხვირ-ცრემლის არხში, დაფის ღრუში. რინოსკოპიით ვლინდება ცხვირის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება. ხელსაყრელი მიმდინარეობის დროს 12 – 14 დღეში გაივლის ცხვირის გაჭედვა, აღდგება ყნოსვა.

მწვავე სურდო  მკურნალობა. მაღალი ტემპერატურის დროს ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი. კარგ მოქმედებას ახდენს ფეხის ცხელი აბაზანები, ოფლმდენები. ადგილობრივად ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების მოსახსნელად გამოიყენება სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები;  სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთების შემდეგ შეჰყავთ ვაზელინის ან ატმის ზეთი.

მწვავე სურდო ადრეული ასაკის ბავშვებში ყოველთვის მიმდინარებს როგორც მწვავე რინოფარინგიტი. ზოგჯერ პროცესი ვრცელდება ხორხის, სასულეს, ბრონქების ლორწოვან გარსებზე და შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვების ანთება. ბავშვებში რინოფარინგიტი წარმოადგენს ზოგად დაავადებას და აქვს მკაფიო ადგილობრივი გამოვლინებები. ბავშვს ცხვირი ისე აქვს გაჭედილი, რომ ვერ სუთქავს, ვერ წოვს; ხშირია ღებინება, ფაღარათი და მეტეორიზმი; ბავშვი მოუსვენრადაა, არ ჭამს, ცუდად სძინავს, ტემპერატურა ხშირად მომატებულია.

ქრონიკული კატარალური (მარტივი) სურდო მიზეზები: გახანგრძლივებული ან განმეორებითი მწვავე სურდო; სხვადასხვა – ქიმიური, თერმული, მექანიკური გამაღიზიანებლების მოქმედება; ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ჩირქოვანი სეკრეტით ცხვირის (დანამატი წიაღების დაავადებების დროს); ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხვირის ლორწოვან გარსში სისხლმიმოქცევის დარღვევა (გულის მანკები, მიოკარდიტები, ნეფრიტები, ემფიზემა, ბრონქოექტაზები, ენდოკრინული დაავადებები).

სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება ცხვირის პერიოდული გაჭედვა და უხვი ლორწოვანი გამონადენი. რინოსკოპიით ვლინდება ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება. ავადმყოფები აღნიშნავენ, რომ ცხვირის მარცხენა ნახევარი გაჭედილია მარცხენა გვერდზე წოლისას და პირიქით;. ცხვირით სუნთქვა გაძნელებულია ზურგზე წოლის დროს. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დარღვეული არ არის. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპების სრული გაქრობა აღინიშნება ცხვირის წვეთების ჩაწვეთებისას, რაც მიუთითებს ქრონიკულ (მარტივ) სურდოზე. თუკი შეშუპება არ ქრება სისხლძაღვთა შემავიწროვებელი საშუალებების ჩაწვეთების შემდეგ, ლაპარაკია ქრონიკულ ჰიპერტროფიულ სურდოზე. მკურნალობა. ცხვირის წვეთები; გამოიყენება ასეე შემკვრელი საშუალებები.

ქრონიკული ჰიპერტროფიული  სურდო შედეგია ქრონიკული კატარული (მარტივი) სურდოსი. ვითარდება სხვადასხვა არახელსაყრელი ფაქტორების ხანგრძლივი მოქმედების შედეგად (მტვერი, აირები, არასასურველი კლიმატი და სხვ.). დაავადების მიზეზი ხშირად არის ცხვირის დანამატი წიაღების ქრონიკული ანთებითი პროცესი ან ადენოიდები. ხასიათდება შემაერთებელი ქსოვილის ზრდით, უპირატესად კავერნოზული ქსოვილის ადგილებში (ცხვირის ქვედა და შუა ნიჟარების წინა და უკანა ბოლოები).

ქრონიკული ჰიპერტროფიული  სურდო სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხვირიდან მუდმივი გამონადენი და ცხვირის გაჭედვა, სიმძიმის გრძნობა თავში და თავის ტკივილი, ყნოსვის დაქვეითება. ხშირად ზიანდება ქვედა და შუა ნიჟარების წინა და უკანა ბოლოები.

ქრონიკული ატროფული სურდოშესაძლებელია განპირობებული იყოს არახელსაყრელი კლიმატური პირობებით, პროფესიული მავნეობებით, ხშირი სურდოთი, ინფექციური დაავადებებით, ცხვირში ქირურგიული ჩარევებით. სიმპტომები, მიმდინარეობა. სიმშრალის გრძნობა ცხვირის ღრუში, ცხვირის ძნელად მოხოცვა, ყნოსვის დაქვეითება, ხშირია ცხვირიდან სისხლდენა. რინოსკოპიიით ვლიდება ცხვირის ფართო ღრუ, რაც გამოწვეულია ცხვირის ქვედა ნიჟარების ატროფიით, ასევე სქელი სეკრეტის დაგროვება, რომელიც შრება და წარმოქმნის ქერქებს. მკურნალობა სიმპტომატურია. სქელი ლორწოსა და ქერქებს ათხიერებენ ტუტე ხსნარებით. გამოიყენება ასევე ტუტე-ზეთოვანი ინჰალაციები.

სურდო ვაზომოტორული, ალერგიული სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხვირის უეცარი გაჭედვა, უხვი წყლიან-ლორწოვანი გამონადენი, ცემინება. ვაზომოტორული სურდო წარმოადგენს ნერვულ-რეფლექტორულ დაავადებას, რომელიც აღინიშნება ზოგადი ვეგეტატიური დარღვევის მქონე პირებში. ცხვირის ღრუს ნერვული დაბოლოებების, რეფლექტოგენური ზონების (გაცივება, მკვეთრი სუნი და სხვ.) მცირედი გაღიზიანებაც კი იწვევს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის მძაფრ რეაქციას. ალერგიული სურდო განიხილება, როგორც ადგილობრივი ანაფილაქსიური რეაქცია რაიმე ალერგენზე. სეზონური ფორმის დროს ამგვარი გამაღიზიანებელი შესაძლოა იყოს მარცვლოვნების მტვერი. წლიური ფორმის დროს გამაღიზიანებელი შესაძლოა იყოს ე. წ. საყოფაცხოვრებო ალერგენები (კოსმეტიკური საშულებები, სახლის მტვერი, თმები და ქერტლი და სხვ.); სურდოს ამ ფორმებს უწოდებენ ასევე რინოპათიებს, ვინაიდან ამ დროს ადგილი არა აქვს ლორწოვანი გარსის ცვლილებებს. დიაგნოზის დადგენა ხდება ანამნეზით, რინოსკოპიითა და ლაბორატორიული მონაცემებით. რინოსკოპიის დროს ვლინდება ცხვირის ნიჟარების მკვეთრი გაფუება ან შეშუპება, რომელსაც, განსხვავებით ბანალური ანთებითი პროცესებისაგან, აქვს ფერმკრთალი მოლურჯო ფერი, ზოგჯერ ჩანს შეშუპებული პოლიპები. ლორწოს გამოკვლევით აღინიშნება ეოზინოფილია. კანის სინჯები ალერგიული სურდოს დროს ხშირად დადებითია.

სურდო ვაზომოტორული, ალერგიული – მკურნალობა. ვაზომოტორული რინიტის დროს ძირითადი ყურადღება ექცევა ორგანიზმის გაკაჟებას, ზოგადი ვეგეტატიური დარღვევების მკურნალობას.  ალერგიული სურდოს დროს ტარდება სპეციფიკური დესენსიბილიზაცია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები