საკვერცხის კიბო

საკვერცხის კიბო

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

საკვერცხის კიბო – განსაკუთრებით ხშირია საკვერცხის სეროზული, მუცინური და ენდომეტრიოიდული ავთვისებიანი სიმსივნეები. სეროზული კიბო ვითარდება ჩვეულებრივ ცილიოეპითელური კისტომისაგან; ხასიათდება სეროზული სითხის დაგროვებით მალიგნიზირებული ცისტური წარმონაქმნების შიგნით. კაფსულის ზრდისა და მეტასტაზირების შედეგად  ვითარდება ასციტი. მუცინური კიბო ვლინდება სიმსივნური წარმონაქმნების განვითარებით, რომლებიც შეიცავენ ლორწოს; მუცლის ღრუში გასკდომისას ვითარდება ფსევდომიქსომა.

ენდომეტრიოიდული კიბო წარმოადგენს მკვრივ სიმსივნეს, რომელიც მორფოლოგიური სტრუქტურით წარმოადგენს ჯირკვლოვან კიბოს, ბრტყელი ეპითელის კერებით. სეროზული კიბო ხშირია 40-60 წლის ასაკში, მუცინური – 60 წლის ზევით, ენდომეტრიოიდული 30 წლამდე. შემთხვევათა 40-70%-ში ავთვისებიანი სიმსივნე აზიანებს ორივე საკვერცხეს. კიბო მეტასტაზირება ხდება მუცლის ღრუში. შესაძლოა განვითარდეს მეტასტაზური ასციტი, პლევრიტი. შედარებით იშვიათია მეტასტაზები ღვიძლში, ფილტვებში, სხვა ორგანოებში.

საკვერცხის კიბოს რეციდივი ხშირად ლოკალიზდება მცირე მენჯის მიდამოში. დიაგნოზი. საკვერცხის კიბო დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მკურნალობის წარმატებას. სამწუხაროდ, ავადმყოფთა 60-80%-თან დიაგნოზის დადგენა ხდება სიმსივნის დისემინაციის სტადიაზე. დიდი მნიშვნელობა აქვს გინეკოლოგთან რეგულარულ შემოწმებებს. ასეთი გამკვლევის დროს შესაძლოა აღმოჩენილი იქნას მრგვალი, ხშირად მოძრავი სიმსივნე, რომელიც მიდრეკილია ზრდისაკენ. დათვალიერების მონაცემები ზუსტდება ულტრაბგერითი ტომოგრაფიით. საკითხი სიმსივნის კეთილთვისებიანობისა და ავთვისებიანობის შესახებ ჩვეულებრივ რჩება გაურკვეველი, თუმცა  ჩვენება ქირურგიული ჩარევისა ამგვარ შემთხვევებში აშკარაა. ავადმყოფობის შედარებით გვიან სტადიებზე ადგილი აქვს სიმსივნის დისემინიაციას პერიტონეუმში, პლევრაში; ვითარდება ასციტი და პლევრიტი. დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს ლაპარასკოპიას ბიოფსიით მორფოლოგიური ანალიზისათვის, ასევე ექსუდატის ციტოლოგიურ შესწავლას. კლინიკური გამოკვლევები ასეთ შემთხვევებში გულისხმობს სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების მეტასტაზების გამორიცხვას საკვერცხეებსა და მუცლის ღრუში.

საკვერცხის კიბოს მკურნალობისას იყენებენ ქირურგიულ ჩარევასა და ქიმიოთერაპიას. დაავადების ლოკალური ფორმის დროს ატარებენ საშვილოსნოს ამოკვეთას დანამატებთან ერთად. საკვერცხის დისემინირებული კიბო დროს იყენებენ პალიატურ ოპერაიცას, რომლის მიზანია სიმსივნის მასის შემცირება ქიმიოთრაპიის წინ. ქიმიოთერაპიის გამოყენება  წამყვან ადგილს იკავებს სიმსივნის დისემინირებული ხასიათის დროს. კლინიკური გამოვლინებების არარსებობისას ოპერაციისშემდგომი ქიმიოთერაპიის ფონზე ატარებენ ლაპარასკოპიას (6-12 თვის შემდეგ) სრული რემისიისათვის. მხოლოდ სრული რემისიის დადგომისას და ქიმიოთერაპიის არანაკლებ 12 თვიანი ვადისა, შესაძლოა დადგეს საკითხი მკურნალობის შეწყვეტის შესახებ. სხივურ თერაპიას იყენებენ იშვიათად, ძირითადად სიმსივნის რეციდივის დროს. საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნეების შედარებით იშვიათი ფორმაა  მეზონეფროიდული კიბო, ბრენერის ავთვისებიანი სიმსივნე, სტრომული სიმსივნეები. დისჰერმინომა ხასიათდება ზრდის სწრაფი ტემპით, მეტასტაზირდება პერიტონეუმსგარე ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, სხვა ორგანოებში. სიმსივნის განვითარებას თან ახლავს მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ტარდება რადიკალური ოპერაცია. ტერატოკარცინომებს შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვა მორფოლოგიური აგებულება, მათში შედის დისჰერმონომის, ემბრიონული კიბოს, ქორიონკარცინომის ელემენტები. მეტასტაზები ვითარდება მუცლის ღრუში, პერიტონეუმსგარეთა ლიმფიურ კვანძებში, ფილტვებში. დიაგნოზის დადგენისა და დინამიური დაკვირვების შემდეგ მიზანშეწონილია სიმსივნური მარკერების განსაზღვრა (а-ფეტოპროტეინი, ქორიოგონული გონადოტროპინი). დაავადების ლოკალური ფორმის დროს ატარებენ რადიკალურ ოპერაციას შემდგომი ქიმიოთერაპიით. დისემინირებული ფორმის დროს მკურნალობა მიზანშეწონილია დავიწყოთ ქიმიოთერაპიით, ხოლო 3-6 კურსის შემდეგ რემისიის მიღწევისას, ტარდება დანარჩენი სიმსივნური კვანძების ამოკვეთა. საკვერცხის ტერატოკარცინომის თანამედროვე ქიმიოთერაპიაში შედის სიმსივნის საწინააღმდეგო რამდენიმე პრეპარატების კომბინაცია. გრანულოზურუჯრედოვანი კიბოსათვის დამახასიათებელია ენდომეტრიუმის  ჰიპერპლაზია, რასაც თან ახლავს საშვილოსნისმიერი  სისხლდენა. ადრობლასტომის დროს აღინიშნება ვირილიზაციის ნიშნები ანდროგენების ჰიპერპროდუქციასთან დაკავშირებით. სიმსივნის ორივე ტიპი ვითარდება 30 წლამდე ასაკში. დამახასიათებელია მეტასტაზების განვითარება პერიტონეუმსგარეთა ლიმფურ კვანძებსა და ფილტვებში, ხშირად ოპერაციიდან მრავალი წლის შემდეგ. რეციდივისა და მეტასტაზების ადრეული გამოვლინების მიზნით მიზანშეწონილია ესტროგენებისა და ანდროგენების დონეების დინამიური განსაზღვრა. მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია. რადიკალური ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიას არ ატარებენ. დაავადების შორსწასულ შემთხვევებში ნიშნავენ სხივურ და ქიმიოთერაპიას. გონადობლასტომა წარმოადგენს შერეულ მორფოლოგიურ ვარიანტს-გრანულოზურუჯრედოვანი კიბოსა და ანდრობლასტომის შერწყმას. საკვერცხის ემბრიონული ავთვისებიანი სიმსივნეები ვითარდებიან ახალგაზრდა ასაკში და ხასიათდებიან აგრესიული მიმდინარეობით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები