ქრონიკული ფარინგიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ქრონიკული ფარინგიტი (chronic pharyngitis) – ხახის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთება. განასხვავებენ ატროფიულ, კატარულ და ჰიპერტროფიულ ფორმებს. დაავადება ვითარდება მწვავე ფარინგიტის შემდეგ, თუკი დროზე არ იქნა მოხსნილი გამაღიზიანებლი, რომელიც მოქმედებენ ხახის ლორწოვან გარსზე. ქრონიკული ფარინგიტის წარმოქმნას ხელს უწყობს სურდო, ტონზილიტი, ცხვირის დანამატი ღრუების ჩირქოვანი ანთებები, კბილების კარიესი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, გულის, ფილტვების, თირკმელების დაავადებები და სხვ.

ქრონიკული ფარინგიტი – სიმპტომები. ყელში სიმშრალის, ჩაფხაჭნის, წვის შეგრძნება, ხშირად მშრალი ხველა. ფარინგოსკოპიით ხახის უკანა კედლის ლორწოვანი გარსი მშრალი, განლეული, ფერმკრთალი, მბზინავი, თითქოსდა ლაქითაა დაფარული; ხშირად აღინიშნება ლორწო, რომელიც შრება და წარმოქმნის ქერქებს.

ქრონიკული ფარინგიტი – მკურნალობა სიმპტომატურია: გამოსავლები ტუტე ხსნარებით, ზეთოვანი და ტუტე ინჰალაციები, ლორწოვანის დამუშავება გლიცერინიანი ლუგოლის ხსნარით; შიგნით მისაღებად ვიტამინი А, კალიუმის იოდიდის 3%-იანი ხსნარი.

კატარული და ჰიპერტროფიული ქრონიკული ფარინგიტი

სიმპტომები: ყელში ჩაფხაჭნის, წვის, უცხო სხეულის შეგრძნება, ზომიერი ყელის ტკივილი ყლაპვის დროს, ხახაში მცირე რაოდენობის წებვადი ლორწოვანი გამონაყოფის დაგროვება, განსაკუთრებით ჰიპერტროფიული ფარინგიტის დროს, რაც იწვევს ამოხველების მუდმივ საჭიროებას. ამოხველება განსაკუთრებით ძლიერია დილაობით, ზოგჯერ ახლავს გულისრევა და ღებინება. ფარინგოსკოპიით ვლინდება ხახის ლორწოვანი გარსის გასქელება და დიფუზური ჰიპერემია, აღინიშნება წებვადი ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი სეკრეტი; გადიდებულია ფოლიკულების ცალკეული ჯგუფები. რბილი სასა და ნაქი შეშუპებული და გასქელებულია. ფარინგიტის ჰიპერტროფიული ფორმის დროს აღნიშნული სიმპტომები მეტადაა გამოხატული. ხახის უკანა კედლის ლიმფოიდური ქსოვილის დაგროვებას და გადიდებას, ე. წ. გრანულებს აღნიშნავენ როგორც ,,გრანულოზური ფარინგიტს”, ხოლო ლიმფოიდური ქსოვილის ჰიპერტროფია ხახის გვერდით კედლებზე წითელი ფერის მორგვების სახით ატარებს სახელწოდებას-,,გვერდითი ფარინგიტი”. ამ ტერმინით აღნიშნავენ ფარინგიტის ჰიპერტროფიულ ფორმებს.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.