ლალი დათეშიძე
თირკმლის კიბო შესაძლოა განვითარდეს თირკმლის პარენქიმიდან (თირკმელ-უჯრედოვანი კიბო, ჰიპერნეფრომა) და თირკმლის მენჯის ეპითელიდან (ადენოკარცინომა). თირკმელუჯრედოვანი კიბო ვითარდება ხშირად 50 წლის ასაკის ზევით. სიმსივნემ შესაძლოა მიაღწიოს დიდ ზომებს; იზრდება თირკმლის კაფსულაში, თირკმლისა და ქვედა ღრუ ვენაში, მეტასტაზირდება ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, ძვლებში, ღვიძლში. ხშირად დაავადების პირველი ნიშანია მასიური ჰემატურია (ავადმყოფთა 40-70%). თირკმლის არაოპერაბელური კიბოს დროს ჰემატურია წარმოადგენს დაავადების მნიშვნელოვან გამოვლინებას და იწვევს მკვეთრ ანემიას. ჰემატურიის დროს ძლიერდება ტკივილი და ვლინდება თირკმლის კოლიკის სიმპტომები. ადრეული სიმპტომია აგრეთვე სხეულის ტემპერატურის მომატება დღის მეორე ნახევარში-38-39 გრადუსამდე. ჰემატურიის ყველა ეპიზოდი საჭიროა დაწვრილებით იქნას გაანალიზებული გამოკვლევებით. ტემპერატურის მომატების თითოეულ შემთხვევაში საჭიროა გვახსოვდეს თირკმლის კიბოს განვითარების შესაძლებლობა. მასიური ჰემატურიის პირველი ეპიზოდი და 1 თვეზე მეტხანს სხეულის ტემპერატურული რეაქცია ბადებს გარკვეულ ეჭვს თირკმლის კიბოს არსებობაზე. სხვა სიმპტომებს შორისაა სიმსივნის მოსინჯვა პალპაციით, მარჯვნივ ვარიკოცელე, რაც ნიშანია სიმსივნის გავრცელებისა ვენურ სისხლძარღვებზე, ასევე ედრ-ის მომატება, ზოგჯერ (შემთხვევათა 2%) ერითროციტების რიცხვისა და ჰემოგლობინის მატება, სიმსივნის მიერ ერითროპოეტინის სეკრეციასთან დაკავშირებით.
დიაგნოზის დადგენა ხდება ვენური და რეტროგრადული პიელოგრაფიით, ულტრაბგერითი და კომპიუტერული ტომოგრაფიით. თუმცა დიაგნოსტიკაში მთავარი მნიშვნელობა აქვს თირკმლის სელექციურ ანგიოგრაფიას. დაავადების გავრცელების ხარისხის დადგენა ხდება ჩონჩხისა და ფილტვების რენტგენოგრაფიითა და სცინტიგრაფიით.
მკურნალობა. თირკმლის ლოკალიზებული თირკმელ-უჯრედოვანი კიბოს დროს ატარებენ ნეფრექტომიას. ნეფრექტომია ტარდება მეტასტაზების არსებობისას ფილტვებში, ზოგჯერ კი ძვლებში. ასეთ სიტუაციაში ოპერაციის ჩვენება შესაძლოა იყოს დიდი სიმსივნის ამოკვეთის შესაძლებლობა და ავადმყოფის განთავისუფლება მტანჯველი სიმპტომებისაგან (ჰემატურია, ტკივილი). სიმსივნის რეგრესია, ან დაავადების ხანგრძლივი სტაბილიზაცია აღინიშნება ავადმყოფთა 40%-ში, ფილტვში მეტასტაზების მცირე ზომების დროს. ამიტომ, ნეფრექტომიის შემდეგ საჭიროა ავადმყოფებზე დინამიური დაკვირვება, ყოველ 3 თვეში ფილტვების რენტგენოგრაფია, 2 წლის განმავლობაში. მეტასტაზების ადრეული გამოვლინების შემთხვევაში მკურნალობის ეფექტურობა მატულობს.
თირკმლის მენჯის კიბო შეადგენს დაახლოებით 7%-ს თირკმლის ყველა სახის სიმსივნეებისა. მენჯის პაპილარული ადენოკარცინომა ხასიათდება მორფოლოგიური ჰეტეროგენულობით, რითაც მსგავსია შარდის ბუშტის კიბოსი. დიაგნოზი ხშირად გართულებულია.
ძირითადი სიმპტომებია ჰემატურია,- უმნიშვნელო ან მასიური, თირკმლის კოლიკის შეტევები. დაავადების ის ზოგადი ნიშნები, რომლებიც ხშირია თირკმელ-უჯრედოვანი კიბოს დროს, მენჯის კიბოს დროს იშვიათად ვლინდება. დიაგნოსტიკისათვის იყენებენ ვენურ და რეტროგრადულ პიელოგრაფიას, ასევე ულტრაბგერით გამოკვლევასა და კომპიუტერულ რენტგენულ ტომოგრაფიას. ანგიოგრაფია ნაკლებეფექტურია. დიფერეციალური დიაგნოზი ტარდება ტუბერკულოზთან, შარდკენჭოვან დაავადებასთან, პიელიტთან. თირკმლის მენჯში ავსების დეფექტის გამოვლინება 60-70 წლის ავადმყოფებში, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ თირკმელკენჭოვანი დაავადება და აქვთ ჰემატურიის პირველი ეპიზოდი, საეჭვოს ხდის თირკმლის მენჯის კიბოს არსებობას.
შარდსაწვეთის კიბო თავისი მორფოლოგიური აგებულებით მოგვაგონებს შარდის ბუშტის კიბოს. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება ქვედა მესამედი; დაავადება ვლინდება ტკივილით წელის არეში და ჰემატურიით. იწვევს შადსაწვეთის დაცობას, ატროფიის განვითარებას ან თირკმლის ჰიდრონეფროზს. ინფილტრირდება ლორწქვეშა და კუნთოვან შრეებში, ამასთან წარმოიქმნება ლიმფოგენური და ჰემატოგენური მეტასტაზები. დიაგნოზის დადგენა ხდება რენტგენოლოგიური (მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფიით), ენდოსკოპური და ულტრაბგერითი გამოკვლევებით.
მენჯისა და შარდსაწვეთის კიბო მიეკუთვნება ძალზედ აგრესიულ მეტასტაზულ სიმსივნეებს (მეტასტაზები ვითარდება ღვიძლში, ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, თავის ტვინში, ძვლებსა და სხვა ორგანოებში). ადრეულ სტადიებზე მკურნალობა ქირურგიულია. აუცილებელია თირკმლის ამოკვეთა შარდსაწვეთან ერთად. პროცესის დისემინირების დროს ნიშნავენ ფართო სპექტრის პრეპარატებს.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1176 times by 536 viewers



