მკურნალობა უცხოეთში


ძვალი

ლალი დათეშიძე

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია. ოსტეოლოგია

ლულისებრი ძვალიძვალი (os, bone) – საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის ორგანო, რომელიც აგებულია უპირატესად ძვლოვანი ქსოვილისგან. შემაერთებელი ქსოვილით, ხრტილით ან ძვლოვანი ქსოვილით შეერთებული (წყვეტილად ან უწყვეტად) ძვლების ერთობლიობას ეწოდება ჩონჩხი. მოზრდილი ადამიანის ჩონჩხის ძვლების საერთო რაოდენობა 200–ზე მეტია, უმეტეს შემთხვევაში ისინი წყვილი ძვლებია. ძვლები წარმოადგენენ რბილი ქსოვილების საყრდენ და კუნთების მამოძრავებელ მექანიზმს. ისინი აგრეთვე ასრულებენ დამცველობით ფუნქციებს, რაც გამოიხატება არხების და ღრუების ჩამოყალიბებით, სადაც მოთავსებულნი არიან ორგანოები. ძვლების ბიოლოგიური ფუნქცია დაკავშირებულია ნივთიერებათა ცვლაში და სისხლის წარმოქმნის პროცესებში მათ მონაწილეობასთან.

ძვლების ფორმების, ფუნქციების და განვითარების განსხვავებების საფუძველზე მათ ყოფენ 5 ჯგუფად: ლულისებრი (გრძელი და მოკლე), ღრუბლოვანი, ბრტყელი, შერეული და ჰაეროვანი. ლულისერი ძვლები აგებულნი არიან კომპაქტური და ღრუბლისებრი ნივთიერებისგან. ასეთი ძვლების შუა ნაწილს – დიაფიზს ანუ სხეულს, გააჩნია ლულის ფორმა, რომლის შიგნითაც წარმოდგენილია ძვლის ტვინის ღრუ. ლულისებრი ძვლების ბოლოები – ეპიფიზები გასქელებულია და უკავშირდებიან მეზობელ ძვლებს. როგორც წესი, ეპიფიზებს გააჩნიათ სასახსრე ხრტილით დაფარულია სასახსრე ზედაპირები. ეპიფიზსა და დიაფიზს შორის მდებარე ძვლოვან უბანს ეწოდება მეტაფიზი, ხოლო ძვლის წანაზარდებს, რომლებზეც მიმაგრებულნი არიან კუნთები – აპოფიზები. აღნიშნული ტიპის ძვლები ქმნიან კიდურების საფუძველს და თამაშობენ გრძელი ბერკეტების როლს, რომლებიც მოძრაობაში მოჰყავთ კუნთებს. მოკლე ლულისებრი ძვლები (მტევნის, უკანა ტერფის, თითების ფალანგების) წარმოადგენენ მოკლე ბერკეტებს და გაძვალების კერა გააჩნიათ მხოლოდ ერთ ეპიფიზში (მონოეპიფიზური ძვლები). ღრუბლისებრი ძვლები წარმოქმნილნი არიან უპირატესად ღრუბლისებრი ნივთიერებისგან. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან მკერდის ძვალი, ხერხემლის მალები, მაჯის, წინა ტერფის ძვლები. ბრტყელი ძვლები ქმნიან ქალას სარქველს და უპირატესად ასრულებენ დამცველობით ფუნქციებს. ისინი წარმოქმნილნი არიან კომპაქტური ნივთიერების გარეთა და შიგნითა ფირფიტებისგან, რომელთა შორისაც მდებარეობს ღრუბლისებრი ნივთიერება (დიპლოე). კიდურების სარტყლების ბრტყელი ძვლები უპირატესად აგებულნი არიან ღრუბლისებრი ნივთიერებისგან და ასრულებენ საყრდენ და დამცველობით ფუნქციებს. შერეული ძვლები წარმოდგენილნი არიან ქალას ფუძეში. ისინი განსხვავებულად ყალიბდებიან და გააჩნიათ სხვადასხვა აგებულება და ფუნქცია. ქალას ზოგიერთი ძვალი შეიცავს ლორწოვანი გარსით ამოფენილ ღრუებს და ამოვსებულია ჰაერით (ჰაეროვანი ძვლები).
ძვალის ზედაპირი კუნთების მიმაგრების ადგილებში უსწორმასწოროა. რაც უფრო ძლიერადაა განვითარებული მუსკულატურა, მით უფრო მკაფიოდაა გამოხატული კუნთოვანი წანაზარდები. ძვლის ზედაპირზე მდებარეობს ერთი ან რამდენიმე საკვები ხვრელი, საიდანაც მასში აღწევენ სისხლძარღვები და ნერვები.
ძვლისსაზრდელა ძვალს ფარავს გარედან (პერიოსტი) და ამოფენს ძვლის ტვინის ღრუს (ენდოსტი). იგი შედგება გარეთა ბოჭკოვანი და შიგნითა ოსტეოგენური შრეებისგან. გარეთა შრე ძირითადად წარმოქმნილია მკვრივიძვლისაზრდელა შემაერთებელი ქსოვილისგან, შიგნითა შრე, ახალგაზრდა ასაკის პირებში, შეიცავს ოსტეობლასტებს და ოსტეოკლასტებს. ძვლისსაზრდელას გააჩნია მდიდარი სისხლმომარაგება, მასში ჭარბადაა ლიმფური სადინრები და ნერვები. იგი მონაწილეობას ღებულობს ძვალთან მყესების და კუნთების ფიქსაციაში, ძვლების ტროფიკაში, ზრდაში და განვითარებაში; ენდოსტთან ერთად შეიძლება მონაწილეობდეს ძვლის რეგენერაციის პროცესში.
ძვალი შედგება კომპაქტური და ღრუბლოვანი ნივთიერებისგან. კომპაქტური ნივთიერება მდებარეობს მის პერიფერიაზე, ხოლო ღრუბლოვანი – მის შიგნით. ღრუბლოვანი ნივთიერების ძგიდეები მდებარეობენ გარკვეული კანონზომიერებით, ფუნქციური პირობების შესაბამისად, მოხრის და გაშლის ხაზებზე. ძვლის სიმტკიცე და ელასტიურობა მიიღწევა მის შემადგენლობაში შემავალი ორგანული და არაორგანული ნივთიერებების შეფარდებით.

 
გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.

 

Comments are closed.

vaka