ფუნქციური სისტემები

ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

ფუნქციური სისტემა – ორგანოების და ქსოვილების ერთობლიობაა, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვადასხვა ანატომიურ–ფიზიოლოგიურ სტრუქტურებს და გაერთიანებულნი არიან განსაზღვრული შეგუებლობითი მოქმედების (შედეგის) მიღწევის მიზნით (სასარგებლო შეგუებლობითი შედეგი).
ფუნქციურ სისტემებს საფუძვლად უდევს ნორმიდან გადახრილი ამა თუ იმ სიდიდის ნორმაში დაბრუნების პრინციპი. თითოეული ფუნქციური სისტემა ირთვება მაშინ, როდესაც რომელიმე სიდიდე გადაიხრება ნორმიდან. ფუნქციური სისტემა – ეს არის დროებითი სისტემა განსაზღვრული შედეგის მისაღწევად.
ფუნქციური სისტემის მუშაობის მიზანი –  განსაზღვრული სიდიდის ნორმაში დაბრუნება.
ადამიანის ორგანიზმი – სხვადასხვა ფუნქციური სისტემების ერთობლიობაა. ყველა არსებული ფუნქციური სისტემიდან მოცემულ მომენტში არსებობს ერთი – დომინანტური

1. ცენტრალური რგოლი – ამა თუ იმ ფუქციის მარეგულირებელი ნერვული ცენტრების ერთობლიობა;
2. აღმასრულებელი რგოლი – ორგანოები და ქსოვილები, რომლებიც მუშაობენ გარკვეული შედეგის მისაღწევად (აქ შედის ქცევითი რეაქციები);
3. უკუკავშირი (აფერენტაცია) – მეორე რგოლის მოქმედების შემდეგ აღმოცენდება რეცეპტორებიდან ცენტრალური ნერვული სისტემისკენ მიმავალი იმპულსების მეორადი ნაკადი, რითაც გადაეცემა ინფორმაცია ამა თუ იმ სიდიდის ცვლილების შესახებ;
4. სასარგებლო შედეგი – რომლის მისაღწევადაც მოქმედებს ფუნქციური სისტემა.

თითოეულ ფუნქციურ სისტემას გაჩნია ორი თვისება:
1. დინამიკურობა – თითოეული ფუნქციური სისტემა, ეს არის დროებითი ”წარმონაქმნი”. ერთი ფუნქციური სისტემის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სხვადასხვა ორგანოები და პირიქით, ერთი და იგივე ორგანოები შეიძლება შედიოდნენ სხვადასხვა ფუნქციური სისტემის შემადგენლობაში;
2. თვითრეგულაცია – ფუნქციური სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა პარამეტრების მუდმივ დონეზე შენარჩუნებას გარეგანი ჩარევის გარეშე. ყველა ფუნქციური სისტემა მუშაობს დასწრების პრინციპით. ამა თუ იმ სიდიდის ნორმიდან გადახრის შემთხვევაში იმპულსები ხვდებიან ცენტრალურ რგოლში, სადაც ყალიბდება მომავალი შედეგის ეტალონი. შემდგომში მოქმედებას იწყებს მეორე რგოლი. როგორც კი მიღებული შედეგი იქნება ეტალონის შესაბამისი, ფუნქციური სისტემა წყვეტს მოქმედებას.

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.