ფილტვები

ლალი დათეშიძე
 

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

ფილტვებიფილტვები (pulmones) – წყვილი ორგანო, რომელიც განლაგებული გულმკერდის ღრუში და ახორციელებს აირთა ცვლას  ჩასუნთქულ ჰაერსა და სისხლს შორის. ფილტვების  ძირითადი ფუნქციას წარმოადგენს სასუნთქი  ფუნქცია. მისი რეალიზაციისთვის მნიშვნელოვან  კომპონენტს წარმოადგენს საკმარისი პარციალური  წნევით, ჟანგდაბით გაჯერებული ჰაერით  ალვეოლების ვენტილაცია, ჟანგბადის და  ნახშირორჟანგის დიფუზია ალვეოლურ–კაპილარული მემბრანის გავლით, ნორმალური სისხლის მიმოქცევა სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში.

ფუნქციონალური ანატომია. ფილტვები ფორმით მოგვაგონებენ ვერტიკალურად გაკვეთილი კონუსის ნახევრებს; ისინი დაფარულნი არიან სეროზული გარსით – პლევრით. ვიწრო და გრძელი გულმკერდის

filtvi2

შემთხვევაში ფილტვები დაგრძელებული და ვიწროა, ხოლო ფართო ფორმის გულმკერდის შემთხვევაში – უფრო დამოკლებული და განიერი. მარჯვენა ფილტვი მარცხენასთან შედარებით უფრო მოკლე და განიერია, მოცულობაც უფრო დიდია. მარჯვენა ფილტვის საშუალო სიმაღლე შეადგენს 27,1 სმ (კაცებში) და 21,6 სმ (ქალებში), მარცხენა ფილტვის – შესაბამისად 29,8 და 23 სმ. მარჯვენა ფილტვის ფუძის საშუალო სიგანე შეადგენს 13,5 სმ (კაცებში) და 12,2 სმ (ქალებში), მარცხენა ფილტვის – შესაბამისად 12,9 და 10,8 სმ. მარჯვენა და მარცხენა ფილტვის ფუძის წინა–უკანა ზომები საშუალოდ უდრის 16 სმ. თითოეული ფილტვის საშუა მასა შეადგენს 374±14 გრ. ფილტვების საერთო მოცულობა მერყეობს 1290 მლ–დან 4080 მლ–მდე (საშუალოდ 2680±120 მლ).
თითოეულ ფილტვში გამოყოფენ მწვერვალს, ფუძეს, სამ ზედაპირს (ნეკნის, მედიალური და დიაფრაგმული) და ორ კიდეს (წინა და ქვედა). ფილტვის მწვერვალის ნეკნისმხრივ ზედაპირზე აღინიშნება ღარი, რომელიც შეესაბამება ლავიწქვეშა არტერიას, ხოლო მის წინ – მხარ–თავის ვენის ღარი. ნეკნის ზედაპირზე აგრეთვე აღინიშნება I ნეკნის არამუდმივი კვალი – სუბაპიკალური ღარი. ფილტვების ნეკნის და დიაფრაგმის ზედაპირები ერთმანეთისგან გამოყოფილია წაწვეტებული ქვედა კიდით. ჩასუნთქვის და ამოსუნთქცის დროს ფილტვის ქვედა კიდე ვერტიკალური მიმართულებით მოძრაობს საშუალოდ 7–8 სმ–ით. ფილტვების მედიალური ზედაპირი წინიდან ნეკნების ზედაპირისგან გამოყოფილია წაწვეტებული წინა კიდით, ხოლო ქვემოდან დიაფრაგმის ზედაპირისგან – ქვედა კიდით. მარცხენა ფილტვის წინა კიდეზე აღინიშნება გულის ნაჭდევი, რომელიც ქვემოთ გადადის ფილტვის ენაში. ორივე ფილტვის მედიალურ ზედაპირებზე განასხვავებენ ხერხემლის და მედიასტინურ ნაწილებს, გულის ჩაღრმავებას. გარდა ამისა, მარჯვენა ფილტვის მედიალურ ზედაპირზე, მისი კარის წინ, მდებარეობს ზემო ღრუ ვენის ნაჭდევი, ხოლო კარის უკან – მცირე ზომის ნაჭდევები, მიმდებარე კენტი ვენისგან და საყლაპავისგან. ორივე ფილტვის მედიალური ზედაპირების ცენტრში განლაგებულია ძაბრის ფორმის ჩაღრმავება – ფილტვის კარი. სკელეტოტოპიურად ფილტვის კარი შეესაბამება უკნიდან გულმკერდის V-VII მალებს, ხოლო წინიდან II-V ნეკნების დონეს. ფილტვის კარში გაივლის მთავარი ბრონქი, ფილტვის და ბრონქული არტერიები და ვენები, ნერვული წნულები, ლიმფური სადინრები; კარის მიდამოში და მთავარი ბრონქების გასწვრივ განლაგებულნი არიან ლიმფური კვანძები. ზემოთჩამოთვლილი ანატომიური წარმონაქმნები მთლიანობაში ქმნიან ფილტვის ფესვს. ფილტვის კარის ზედა ნაწილი უკავიათ მთავარ ბრონქს, ფილტვის არტერიას და ლიმფურ კვანძებს, ბრონქულ სისხლძარღვებს და ფილტვის ნერვულ წნულს. კარის ქვედა ნაწილი უკავიათ ფილტვის ვენებს. ფილტვის ფესვი დაფარულია პლევრით. ფილტვის ფესვის ქვემოთ, პლევრის დუბლიკატურით წარმოქმნილია სამკუთხა ფორმის ფილტვის იოგი.
ფილტვები შედგებიან წილებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილნი არიან წილთაშუა ნაპრალებით, რომლებიც თავის მხრივ, მდებარეობენ ფილტვის ფესვიდან 1–2 სმ–ის მანძილზე. მარჯვენა ფილტვში

ფილტვის წილები

გამოყოფენ 3 წილს: ზედა, შუა და ქვედა. ზედა წილი შუისგან გამოყოფილია ჰორიზონტალური ნაპრალით, შუა ქვედასგან – ირიბი ნაპრალით. მარცხენა ფილტვში გამოყოფენ 2 წილს – ზედა და ქვედა, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილნი არიან ირიბი ნაპრალით. ფილტვების წილები, თავის მხრივ, იყოფიან ბრონქ–ფილტვის სეგმენტებად – ფილტვის უბნები, რომლების გვერდით მყოფი ანალოგიური უბნებისგან მეტ–ნაკლებად გამოყოფილნი არიან შემაერთბელქსოვილოვანი ფირფიტებით; თითოეულ სეგმენტში იტოტება სეგმენტური ბრონქი და ფილტვის არტერიის მისი შესაბამისი ტოტი; სეგმენტის მადრენირებელი ვენებს სისხლი მიაქვთ სეგმენტშორის ძგიდეებში განლაგებულ ვენებში. საერთაშორისო ნომენკლატური მიხედვით (ლონდონი, 1949) თითოეულ ფილტვში განასხვავებენ 10 ფილტვ–ბრონქულ სეგმენტს. საერთაშორისო ანატომიურ ნომანკლატურაში (PNA) მარცხენა ფილტვის მწვერვალის სეგმენტი გაერთიანებულია უკანა სეგმენტთან (უკანა–მწვერვალის სეგმენტი). მარცხენა ფილტვის მედიალური (გულის) ბაზალური სეგმენტი ზოგჯერ არ ვლინდება.
თითოეულ სეგმენტში გამოყოფენ ფილტვის წილაკებს – ფილტვის უბნებს, რომელთა სისქეშიც ხდება წილაკოვანი ბრონქის (დაახლოებით 1 მმ დიამეტრის წვრილი ბრონქი) დატოტიანება საბოლოო ბრონქიოლებამდე; წილაკები ერთმანეთისგან და ვისცერული პლევრისგან გამოყოფილნი არიან ფაშარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის წილაკთაშორის ძგიდეებით. თითოეულ ფილტვში დაახლოებით 800 წილაკია. ბრონქების დატოტიანება (საბოლოო ბრონქიოლების ჩათვლით) წარმოქმნის ბრონქულ ხეს ანუ ფილტვების ჰაერგამტარ გზებს.
საბოლოო ბრონქიოლები დიქოტომიურად იყოფიან 1–4 რიგის სასუნთქ (რესპირატორულ) ბრონქიოლებად, რომლებიც, თავის მხრივ, იყოფიან ალვეოლურ სადინრებად (სავალებად), რომლებიც 1–4–ჯერ განიცდიან განტოტებას და მთავრდებიან ალვეოლური პარკებით. ალვეოლური სადინრების, ალვეოლური პარკების და სასუნთქი ბრონქიოლების კედლებზე განლაგებულნი არიან ფილტვების ალვეოლები, რომლებიც იხსნებიან მათ სანათურში. ალვეოლურ სადინრებთან, სასუნთქ ბრონქებთან და პარკებთან ერთად ალვეოლები ქმნიან ალვეულურ ხეს ანუ ფილტვის სასუნთქ პარენქიმას; მის მორფოფუნქციონალურ ერთეულს წარმოადგენს აცინუსი, რომელიც მოიცავს ერთ სასუნთ ბრონქიოლს და მასთან დაკავშირებულ ალვეოლურ სადინრებს, ტომრებს და ალვეოლებს.
ზრდასრულ ადამიანში ფილტვის მწვერვალი შეესაბამება პლევრის გუმბათს და გამოდის გულმკერდის ზედა აპერტურიდან კისრის მიდამოში, კისრის VII მალის წვეტიანი მორჩის მწვერვალის დონემდე, ლავიწის უკან და 2–3 სმ–ით მაღლა. ფილტვების და პარიესული პლევრის საზღვრები მსგავსია. მარჯვენა ფილტვის წინა კიდე გულმკერდის წინა კედელზე პროეცირდება ფილტვის მწვერვალიდან ლავიწის მედიალურ ბოლოსკენ გავლებულ ხაზზე, რომელიც გრძელდება მკერდის ძვლის ტარის შუა ადგილამდე და შემდგომ ქვევით მკერდის ძვლის მარცხნივ მასზე VI ნეკნის ხრტილის მიმაგრების ადგილამდე, საიდანაც იწყება ფილტვის ქვედა საზღვარი. მარცხენა ფილტვის წინა კიდე მკერდის ძვალთან IV ნეკნის მიერთების ადგილას რკალისებურად იხრება მარცხნივ და ქვემოთ VI ნეკნის და პარასტერნალური ხაზის გადაკვეთის ადგილამდე. მარჯვენა ფილტვის ქვედა საზღვარი მკერდის ძვლის შუა ხაზზე შეესაბამება V ნეკნის ხრტილს, ლავიწშუა ხაზზე – VI ნეკნს, წინა აქსილარულ ხაზზე – VII ნეკნს, ბეჭის ხაზზე – X ნეკნს, პარავერტებრალურ ხაზზე – გულმკერდის XI მალის წვეტიან მორჩს. მარცხენა ფილტვის ქვედა საზღვარი მარჯვენა ფილტვისგან იმავე საზღვრისგან განსხვავდება იმით, რომ იწყება VI ნეკნის ხრტილის დონეზე პარასტერნალურ ხაზზე. ახალშობილებში ფილტვის მწვერვალი მდებარეობს I ნეკნის დონეზე, 20–25 წლის ასაკისთვის იგი აღწევს ზრდასრული ადამიანისთვის დამახასიათებელ ნორმებს. ახალშობილებში ფილტვის ქვედა საზღვარი ერთი ნეკნით მაღლა დგას, ვიდრე მოზრდილებში, შემდგომ წლებში ხორციელდება მისი დაწევა. 60 წელს გადაცილებულ პირებში ფილტვების ქვედა საზღვარი 1–2 სმ–ით დაბლაა, ვიდრე 30–40 წლის ასაკის პირებში.
ფილტვების ნეკნებისმხრივი ზედაპირი ეხება პარიესულ პლევრას. ამასთან, უკნიდან ფილტვებს ესაზღვრება ნეკნთაშუა ნერვები და სისხლძარღვები, რომლებიც მათგან გამოყოფილნი არიან პლევრით და გულმკერდის შიგნითა ფასციით. ფილტვის ფუძე მდებარეობს დიაფრაგმის შესაბამის თაღზე. დიაფრაგმის საშუალებით მარჯვენა ფილტვი გამოყოფილია ღვიძლისგან, მარცხენა კი – ელენთისგან, მარცხენა თირკმლისგან, კუჭისგან, განივი კოლინჯისგან და ღვიძლისგან. მარჯვენა ფილტვის მედიალური ზედაპირი მისი კარის წინ ესაზღვრება მარჯვენა წინაგულს, უფრო მაღლა – მხარ–თავის მარჯვენა და ქვემო ღრუ ვენებს, კარის უკან – საყლაპავს. მარცხენა ფილტვის მედიალური ზედაპირი კარის წინ ესაზღვრება მარცხენა პარკუჭს, ოდნავ ზევით – აორტის რკალს და მხარ–თავის მარცხენა ვენას, კარის უკან – აორტის გულმკერდის ნაწილს. მარჯვენა და მარცხენა მხარეს ფილტვების ფესვების სინტოპია განსხვავებულია. მარჯვენა ფილტვის ფესვის წინ მოთავსებულია აორტის აღმავალი ნაწილი, ზემო ღრუ ვენა, პერიკარდიუმი და ნაწილობრივ მარჯვენა წინაგული; ზემოთ და უკან – კენტი ვენა. მარცხენა ფილტვის ფესვს ზემოდან ესაზღვრება აორტის რკალი, უკნიდან – საყლაპავი. ორივე ფესვი წინიდან გადაკვეთს დიაფრაგმის, ხოლო უკნიდან ცდომილ ნერვებს.
სისხლმომარაგება ხორციელდება ფილტვის და ბრონქიალური სისხლძარღვებით. სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში შემავალი ფილტვებისuntitled სისხლძარღვები ძირითადად ასრულებენ აირთა   ცვლის ფუნქციას. ბრონქიალური სისხლძარღვები  უზრუნველყოფენ ფილტვების კვებას და  მიეკუთვნებიან სისხლის მიმოქცევის დიდ წრეს. ამ  ორ სისტემას შორის არსებობს საკმაოდ გამოხატული  ანასტომოზები. ვენური სისხლი წილაკოვანი ვენების  მეშვეობით ჩაედინება წილაკთაშორის ძგიდეების  ვენებში. აქვე ჩაედინება პლევრისქვეშა  შემაერთებელი ქსოვილის ვენებიც. წილაკთაშუა  ვენებიდან ყალიბდება სეგმენტშორის ვენები, სეგნმენტების და წილების ვენები, რომლებიც ფილტვის კარის მიდამოში ერწყმიან ერთმანეთს და ქმნიან ფილტვის ზედა და ქვედა ვენებს.
ფილტვების ლიმფური სისტების დასაწყისს წარმოადგენს ლიმფური კაპილარების ზედაპირული და ღრმა ქსელი. ზედაპირული ქსელი განლაგებულია ვისცერულ პლევრაში. მისგან ლიმფა მიედინება 1–ლი, მე–2 და მე–3 რიგის ლიმფური სადინრების წნულებში. ღრმა კაპილარული ქსელი მდებარეობს შემაერთებელ ქსოვილში ფილტვის წილაკების სიღრმეში, წილაკთაშორის ძგიდეებში, ბრონქების კედლის ლორწქვეშა შრეში, ფილტვშიდა სისხლძარღვების და ბრონქების გარშემო. ფილტვების რეგინალური ლიმფური კვანძები გაერთიანებულნი არიან შემდეგ ჯგუფებად: ფილტვების რეგიონალური ლიმფური კვანძები, რომლებიც განლაგებულნი არიან ფილტვების პარენქიმაში, უპირატესად ბრონქების გაყოფის ადგილებში; ბრონქ–ფილტვის, რომლებიც მდებარეობენ არიან მთავარი და წილოვანი ბრონქების გაყოფის ადგილებში; ზედა ტრაქეობრონქული, რომლებიც განლაგებულნი არიან ტრაქეის გვერდითი ზედაპირის ქვედა ნაწილში და ტრაქეობრონქულ კუთხეებში; ქვედა ტრაქეობრონქული ანუ ბიფურკაციული ლიმფური კვანძები, რომლებიც მოთავსებულნი არიან ტრაქეის ბიფურკაციის ქვედა ზედაპირზე და მთავარ ბრონქებზე; ტრაქეის ახლო მდებარე ლიმფური კვანძები, რომლებიც მდებარეობენ ტრაქეის გასწვრივ.
ფილტვების ინერვაცია ხორციელდება ფილტვის ნერვული წნულით, რომელიც ყალიბდება ცდომილი ნერვით, სიმპათიკური ღეროს კვანძებით და დიაფრაგმის ნერვით. ფილტვების კარში იგი იყოფა წინა და უკანა წნულებად. მათი ტოტები ფილტვებში წარმოქმნიან პერიბრონქულ და პერივაზალურ წნულებს, რომლებიც თან მიჰყვებიან ბრონქებს და სისხლძარღვებს.

 
გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.