მკურნალობა უცხოეთში


სისხლძარღვები

სისხლძარღვები  - დახურულ სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სისხლის ტრანსპორტირება გულიდან პერიფერიისაკენ, ყველა ორგანოში და ქსოვილში და უკან გულისკენ.

ლალი დათეშიძე

სისხლძარღვები (vasa sanguifera, vasa sanguinea) წამოქმნიან დახურულ სისტემას, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სისხლის ტრანსპორტირება გულიდან პერიფერიისაკენ, ყველა ორგანოში და ქსოვილში და უკან გულისკენ. არტერიებს სისხლი მიაქვთ გულიდან, ხოლო ვენების საშუალებით სისხლი ბრუნდება გულში. სისხლძარღვოვანი სისტემის არტერიულ და ვენურ ნაწილებს შორის განლაგებულია მათი შემაერთებელი მიკროცირკულაციური ქსელი, რომელიც მოიცავს არტერიოლებს, ვენულებს, კაპილარებს.

ფუნქციონალური ანატომია და ჰისტოლოგია. ადამიანის ორგანიზმში ყველა ორგანოს და ქსოვილის სისხლმომარაგება ხორციელდება სისხლის მიმოქცევის დიდ წრის სისხლძარღვებით. იგი იწყება გულის მარცხენა პარკუჭიდან და ყველაზე მსხვილი არტერიიდან – აორტიდან და მთავრდება მარჯვენა წინაგულში, სადაც ჩაედინებიან ორგანიზმის ყველაზე მსხვილი ვენები – ზემო და ქვემო ღრუ ვენები.

არტერიები – სისხლძარღვოვანი სადინრები, რომლებიც შიგნიდან ამოფენილნი არიან ენდოთელიარული უჯრედებით; ეს უკანასკნელნი მათ ქვეშ მდებარე შრესთან (სუბენდოთელიუმი) ერთად ქმნიან შიგნითა გარსს.

არტერიის შუა ანუ კუნთოვანი გარსი შიგნითა გარსისგან გამოყოფილია შიგნითა ელასტიური მემბრანით. კუნთოვანი გარსი შექმნილია გლუვი კუნთოვანი უჯრედებისგან. შიგნითა ელასტიურ მემბრანასთან ახლოს მდებარეობენ ცირკულარული მიმართულების კუნთოვანი უჯრედები. შემდგომში ისინი მიემართებიან სულ უფრო ირიბად და საბოლოოდ მათი უმეტესობა ღებულობს სიგრძივ მიმართულებას. ყველა კუნთოვანი ელემენტის ერთობლიობას გააჩნია სპირალისებური ჭიმების სახე. ამასთან ბავშვებში სპირალების რიცხვი უფრო ნაკლებია, ვიდრე მოზრდილებში. ასაკთან ერთად აგრეთვე მატულობს სპირალების ხვეულების დახრის ხარისხი. კუნთოვანი გარსის ასეთი აგებულება უზრუნველყოფს სისხლის სპირალისებურ მოძრაობას (ჩახვეული სისხლის მიმოქცევა), რაც ხელს უწყობს ჰემოდინამიკის ეფექტურობის გაზრდას და ეკონომიურია  ენერგეტიკული თვალსაზრისით. კუნთოვანი გარსზე მოთავსებულია გარეთა ელასტიკური მემბრანა, რომელიც შედგება ელასტიური ბოჭკოების კონებისგან. მას არ გააჩნია ბარიერული ფუნქცია და მჭიდროდაა დაკავშირებული ადვენტიციასთან (გარეთა გარსთან), რომელიც მდიდარია არტერიების მკვებავი წვრილი სისხლძარღვებით და ნერვული დაბოლოებებით. გარეთა გარსი დაფარულია ფაშარი შემაერთებელი ქსოვილით. მაგისტრალური არტერიები მათ თანხმლებ ვენებთან და ნერვებთან ერთად (ნერვულ–სისხლძარღვოვანი კონა) ჩვეულებრივ დაფარულია ფასციური ბუდით.

arteria da vena+

კედლის ქსოვილოვანი ელემენტების გამოხატულების ხარისხის მიხედვით განასხვავებენ ელასტიური (აორტა), კუნთოვანი (მაგ., კიდურების არტერიები) და შერეული (საძილე არტერიები) ტიპის არტერიებს. დატოტიანების მიხედვით განარჩევენ მაგისტრალური და გაფანტული ტიპის არტერიებს. არტერიული სადინრების ტოპოგრაფია ემორჩილება განსაზღვრულ წესებს, რომელთაც გააჩნიათ კანონის სახე. უპირველეს ყოვლისა, არტერიები მიემართებიან უმოკლესი გზით ანუ გამოირჩევიან სწორხაზოვნებით. მაგისტრალური სისხლძარღვების რაოდენობა ხშირად დაკავშირებულია ჩონჩხის ღერძული ძვლების რაოდენობასთან. კიდურების სახსრების მიდამოებში მაგისტრალური არტერიებიდან გამოდიან მრავლობითი ტოტები, რომლებიც სახსრის გარშემო ქმნიან წნულს. რაც უფრო დიდია ორგანოს მოცულობა და მისი ფუნქციური დატვირთვა, მით უფრო მსხვილი სისხლძარღვი კვებავს მას. მაგ., თავის ტვინი მოიხმარს ჟანგბადის მაქსიმუმს, სწორედ ამიტომაც აღნიშნულ ორგანოსთან სისხლი უნდა მიემართებოდეს უწყვეტად და დიდი მოცულობით. მაღალი არტერიული ინდექსი დამახასიათებელია თირკმლებისთვის, რომლის გავლითაც მიემართება დიდი რაოდენობით სისხლი. ტერმინალური არტერიები თანდათანობით გადადიან არტერიოლებში, რომელთა კედელსაც აღარ გააჩნია სამგარსიანი აგებულება. არტერიოლების ენდოთელიუმი ესაზღვრება კუნთოვანი უჯრედების ერთ შრეს, რომელიც სპირალისებურად ევლება არტერიოლას. კუნთოვანი უჯრედების გარედან მდებარეობს ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის შრე, რომელიც შედგება კოლაგენური ბოჭკოების და ადვენტიციური უჯრედების კონებისგან. კარგავს რა კუნთოვან უჯრედებს, არტერიოლა პრეკაპილარის გავლით გადადის ტიპიურ კაპილარში. პრეკაპილარი ანუ პრეკაპილარული არტერიოლა – სისხლძარღვოვანი მილი, რომელიც აერთებს კაპილარს არეტერიოლასთან. ზოგჯერ მიკროცირკულაციური სისტემის აღნიშნულ ნაწილს უწოდებენ პრეკაპილარულ სფინქტერს. არტერიოლების და პრეკაპილარები არეგულირებენ კაპილარების სისხლით ავსებას, რის გამოც მათ ეწოდებათ ”რეგიონული სისხლის მიმოქცევის ონკანები”.

კაპილარები – ყველაზე თხელკედლიანი სისხლძარღვები; ისინი წარმოადგენენ პერიფერიული სისხლის მიმოქცევის ძირითად ერთეულებს. გაივლის რა კაპილარს, სისხლი კარგავს ჟანგბადს და ქსოვილებიდან იღებს ნახშირორჟანგს. ვენულების საშუალებით სისხლი მიემართება ვენებისკენ, თავდაპირველად შემკრებ, ხოლო შემდეგ წამღებ და მაგისტრალურ ვენებში. მაგისტრალური ვენების გარდა გამოყოფენ წნულისებრ (მაგ., კუჭის კედელში), არკადულ (მაგ., ნაწლავის ჯორჯლის ვენები), სპირალურ (კერძოდ საშვილოსნოს ლორწოვან გარსში), ხაოსებრ (თავის ტვინის პარკუჭების სისხლძარღვოვან წნულებში), უკუნთო (დიპლოური, ჰემოროიდალური, სონუსოიდალური) და სხ. ვენებს. ვენის კედელს არ გააჩნია გამოხატული შრეობრიობა, გარსებს შორის საზღვრები სუსტადაა გამოხატული. შუა გარსი ღარიბია კუნთოვანი უჯრედებით. მხოლოდ კარის ვენას გააჩნია მასიური კუნთოვანი გარსი, ამიტომაც მას უწოდებენ ” არტერიულ ვენას”. მთლიანობაში ვენის კედელი უფრო თხელია, არ გამოირჩევა დრეკადობით და ადვილად იჭიმება. ვენებში სისხლის მიმოქცევის სიჩქარე და წნევა გაცილებით ნაკლებია ვიდრე არტერიებში. ბევრი ვენის სანათურში წარმოდგენილია სარქვლები – შიგნითა გარსის ნაოჭები, რომლებიც ფორმით მოგვაგონებენ მერცხლის ბუდეს. ჩვეულებრივ სარქვლის აფრები განლაგებულია ერთმანეთის საპირისპირო მხარეს. სარქვლებით განსაკუთრებით მდიდარია ქვედა კიდურების ვენები. სისხლის ნაკადის გაყოფა სარქვლებშორის სეგმენტებად უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას გულისკენ და ხელს უშლის მის რეფლუქსს. ყველა ვენა, მაგისტრალური ვენების გარდა, მრავლობითი შენაერთების (ანასტომოზების) ხარჯზე ქმნის წნულებს, რომლებიც შესაძლებელია განლაგებულნი იყვნენ ორგანოს გარეთ (ექსტრაორგანული ვენური წნულები) და მის შიგნით, რაც ქმნის ხელსაყრელ პირობებს სისხლის გადანაწილებისთვის. ღვიძლის ინტრაორგანული ვენური წნული გამოირჩევა იმით, რომ მასში გვხვდება ორი ვენური სისტემა. კარის ვენას ღვიძლში მიაქვს საკვები ნივთიერებებით მდიდარი სისხლი. მისი ტოტები მთავრდებიან სინუსოიდალური კაპილარებით, რომლებშიც ხორციელდება ვენური და არტერიული სისხლის შერევა. ღვიძლის წილაკებში აღნიშნული კაპილარები ერწყმიან და ქმნიან ცენტრალურ ვენებს, საიდანაც იწყება ღვიძლის ვენების სისტემა, რომელსაც ვენური სისხლი მიაქვს ღვიძლიდან ქვემო ღრუ ვენაში, ხოლო იქიდან გულისკენ. სისხლის მიმოქცევის მცირე წრე იწყება ფილტვის ღეროთი გულის მარჯვენა პარკუჭიდან. ფილტვის ღეროს გაყოფის შედეგად წარმოიქმნება მარჯვენა და მარცხენა ფილტვის არტერია, რომლებსაც ფილტვებში მიაქვთ ვენური სისხლი, სადაც ნახშირორჟანგი გადადის ფილტვებში, ხოლო სისხლის გაჯერება ჰაერის ჟანგბადით, რომელიც გადის ალვეოლების კაპილარებში. ვენულები კაპილარებიდან აგროვებენ არტერიულ სისხლს და ფილტვის ვენების მეშვეობით ჩაედინებიან მარცხენა წინაგულში. გულის სისხლით მომარაგება ხორციელდება მარცხენა და მარჯვენა გვირგვინოვანი (კორონარული) არტერიებით (აორტის პირველი ტოტები), გულის ქსოვილებიდან სისხლის უკუდინება რამდენიმე ვენით ხორციელდება ვენურ სინუსში – მარჯვენა წინაგულის შენაკადში. ორგანიზმის სისხლძარღვოვან სისტემაში არტერიული და ვენური შენაერთების გარდა გვხვდება ანასტომოზები, არტერიების ტოტებს და ვენების შენაკადებს შორის. მათ ეწოდებათ არტერიულ–ვენური ანასტომოზები, რაც მთლად ზუსტი განმარტება არ არის, რამეთუ კომუნიკაციები არსებობენ არტერიოლების და ვენულების დონეზე და ამიტომაც მათ უნდა ეწოდებოდეთ ერტრიოლურ–ვენულური ანასტომოზები. აღნიშნული ანასტომოზების არსებობა ქმნის იუქსტაკაპილარული სისხლის მიმოქცევის პირობებს, რასაც გააჩნია დამხმარე მნიშვნელობა მიკროჰემოდინამიკაში. აღნიშნული ანასტომოზებით სისხლის მოძრაობა ხელს უწყობს კაპილარული სისტემის განტვირთვას, ზრდის ვენების პროპულსურ ძალას და აუმჯობესებს თერმორეგულაციას. სისხლძარღვოვანი კოლატერალები – ცალკეული სისხლძარღვები ან მათი ჯგუფი, რომელთაც გააჩნიათ სისხლის მოძრაობის უნარი იმავე მიმართულებით, რა მიმართულებითაც იგი მიედინება ძირითადი სისხლძარღვებით. ეს არის დამატებითი, დამხმარე სისხლძარღვოვანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კოლატერალურ, შემოვლით სისხლის მიმოქცევას. არსებობენ შემოვლითი არტერიული, ვენური სისხლძარღვები და ლიმფური სადინრები. ისინი არ შეიძლება წარმოვიდგინოთ ერთეული, სწორხაზოვანი არტერიების ან ვენების სახით, რომლებიც მიემართებიან ძირითადი სისხლძარღვოვანი მაგისტრალების გასწვრივ და მათ პარალელურად. არც თუ იშვიათად, სისხლის კოლატერალური ნაკადი ხორციელდება არტერიების და ვენების ჯაჭვების სახით, რომლებიც ერთმანეთს უერთდებიან (ანასტომოზი) სხვადასხვა პირობებში. კოლატერალური სისხლძარღვების კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს მხრის ღრმა არტერიის ტოტების შეკავშირება სხივის არტერიების ტოტებთან, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს კომპენსირება მხრის ღრმა არტერიის გამოსვლის ადგილიდან ქვემოთ მხრის არტერიის ობტურაციის ან მასზე ზეწოლის შემთხვევაში. ქვემო ღრუ ვენაში სისხლის მიმოქცევის გაძნელების შემთხვევაში სისხლი ნახულობს ურთულესს გზებს გულის მიმართულებით. ამ დროს ირთვება მრავლობითი კავა–კავალური და პორტო–კავალური ანასტომოზები, მაგალითად ხდება მუცლის წინა კედლის ვენების გაგანიერება (”მედუზას თავი”), სადაც ერთმანეთს უკავშირდებიან ზემო და ქვემო ღრუ ვენების შენაკადები. სისხლძარღვოვანი ანასტომოზები იყოფიან შიდასისტემურ (ანასტომოზები ერთი და იგივე არტერიის ტოტებს და ერთი და იგივე ვენის შენაკადებს შორის) და სისტემათაშორის (მაგ., ანასტომოზები წინა და უკანა ნეკნთაშუა არტერიებს შორის). მთავარი სისხლძარღვოვანი ღეროს ოკლუზიის შემთხვევაში კოლატერალები პირველ რიგში ვითარდებიან კუნთების შიგნით, მოგვიანებით მათი აღმოჩენა ხდება ფასციებში, ძვლისსაზრდელაში, ნერვების გაყოლებაზე. ხდება ყველა არსებული შემოვლითი კომუნიკაციის მობილიზაცია და წარმოიქმნება ახალი კოლატერალური გზები. სისხლძარღვოვანი კოლატერალების განვითარება ხდება არტერიებში სისხლის წნევის მომატების შედეგად სისხლძარღვის გადაკვანძვის ან ოკლუზიის ადგილის პროქსიმალურად. სისხლის უკუდინების დარღვევის დროს ვენებში მატულობს წნევა მისი ოკლუზიის ადგილიდან დისტალურად. იშემიურ ზონაში სისხლის უკმარისობას აგრეთვე გააჩნია გარკვეული მნიშვნელობა ახალი სისხლძარღვების ზრდის აქტივაციისთვის. სწორედ ამას ეფუძნება ე.წ. კოლატერალების ვარჯიში.

 
 
გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.

Comments are closed.

vaka