თავის ტვინი

 ლალი დათეშიძე

კერძო ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

ტვინითავის ტვინი (encephalon) – ცენტრალური ნერვული სისტემის წინა ნაწილი, რომელიც მოთავსებულია თავის ქალას ღრუში.

ანატომია. ადამიანის ოთხი კვირის ემბრიონს ნერვული ღეროს თავის ნაწილში უვითარდება 3 პირველადი ტვინის ბუშტუკი  – წინა (prosencephalon), შუა (mesencephalon) და  რომბისებური (rhombencephalon); ამ უკანასკნელს  გააჩნია გაგანიერებები, რომბომერები, რაც  მეტყველებს მის სეგმენტურ აგებულებაზე; ის  თანდათან გადადის ზურგის ტვინში. მე–5 კვირაზე წინა და რომბისებური ბუშტუკები იყოფიან და წარმოქმნიან 5 მეორეულ ბუშტუკებს, რომლებსაც შეესაბამება თვაის ტვინის საბოლოო ნაწილები: საბოლოო (telencephalon), შუამდებარე (diencephalon), შუა (mesnecephalon), უკანა (metencephalon) და მოგრძო (myelenencephalon, medulla oblongata). უკანა ტვინი სქელდება და ქმნის ტვინის ხიდს (pons; ვაროლის ხიდი), ხოლო მის დორსალურ ნაწილში ყალიბდება ნათხემი.

ტვინი

შუა ტვინი იყოფა დორსალურად მდებარე შუა ტვინის სახურავად და ვენტრალურად განლაგებულ ტვინის ფეხებად. შუამდებარე ტვინში გამოყოფენ ჰიპოთალამუსს, ეპითალამუსს, თალამუსს (მხედველობის ბორცვი) და მეტათალამუსს. საბოლოო ტვინი ქმნის ორ ნახევარსფეროს. მე–3 თვეზე ნახევარსფეროების ზედაპირებზე ჩნდება გვერდითი ფოსო, ხოლო მე–4 თვის ბოლოსთვის წარმოიქმნება პირველადი ნაოჭები, რომლებიც ნახევარსფეროებს ყოფენ წილებად. მე–5 თვიდან ხდება ნაოჭების და ხვეულების ინტენსიური წარმოქმნა; ნახევარსფეროებს შორის ყალიბდება შეხორცებები. თავის ტვინის პარკუჭები წარმოიქმნებიან თავის ბუშტუკების ღრუებისგან, რომლებსაც თავდაპირველად გააჩნიათ თხელი კედლები. თავის ტვინის ნახევარსფეროებში წარმოიქმნება წყვილი გვერდითი პარკუჭი, ხოლო შუამდებარე ტვინში – III პარკუჭი, რომბისებურ ტვინში – IV პარკუჭი, რომელიც გრძელდება ზურგის ტვინის ცენტრალურ არხში. შუა ტვინში შენარჩუნებულია წვრილი არხი, რომელიც აერთებს III და IV პარკუჭებს – თავის ტვინის არხი. თავის ბუშტუკების გვერდით კედლებში ვითარდება უჯრედული მასები, ხოლო პარკუჭების სახურავებზე რჩება თხელი უბნები, სადაც ყალიბდებიან ცერებროსპინალური სითხის გამმომუშავებელი სისხლძარღვოვანი წნულები.

ტვინი

განვითარების პროცესში მყოფ თავის ტვინში წარმოიქმნება თეთრი და რუხი ნივთიერება. რუხი ნივთიერება (substantia grisea) შეიცავს ნეირონების სხეულებს, მისგან ყალიბდება ცნს–ის ბირთვები (nuclei) და ქერქი (cortex). თეთრი ნივთიერება (substantia alba) შედგება ნეირონების წანაზარდებისგან, რომლებიც ქმნიან კონებს (fasciculi) და ტრაქტებს (tractus), რომლებიც, თავის მხრივ, წარმოადგენენ ცენტრალური ნერვული სისტემის გამტარი გზების შემადგენელ ნაწილებს. მუცლადყოფნის პერიოდის ბოლო თვეში იწყება ნერვული ბოჭკოების მიელინიზაცია, რომელიც მიმდინარეობს უკანა ტვინიდან წინა მიმართულებით; აღნიშნული პროცესი სრულდება ბავშვის დაბადების შემდეგ.
ახალშობილის თავის ტვინის მასა შეადგენს დაახლოებით 400 გრ და დამოკიდებულია სხეულის მასაზე (სხეულის მასის დაახლოებით 12,3–12,8%). თავის ტვინის ზრდა სიცოცხლის პირველ წლებში ინტენსიურად მიმდინარეობს, შემდეგ თანდათან ნელდება და სრულიად წყდება 20 წლის ასაკისთვის. სიცოცხლის პირველ წელს თავის ტვინის მასა 2–ჯერ მატულობს, 3 წლის ასაკისთვის – 3–ჯერ, ხოლო 7 წლის ბავშვების თავის ტვინის მასა შეადგენს მოზრდილი ადამიანის ტვინის მასის 80%. მამაკაცის თავის ტვინის მასა საშუალოდ შეადგენს 1400 გრ, ხოლო ქალის – 1200 გრ, რაც შეადგენს სხეულის მასის 2%; სქესობრივი და ინდივიდუალური განსხვავებები დაკავშირებულია სხეულის მასაზე და სიგრძეზე, სხეულის აგებულების თავისებურებებზე. 60 წლის შემდეგ თავის ტვინის მასა მცირდება (განსაკუთრებით თვალშისაცემია 80 წლის შემდეგ; მამაკაცებში საშუალოდ 13%–ით, ხოლო ქალებში – 16%–ით). 60 წელს გადაცილებულ პირებს აღენიშნებათ თავის ტვინის ნეირონების რაოდენობის შემცირება.
თავის ტვინში გამოყოფენ ტვინის ღეროს (truncus encephalicus), რომელიც აერთიანებს მოგრძო ტვინს, ხიდს და შუა ტვინს.
ტვინის ღერო აგებულებით ინარჩუნებს ზოგიერთ საერთო ნიშნებს ზურგის ტვინთან, განსაკუთრებით ეს ითქმის მოგრძო ტვინზე, რომლის ზედაპირზეც მოჩანს ზურგის ტვინის ნაოჭების და არხების გაგრძელებები. მოგრძო ტვინის

თავის ტვინი

წინა ზედაპირზე გადის წინა შუა ნაპრალი, რომლის ორივე მხარესაც განლაგებულნი არიან პირამიდები – pyramides; თითოეული მათგანი შეიცავს პირამიდულ კონას. ზურგის ტვინის საზღვართან პირამიდული კონები გადაჯვარედინდებიან და ქმნიან პირამიდების ჯვარედინს (decussatio pyramidum). პირამიდების ლატერალურად მდებარეობს ოლივა, რომელშიც მოთავსებულია ექსტრაპირამიდული სისტემის ბირთვები. მოგრძო ტვინის უკანა ზედაპირზე განასხვავებენ თხელ და სოლისებურ კონებს, რომლებიც მთავრდებიან ბორცვებით, რომლებშიც იმყოფებიან აღნიშნული კონების ბირთვები. ხიდის წინა ზედაპირზე გადის ბაზილარული ღარი თანამოსახელე არტერიისთვის. ლატერალურად ხიდი გრძელდება შუა ტვინის ფეხში. ხიდის წინა ზედაპირიდან და მოგრძო ტვინიდან გამოდიან თავის ტვინის V-XII წყვილი ნერვები. განსაკუთრებით გამოსაყოფია ხიდ–ნათხემის კუთხე (ხიდ–ნათხემის სამკუთხედი), რომელიც მოთავსებულია ხიდის უკანა კიდეებს, ნათხემსა და ოლივას შორის; ამ მიდამოში გამოდიან სახის და კარიბჭე–ლოკოკინას (VII და VIII წყვილი).

თავის ტვინის ნერვები

მოგრძო ტვინის და ხიდის უკანა ზედაპირზე მდებარეობს რომბისებური ფოსო (fossa rhomboidea), რომელიც წარმოადგენს IV პარკუჭის ფუძეს. რომბისებური ფოსოს კიდეები წარმოქმნილია ნათხემის ზედა და ქვედა ფეხებით. მისი ზედა კუთხეში იხსნება ტვინის არხი, ქვედა კუთხეში განლაგებულია ზურგის ტვინის ცენტრალურ არხში შემავალი ხვრელი. რომბისებურ ფოსოში გამოყოფენ რამდენიმე ველს და სამკუთხედს, სადაც პროეცირდებიან თავის ტვინის V, VI, VII,VIII, IX, X, XI და XII წყვილი ნერვების ბირთვები. რომბისებური ფოსოს კიდეებზე მიმაგრებულია IV პარკუჭის სახურავი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ტვინის ზედა და ქვედა ფარდები, IV პარკუჭის სისხლძარღვოვანი საფუძველი. IV პარკუჭის ჭერის ქვედა ნაწილში მდებარეობს კენტი შუა და წყვილი ლატერალური ხვრელები, რომლებიც პარკუჭის ღრუს აკავშირებენ ქსელქვეშა სივრცესთან.
მოგრძო ტვინის და ხიდის განივ განაკვეთებზე გამოყოფენ წინა (ვენტრალურ) ნაწილს ანუ ფუძეს, და უკანა (დორსალურ) ნაწილს ანუ სახურავს (tegmentum). სახურავში, თავის ტვინის ნერვების ბირთვების გარდა, განლაგებულია რეტიკულური ფორმაცია. აქ გადიან აღმავალი გზები, რომელთა შორისაც მთავარია მედიალური მარყუჟი (lemniscus medialis). იგი იწყება თხელი და სოლისებური ბირთვების უჯრედებისგან და მოიცავს ზურგტვინ–თალამურ ტრაქტსაც. დაღმავალი გზები, პირამიდული კონების გარდა, წარმოდგენილია ექტრაპირამიდული სისტემის სხვადასხვა გზებით (წითელბირთვ–ზურგტვინის, სახურავ–ზურგტვინის, კარიბჭე–ზურგტვინის, რეტიკულურ–ზურგტვინის). ხიდის ფუძეში მდებარეობს ხიდის ბირთვი, რომლიდანაც იწყება ხიდ–ნათხემის ბოჭკოები, რომლებიც ქმნიან ნათხემის შუა ფეხს.
შუა ტვინის ხიდისგან გაყოფილია შევიწროებული უბნით, რომელსაც ეწოდება რომბისებური ტვინის ყელი და მოიცავს ნათხემის ზედა ფეხებს, მარყუჟის სამკუთხედს და ზედა აფრას (ფარდას). შუა ტვინის ჭერი (tectum mesencephali) წარმოადგენს ფირფიტას, რომელზეც მდებარეობენ ზედა და ქვედა ბორცვები (colliculi superiores et interiores). ზედა ბორცვების რუხი ნივთიერება წარმოადგენს მხედველობის ქერქქვეშა ცენტრს, ხოლო ქვედა ბორცვების წყვილი ბირთვი მიეკუთვნება ხმენის ქერქქვეშა ცენტრებს. თავის ტვინის წყალსადენი (aqueductus cerebri) მოთავსებულია შუა ტვინის ჭერსა და ტვინის ფეხს შორის საზღვარზე. ეს უკანასკნელი იყოფა ფუძედ და სახურავად. შუა ტვინის სახურავში განლაგებულნი არიან თავის ტვინის III და IV წყვილი ნერვების ბირთვები, წითელი ბირთვები, რომლებიც მიეკუთვნებიან ექსტრაპირამიდულ სისტემას, და მედიალური მარყუჟი. სახურავის დიდი ნაწილი უკავია რეტიკულურ ფორმაციას. სახურავის და ტვინის ფეხის ფუძის საზღვარზე მდებარეობს შავი ნივთიერება (substantia nigra), რომელიც მიეკუთვნება ექსტრაპირამიდულ სისტემას. ტვინის ფეხის ფუძეში მიემართებიან დაღმავალი გზები – პირამიდული და ქერქ–ხიდის; ეს უკანასკნელი მთავრდება ხიდის ბირთვებში.
შუამდებარე ტვინში ცენტრალური ადგილი უკავია თალამუსს. მასში გამოყოფენ ბირთვების რამდენიმე ჯგუფს, რომლებთანაც მიემართებიან სხვადასხვა სახის მგრძობელობითი გზები. თალამუსიდან მგრძნობელობითი იმპულსები გადაეცემიან თავის ტვინის ქერქში. თალამუსის უკან მდებარეობს ეპითელამუსი, რომელსაც თავის შემადგენლობაში გააჩნია თასმები (habenulae), რომლებსაც უმაგრდებიან ხორკლიანი სხეული, თასმების შეხორცებები, თასმების სამკუთხედები, ეპითალამური (უკანა) შეხორცებები. თასმების ბირთვები წარმოადგენენ ყნოსვის ქერქქვეშა ცენტრებს. მეტათალამუსი შეიცავს მედიალურ მუხლისებრ სხეულს, სადაც ლოკალიზებულია სმენის ქერქვეშა ცენტრი, და ლატერალურ მუხლისებრ სხეულს, რომლებშიც მდებარეობს მხედველობის ქერქვეშა ცენტრი; მუხლისებრი სხეულებიდან სმენითი და მხედველობითი გაღიზიანებები გადაეცემა თავის ტვინის ქერქის შესაბამის ველებში. ჰიპოთალამუსი შეიცავს მრავალრიცხვოვან ბირთვებს, რომლებიც ახორციელებენ ვეგეტაციური ფუნქციის რეგულაციას; ანატომიურად და ფუნქციურად ჰიპთალამუსის ბირთვები დაკავშირებულნი არიან ჰიპოფიზთან. ჰიპოთალამუსის უკანა ნაწილში მდებარეობს დვრილისებრი სხეული (corpora mamillaria), რომელიც წარმოადგენს ყნოსვის ქერქქვეშა ცენტრს. III პარკუჭს უკავია ცენტრალური მდებარეობა თავის ტვინის პარკუჭების სისტემაში, რამეთუ უკავშირდება გვერდით პარკუჭებს და წყალსადენის მეშვეობით – IV პარკუჭს.

თავის ტვინი

თავის ტვინის ნახევარსფეროებს (hemispheria cerebri) ერთმანეთისგან ყოფს სიგრძივი ღარი, რომლის სიღრმეშიც მდებარეობს კოჟრიანი სხეული (corpus callosum). ნახევარსფეროებს გააჩნიათ რთული რელიეფი, რაც განპირობებულია ღარების და ხვეულების არსებობით. ცენტრალური ღარი (sulcus centralis) ზედა–ლატერალურ ზედაპირზე ერთმანეთისგან ყოფს შუბლის და თხემის წილებს; ლატერალური ღარი (sulcus lateralis) შუბლის და თხემის წილებს გამოყოფს საფეთქლის წილისგან; თხემ–კეფის ღარი (sulcus parietooccipitalis) მედიალურ ზედაპირზე ყოფს თხემის და კეფის წილებს. ლატერალური ღარის სიღრმეში მდებარეობს კუნძულოვანი წილი. ჰემისფეროების ზედაპირი დაფარულია თავის ტვინის ქერქით, რომელიც წარმოქმნის მოსასხამს (pallium). ქერქის ქვეშ მდებარეობს თეთრი ნივთიერება, რომელშიც წარმოდგენილია ბაზალური ანუ ქერქქვეშა ბირთვები. მათ რიცხს მიეკუთვნებიან კუდიანი ბირთვი (nucleus caudatus), ოსპისებური ბირთვი (nucleus lentiformis), გალავანი (claustrum) და ნუშისებური სხეულის (corpus daloideum). ოსპისებური ბირთვი შეიცავს ნაჭუჭს (putamen), ლატერალურ და მედიალურ მკრთალ სფეროს (globus pallidus lateralis et medialis). ბაზალური ბირთვები იყოფიან თეთრი ნივთიერების ფენებით (კაფსულებით). კუდიან, ოსპისებურ ბირთვებს და თალამუსს შორის მოთავსებულია შიგნითა კაფსულა (capsula interior), რომელშიც გადიან თავის ტვინის ქერქის ძირითადი პროექციული გზები. კუდიანი და ოსპისებური ბირთვები ქმნიან ზოლიან სხეულს (corpus striatum), რომელშიც მდებარეობენ ექსტრაპირამიდული სისტემის ქერქქვეშა ცენტრები. ნუშისებური სხეული მიეკუთვნება ლიმბური სისტემის ქერქქვეშა ბირთვების რიცხვს. შუბლის წილის ქვედა ზედაპირზე განლაგებულნი არიან ტვინის ყნოსვითი წარმონაქმნები: ყნოსვის ბოლქვი (bulbus olfactorius), ყნოსვის ტრაქტი (tractus olfactorius), ყნოსვის სამკუთხედი(trigonum plfactorium).
გვერდითი პარკუჭი (ventriculus lateralis) შედგება ცენტრალური ნაწილისგან, რომელიც პარკუჭთაშუა ხვრელის საშუალებით უკავშირდება III პარკუჭს; წინა რქისგან, რომელიც მიემართება შუბლი წილში; უკანა რქისგან, რომელიც შედის კეფის წილში; ქვედა რქისგან, რომელიც მიემართება საფეთქლის წილში. ქვედა რქაში წარმოდგენილია მუთაქისებური გამობერილობა – ჰიპოკამპი (hippocampus), რომელიც წარმოადგენს ლიმბური სისტემის ცენტრალურ ნაწილს. თავის ტვინის ორი ნახევარსფერო ერთმანეთს უკავშირდება შეკავშირებებით (შეხორცებებით), რომლებშიც მიემართებიან კომისურული ბოჭკოები. კოჟრიანი სხეული შეიცავს ბოჭკოებს, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ შუბლის, თხემის და კეფის წილებს. წინა შეკავშირება აერთებს საფეთქლის წილების ქერქს. კოჟრიანი სხეულის ქვეშ მდებარეობს თაღი (fornix), რომელიც შედგება თეთრი ნივთიერების ორი ჭიმისგან. მის ფეხებს შორის განლაგებულია თაღის შეკავშირება (შეხორცება).
თავის ტვინის სისხლმომარაგება ხორციელდება თავის ოთხი მაგისტრალური სისხლძარღვით: ორი შიგნითა საძილე და ორი ხერხემლის არტერია. შიგნითა საძილე არტერია (a. carotis interior) ტვინის ფუძეზე იყოფა ტვინის წინა და შუა არტერიებად (aa. cerebri anterior et media). მარცხენა და მარჯვენა წინა არტერიები ერთმანეთთან ანასტომოზებს ქმნიან წინა შემაერთებელი არტერიების მეშვეობით (a. communicans ant.). ხერხემლის არტერიები (aa. vertebrales) ერთიანდებიან კენტ ბაზილარულ არტერიად (a. basilaris), რომელიც იყოფა ტვინის უკანა არტერიებად (aa.cerebri posterior). შიგნითა საძილე არტერიიდან ტვინის უკანა არტერიისკენ მიემართება უკანა შემაერთებელი არტერია (a. communicans posterior). ყოველივე ამის შედეგად წარმოიქმნება თავის ტვინის ჩაკეტილი არტერიული წრე (circulu arteriosus cerebri) ანუ ვილიზიის წრე. ტვინის წინა არტერია კვებავს შუბლის და თხემის წილების მედიალურ ზედაპირს და ზედა კიდეს. ტვინის შუა არტერია მოთავსებულია თავის ტვინის ლატერალურ ღარში, ხოლო მისი ტოტები ახორციელებენ ჰემისფეროების ზედა–ლატერალური ზედაპირის უდიდესი ნაწილის სისხლმომარაგებას. ტვინის უკანა არტერია სისხლით ამარაგებს საფეთქლის და კეფის წილების მედიალურ და ქვედა ზედაპირებს. თავის ტვინის არტერიების ტოტები თავის ტვინის რბილ გარსში ქმნიან მრავალრიცხვოვან ანასტომოზებს. რბილ გარსში გამავალი არტერიებიდან თავის ტვინის ნივთიერებაში მიემართებიან ქერქის არტერიები, რომლებიც ახორციელებენ თავის ტვინის ქერქის სისხლმომარაგებას, და მედულარული არტერიები, რომლებიც აღწევენ თეთრ ნივთიერებაში. ბაზალური ბირთვების, შიგნითა კაფსულის, შუამდებარე ტვინის ნაწილის სისხლმომარაგება ხორციელდება ცენტრალური არტერიებით, რომლებიც გამოდიან ტვინის სამი მთავარი არტერიის დასაწყისში. გვერდითი და III პარკუჭების სისხლძარღვოვანი წნულების კვება ხდება წინა ხაოსებრი (ბუსუსებიანი) არტერიის ტოტებით (a. choroidea ant.). თავის ტვინის ღეროს და ნათხემის სისხლმომარაგება ხორციელდება ხერხემლის და ბაზილარული არტერიების ტოტებით.
თავის ტვინიდან სისხლის უკუდინება ხორციელდება ზედაპირული და ღრმა ვენების მეშვეობით, რომლებიც ჩაედინებიან თავის ტვინის მაგარის გარსის სინუსებში. თავის ტვინის ჰემისფეროების ზედაპირზე ვენების მდებარეობა არ შეესაბამება არტერიების განლაგებას. ტვინის ზემო ვენები (vv. cerebri superior) ჩაედინებიან ზედა საგიტალურ სინუსში; ტვინის შუა ვენა (v. cerebri media) – მღვიმოვან სინუსში. ტვინის ქვემო ვენები (vv. cerebri inferior) ჩაედინებიან განივ და ზემო კლდოვან სინუსში. აღნიშნული ვენები ერთმანეთთან ქმნიან ანასტომოზებს. ტვინის ღრმა ვენები სისხლს აგრევებენ კუნძულოვანი წილისგან, ბაზალური ბირთვებისგან, თალამუსისგან, გვერდითი და III პარკუჭების სისხლძარღვოვანი წნულებისგან; მათი ნაწილი ჩაედინება ბაზალურ ვენაში (v. basallis), ხოლო ნაწილი – თავის ტვინის შიგნითა ვენაში (v. cerebri int.). ტვინის ორივე შიგნითა ვენა კოჟრიანი სხეულის უკანა ბოლოსთან ერთიანდება და ქმნის თავის ტვინის დიდ კენტ ვენას (v. cerebri magna), რომელსაც უერთდება ბაზალური ვენები და რომელიც ჩაედინება სწორ სინუსში.

 
გაგრძელება  იხ. >>>>