მკურნალობა უცხოეთში


ლალი დათეშიძე

ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

12-გოჯა ნაწლავი12–გოჯა ნაწლავი (duodenum) – წვრილი ნაწლავის საწყისი ნაწილი, რომელიც მდებარეობს კუჭსა და წვრილ ნაწლავს შორის.

ფუნქციონალური ანატომია. წინიდან თორმეტგოჯა ნაწლავს ესაზღვრება კუჭი, ღვიძლის მარჯვენა წილი და განივი კოლინჯის ჯორჯალი, ხოლო თვითონ თორმეტგოჯა ნაწლავი შემოსაზღვრავს პანკრეასის თავს. ახალშობილებში, ჩვეულებრივ, თორმეტგოჯა ნაწლავს გააჩნია რგოლისებური ფორმა, ხოლო ზრდასრულებში – V-ს, C-ს, დანაოჭებული ან არასწორი ფორმა. მისი სიგრძე მოზრდილ ადამიანში შეადგენს 27–30 სმ, მოცულობა –150–250 მლ. 
თორმეტგოჯა ნაწლავში გამოყოფენ 4 ნაწილს. ზედა ნაწილი ყველაზე მოკლეა; მას გააჩნია მრგვალი ფორმა, მისი სიგრძე შეადგენს 3–4სმ; იგი იწყება კუჭიდან, მიემართება მარჯვნივ და უკან ხერხემლის მარჯვენა ზედაპირისკენ, ზედა ნაკეცის მიდამოში გადადის დაღმავალ ნაწილში. თორმეტგოჯა ნაწლავის ზედა ნაწილის საწყისი მონაკვეთი კლინიკურ პრაქტიკაში ცნობილია ბოლქვის სახელწოდებით. დაღმავალი ნაწილი, რომლის სიგრძეც შეადგენს 9–12 სმ, თითქმის ვერტიკალურად ეშვება ქვემოთ და მთავრდება ქვედა ნაკეცთან. აღნიშნულ ნაწილში თორმეტგოჯა ნაწლავის სანათურში იხსნება ნაღვლის საერთო სადინარი და პანკრეასის სადინარი, რომლებიც ლორწოვან გარსზე ქმნიან თორმეტგოჯა ნაწლავის დიდ

12-გოჯა

დვრილს (ფატერის დვრილი). ზოგჯერ აღნიშნული დვრილის მაღლა მდებარეობს თორმეტგოჯა ნაწლავის მცირე დვრილი, რომელშიც იხსნება პანკრეასის დამატებითი სადინარი. 1–9 სმ სიგრძის ჰორიზონტალური (ქვედა) ნაწილი გადის წელის 3–4 მალების დონეზე, განივი კოლინჯის ჯორჯლის ქვემოთ, ნაწილობრივ წვრილი ნაწლავის ჯორჯლის უკან. თორმეტგოჯა ნაწლავის აღმავალი ნაწილი (6–13სმ სიგრძის) უშუალოდ გადადის წვრილ ნაწლავში და გადასვლის ადგილას წარმოქმნის ნაკეცს. თორმეტგოჯა ნაწლავის ზედა ნაწილი სამი მხრიდან დაფარულია პერიტონეუმით. დაღმავალი და ჰორიზონტალური ნაწილები განლაგებულნი არიან რეტროპერიტონეალურად, ხოლო აღმავალი ნაწილი თანდათან იკავებს ინტრაპერიტონეალურ მდებარეობას. პანკრეასთან თორმეტგოჯა ნაწლავი დაკავშირებულია გლუვი კუნთებით, ჯირკვლის გამომტანი სადინარებით და საერთო სისხლძარღვოვანი ქსელით, ხოლო ღვიძლთან – ღვიძლ–თორმეტგოჯა იოგით.

12-გოჯა ნაწლავი
თორმეტგოჯა ნაწლავის სისხლმომარაგება ხორციელდება უკანა, წინა–ზედა, აგრეთვე ქვედა პანკრეატოდუონალური არტერიებით – გასტროდუოდენალური და ჯორჯლის ზედა არტერიების ტოტებით, რომლებიც ერთმანეთთან ქმნიან ანასტომოზებს და წარმოქმნიან წინა და უკანა რკალს. ვენური სისხლი მიედინება კარის ვენის სისტემაში. თორმეტგოჯა ნაწლავიდან ლიმფის უკუდინება ხორციელდება  პანკრეატოდუოდენალურ, ზედა მეზენტერულ, ფაშვის, წელის ლიმფურ კვანძებში.
თორმეტგოჯა ნაწლავის ინერვაცია ხორციელდება ცდომილი ნერვის (პარასიმპათიკური ნერვული სისტემა), ფაშვის (მზის), ჯორჯლის ზედა, ღვიძლის და კუჭ–თორმეტგოჯა (სიმპათიკური ნერვული სისტემა) ნერვული წნულების მეშვეობით. ნაწლავის კედელში განლაგებულია ორი ძირითადი ნერვული წნული– ყველაზე განვითარებული კუნთთაშორის (აუერბახის) და ლორწქვეშა (მეისნერის) ნერვული წნულები.
თორმეტგოჯა ნაწლავის კედელი შედგება სეროზული, კუნთოვანი და ლორწოვანი გარსებისგან, აგრეთვე ლორწქვეშა შრისგან, რომელიც ლორწოვან გარსს გამოყოფს კუნთოვანი გარსისგან. თორმეტგოჯა ნაწლავის შიგნითა ზედაპირზე განლაგებულია ნაწლავური ხაოები, რომლებიც დაფარულნი არიან პრიზმული, ქობისებური ეპითელიუმით, რომლის მიკროხაოების წყალობითაც უჯრედის აბსორბციული უნარი 10–ჯერ მატულობს. ქობისებური ეპითელიუმი ჩაენაცვლება ბოკალისებური ენტეროციტები, რომლებიც გამოიმუშავებენ გლიკოზამინოგლიკანებს და გლიკოპროტეიდებს. თორმეტგოჯა ნაწლავში აგრეთვე წარმოდგენილია უჯრედები (პანეტური უჯრედები და ნაწლავური ენდოკრინოციტები), რომლებიც გამოიმუშავებენ   სხვადასხვა გასტროინტესტინალურ ჰორმონებს – სეკრეტინი, გასტრინი, ენტეროგლუკაგონი და სხ. ლორწოვანი გარსის საკუთარი ფირფიტა ზომიერადაა ინფილტრირებული ლიმფოციტებით და პლაზმური უჯრედებით, აგრეთვე გვხვდება ლიმფური ფოლიკულებიც. ლორწქვეშა შრეში განლაგებულნი არიან დუოდენალური (ბრუნერის) ჯირკვლები, რიმელთა გამომტანი სადინარებიც იხსნებიან ნაწლავური კრიპტების (ეპითელიუმის მილისებრი ჩაღრმავებები ლორწოვანი გარსის საკუთრ ფირფიტაში) ფუძეზე ან გვერდით კედლებზე. თორმეტგოჯა ნაწლავის კუნთოვანი გარსი წარმოადგენს კუჭის კუნთოვანი გარსის გაგრძელებას; იგი წარმოქმნილია ორ შრედ განლაგებული გლუვკუნთოვანი უჯრედებისგან. გარეთა შრეში ისინი განლაგებულნი არიან განივად, შიგნითაში – ცირკულარულად. თორმეტგოჯა ნაწლავს სეროზული გარსი ფარავს მხოლოდ ნაწილობრივ, დანარჩენი ნაწილები დაფარულია ფაშარი, ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისგან წარმოქმნილი ადვენტიციით, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით სისხლძარღვებს და ნერვებს.

ფიზიოლოგია. თორმეტგოჯა ნაწლავს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული, მოტორული და ევაკუატორული ფუნქციის განხორციელებაში. საკუთრივ თორმეტგოჯა

12-გოჯა

ნაწლავის სეკრეტის გამომუშავება ხდება ბოკალისებური ენტეროციტების და დუოდენალური ჯირკვლების მეშვეობით. გარდა ამისა, თორმეტგოჯა ნაწლავის ღრუში ხვდება პანკრეასის წვენი და ნაღველი, რომლებიც უზრუნველყოფენ კუჭში დაწყებულ, საკვები ნივთიერებების შემდგომ ჰიდროლიზს
თორმეტგოჯა ნაწლავისთვის დამახასიათებელია ტონური, პერისტალტიკური, შეკუმშვები და რიტმული სეგმენტაცია. ეს უკანასკნელნი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქიმუსის გადაადგილებაში და მათი განხორციელება ხდება კუნთების განივი და ცირკულარული შრეების შეკუმშვით. თორმეტგოჯა ნაწლავის მოტორული ფუნქცია დამოკიდებულია საკვების ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე, ხოლი მისი რეგულაცია ხორციელდება ნეიროჰუმორული მექანიზმებით. ნაწლავის კუმშვადობის სიხშირე კლებულობს ნაღვლის სისტემური კარგვის, ჰიპო– და ჰიპერთირეოზის დროს. ნაწლავის მოტორული ფუნქციის დამუხრუჭება ხდება ადრენალინის, ნორადრენალინის, სიმპათიკური ნერვული სისტემის გაღიზიანების შედეგად. დიდი დოზებით აცეტილქოლინის ზემოქმედებისას მოტორული ფუნქციის აგზნება იცვლება მისი დამუხრუჭებით. სეროტონინი, გასტრინი, ბრადიკინინი, ანგიოტენზინი, ქოლეცისტოკინინი, აგრეთვე პარასიმპათიკური ნერვული სისიტემის გაღიზიანება იწვევს თორმეტგოჯა ნაწლავის კუმშვადი ფუნქციის სტიმულაციას. პროსტაგლანდინები ახორციელებენ განსხვავებულ ზემოქმედებას.

 
გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.
 

Comments are closed.

vaka