სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე
ჟურნალი ,,კავკასიის სამედიცინო მაცნე” N3. ივლისი, 2008

ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

ასო (penis) – მამაკაცის გარეთა სასქესო ორგანო. ის წარმოქმნილია ორი მღვიმოვანი და ერთი ღრუბლისებრი სხეულისგან.

ფუნქციონალური ანატომია. განასხვავებენ ასოს თავს, სხეულს და ძირს. მღვიმოვან სხეულებს გააჩნიათ ცილინდრული ფორმა. მათი უკანა ბოლოები წაწვეტებულია. ისინი მიემართებიან გაორკაპებული ფეხების სახით და ემაგრებიან რა ბოქვენის ძვლის ქვედა ნაწილს, წარმოქმნიან ასოს ძირს.

ასო

დისტალურად, მღვიმოვანი სხეულები ერწყმიან ერთმანეთს და დაფარულნი არიან ცილოვანი გარსით, საიდანაც გამოდიან ასოს ძგიდის წარმომქმნელი შემაერთებელქსოვილოვანი კონები. მღვიმოვანი სხეულების წინა ბოლოები ასევე წაწვეტებულია და დაფარულია ასოს თავით. ღრუბლისებრი სხეულის მკვეთრად გაფართოებულ წინა ნაწილს ეწოდება ასოს თავი. განასხვავებენ ასოს თავის გაფართოებულ (გვირგვინი) და შევიწროებულ (თავის ყელი) ნაწილებს. ასოს ღრუბლისებრი სხეულის უკანა ბოლოს გაფართოებულ ნაწილს ეწოდება ასოს ბოლქვი. ღრუბლისებრი სხეული ასევე დაფარულია ცილოვანი გარსით; მის სისქეში, მთელ გაყოლებაზე, განლაგებულია შარდსადენი მილი, რომელიც ასოს თავში იხსნება ვერტიკალური ღარის ფორმის მქონე გარეთა ხვრელით.

სასქესო ასომღვიმოვანი და ღრუბლისებრი სხეულების საფუძველს წარმოადგენენ კოლაგენური ბოჭკოების კონების ცილოვანი გარსიდან გამომავალი განშტოებები, რომლებიც წარმოქმნიან ძგიდეებს – ტრაბეკულებს. ტრაბეკულების მეშვეობით ხორციელდება ენდოთელიუმით ამოფენილი ღრუების – კავერნების ერთმანეთთან დამაკავშირებელი სისტემის შემოსაზღვრა. კავერნების სისხლით ავსების შედეგად ხდება მღვიმოვანი და ღრუბლისებრი სხეულების დაბერვა და გამკვრივება (ასოს ერექცია).
მღვიმოვანი და ღრუბლისებრი სხეულები დაფარულია საერთო, ღრმა და ზედაპირული ფასციებით. ასოს მფარავი კანი თხელია და ადვილად მოძრაობს. ასოს ქვედა ზედაპირის კანზე არის ნაკერი, რომელიც გადადის სათესლე პარკის და შორისის კანზე. ასოს თავის მიდამოში კანი წარმოქმნის ნაოჭს – განაპირა სხეულს, რომელიც მიმაგრებულია ასოს თავის ყელზე, ხოლო ქვემოთა მხრიდან ასოს თავთან შეერთებულია ლაგამით. განაპირა სხეულის შიგნითა ფურცელი შეიცავს ჯირკვლებს. მენჯის ძვლებთან ასო მიმაგრებულია ასოს ფეხებით, ზედაპირული და ღრმა საკიდი იოგით.
ასოს კანის და გარსების სისხლმომარაგება ხორციელდება ასოს დორსალური არტერიის სათესლე პარკის წინა ტოტებით; მღვიმოვანი და ღრუბლისებრი სხეულების – ასოს ღრმა და დორსალური არტერიის ტოტებით, აგრეთვე ასოს ბოლქვის არტერიით. ვენური სისხლი მიედინება თანამოსახელე ვენებით. ლიმფის გადინება ხორციელდება თეძოს შიგნითა და საზარდულის ზედაპირული ლიმფური კვანძების საშუალებით. ინერვაცია ხორციელდება ასოს დორსალური ნერვის მეშვეობით. სიმპათიკური ინერვაცია – ფაშვის ქვედა წნულით.

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.

Viewed 4146 times by 2646 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka