ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვალი 

ლალი დათეშიძე

ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

ფარისებრი ჯირკვალიფარისებრი ჯირკვალი (glandula thyroidea) – შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს ჰომეოსტაზის შენარჩუნებისთვის აუცილებელ ჰორმონებს.

ფუნციონალური ანატომია, ფიზიოლოგია. ფარისებრი ჯირკვალი შედგება ორი წილისგან და ყელისგან. მარჯვნიდან და მარცხიდან წილები ესაზღვრებიან ტრაქეას, ხოლო ყელი მდებარეობს ტრაქეის წინა ზედაპირზე. ზოგჯერ, ჯირკვლის ყელიდან ან მარცხენა (იშვიათად მარჯვენა) წილიდან გამოდის დამატებითი პირამიდული წილი. ნორმაში ფარისებრი ჯირკვლის მასა შეადგენს 20–60 გრ, წილების ზომები მერყეობენ 5–8×2–4×1–3 სმ ფარგლებში.

სქესობრივი მომწიფების პერიოდში ფარისებრი ჯირკვლის მასა იზრდება, ხოლო მოხუცებულობით ასაკში – კლებულობს. ქალებში ფარისებრი ჯირკვალი უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე კაცებში; ორსულობის დროს ხდება მისი ფიზიოლოგიური გადიდება, რომელიც თვითნებურად უკუვითარდება მშობიარობიდან 6–12 თვის განმავლობაში.
ფარისებრ ჯირკვალს გააჩნია გარეთა და შიგნითა შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულა. გარეთა კაფსულის ხარჯზე წარმოიქმნება იოგოვანი აპარატი, რომელიც ჯირკვალს აფიქსირებს ტრაქეასთან და ხორხთან. ფარისებრი ჯირკვლის ზედა საზღვარი (გვერდითი წილები) მდებარეობს ფარისებრი ხრტილის დონეზე, ქვედა – ტრაქეის მე–5–6 ხრტილოვანი გროლის დონეზე. ყელი მდებარეობს ტრაქეის I-III ან II-IV ხრტილების დონეზე.

ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვალი წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე სისხლმომარაგებად ორგანოს, განვითარებული არტერიული და, უფრო ძლიერი, ვენური სისტემით. სისხლი ჯირკვალში მიედინება ორი ზედა თირეოიდული არტერიით (გარეთა საძილე არტერიის ტოტები) და ორი ქვედა თირეოიდული არტერიით, რომლებიც ერთმანეთთან წარმოქმნიან ანასტომოზებს. ვენური და ლიმფური სისტემა ახორციელებენ ფარისებრი ჯირკვლიდან ვენური სისხლის და ლიმფის უკუდინებას, რომლებიც შეიცავენ თირეოიდულ ჰორმონებს, თირეოგლობულინს, ხოლო პათოლოგიური მდგომარეობის დროს, ანტითირეოიდულ ანტისხეულებს, თირეომასტიმულირებელ და თირეომაბლოკირებელ იმუნოგლობულინებს.
ფარისებრი ჯირკვლის ინერვაცია ხორციელდება როგორც ცდომილი ნერვის (პარასიმპათიკური), ასევე კისრის ნერვული განგლიების (სიმპათიკური) ტოტებით.
ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეულის საფუძველს შეადგენენ ფოლიკულები – სხვადასხვა ფორმის (ხშირად მრგვალი), 25–500 მკმ დიამეტრის ბუშტუკები, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილნი არიან დიდი რაოდენობით სისხლძარღვების და ლიმფური კაპილარების შემცველი შემაერთებელქსოვილოვანი ძგიდეებით. მათი სანათური ამოვსებულია კოლოიდით – თირეოგლობულინის შემცველი უსტრუქტურო მასით, რომელიც გამომუშავდება ფოლიკულური ანუ ე.წ. A-უჯრედების მიერ, რომლებიც ქმნიან ფოლიკულის კედელს. ესენი არიან კუბური ან ცილინდრული ფორმის (მომატებული ფუნქციონალური აქტივობის დროს) ეპითელური უჯრედები. თირეოიდული ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში ხდება მათი გასქელება. ფოლიკულების გარდა, ფარისებრი ჯირკვალი შეიცავს ეპითელური უჯრედების ფოლიკულათაშორის კუნძულებს (B-უჯრედები, ასკანაზის უჯრედები), რომლებიც წარმოადგენენ ახალი ფოლიკულების წარმოქმნის წყაროს. ასკანაზის უჯრედები A-უჯრედებზე დიდი ზომისანი არიან, გააჩნიათ ეოზინოფილური ციტოპლაზმა და მრგვალი, ცენტრალურად განლაგებული ბირთვი; ციტოპლაზმაში აღმოჩენილია ბიოგენური ამინები, მათ შორის სეროტონინი. A- და B-უჯრედების გარდა ფარისებრ ჯირკვალში გვხვდება პარაფოლიკულური უჯრედები (C-უჯრედები). ისინი განლაგებულნი არიან ფოლიკულების გარეთა ზედაპირზე და წარმოადგენენ ნეიროენდოკრინულ უჯრედებს, რომლებიც არ შთანთქავენ იოდს და მიეკუთვნებიან АПУД-სისტემას.
ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს იოდის შემცველ ორ ჰორმონს – თიროქსინს (T4) და ტრიიოდთირონინს (T3) და ერთ პეპტიდურ ჰორმონს – კალციტონინს. თიროქსინის და ტრიიოდთირონინი გამომუშავდებიან თირეოიდული ეპითელიუმის აპიკალურ ნაწილში და ნაწილობრივ ინტრაფოკალურ სივრცეში, სადაც შედიან თირეოგლობულინის შემადგენლობაში. კალციტონინი (თირეოკალციტონინი) გამომუშავდება ფარისებრი ჯირკვლის C-უჯრედების, აგრეთვე პარათირეოიდული ჯირკვლების და თიმუსის მიერ.
ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულურ უჯრედებს გააჩნიათ სისხლიდან იოდის მიტაცების უნიკალური უნარი, რომელიც ფერმენტ პეროქსიდაზას მონაწილეობით უკავშირდება კოლოიდის თირეოგლობულინს. თირეოგლობულინი ასრულებს თირეოიდული ჰორმონების ინტრაფოლიკულური რეზერვის როლს. აუცილებლობის შემთხვევაში პანოციტოზის მეშვეობით მისი განსაზღვრული რაოდენობა ხვდება უკან ფოლიკულურ უჯრედებში, სადაც პროტეოლიზის შედეგად ხორციელდება თირეოგლობულინიდან T3 და T4 გამოყოფა და მათი განცალკავება სხვა ჰორმონულად არააქტიური იოდირებული პეპტიდებისგან. თავისუფალი ჰორმონები ხვდებიან სისხლში, ხოლო იოდპროტეინები განიცდიან დეიოდიზაცია; გამონთავისუფლებული იოდი მონაწილეობას ღებულობს ახალი თირეოიდული ჰორმონების სინთეზში. თირეოგლობულინის დაშლის, თირეოიდული ჰორმონების სინთეზის სიჩქარე დამოკიდებულია როგორც ცენტრალურ რეგულაციაზე, აგრეთვე სისხლში იოდის შემცველობაზე და მასში იოდურ ცვლაზე მოქმედი ნივთიერებების (იმუნომასტიმულირებელი გლობულინები, თიოციანატები, ბრომიდები) არსებობაზე. ამრიგად, მათი სინთეზი და სეკრეცია ხორციელდება ისეთი სიჩქარით და რაოდენობით, რაც ორგანიზმისთვის აუცილებელია ქსოვილებში ჰომეოსტაზის უზრუნველმყოფი ჰორმონების კონცეტრაციის შენარჩუნებისთვის. ეს მიიღწევა ცენტრალური და პერიფერიული რეგულაციის რთული სისტემით.
ცენტრალური რეგულაცია ხორციელდება თირეოლიბერინის (თირეოტროპული ჰორმონის რილიზინგ–ფაქტორი) და, შესაძლოა, თირეოსტატინის (თირეოტროპული ჰორმონის სინთეზის მაინჰიბირებელი ფაქტორი) გამომუშავებით. თირეოპროტული ჰორმონი (თტჰ) გამომუშავდება ჰიპოფიზის წინა წილის თირეოტროფების მიერ; იგი ასტიმულირებს თირეოიდული ეპითელიუმის ზრდას და ფუნქციურ აქტივობას. სისხლში თირეოტროპული ჰორმონის მოხვედრა რეგულირდება მასში თირეოიდული ჰორმონების დონის მიხედვით და თირეოლიბერინით, თუმცა ძირითად მარეგულირებელ ფაქტორს წარმოადგენს სისხლში თირეოიდული ჰორმონების კონცეტრაცია: ამ უკანასკნელთა ძალიან მაღალი დონე განაპირობებს თირეტროფების რეზისტენტობას თირეოლიბერინის მიმართ. თირეოდული ცვლის პერიფერიული რეგულაცია დამოკიდებულია უჯრედში თირეოიდული ჰორმონების მიმართ სპეციფიკური რეცეპტორების რიცხვზე: თირეოიდული ჰორმონების მაღალი შემცველობის პირობებში მათი რიცხვი მცირდება, ხოლო დაბალი შემცველობის დროს – მატულობს. გარდა ამისა, თიროქსინის დიდი ნაწილი შეიძლება გარდაიქმნას არააქტიურ ფორმაში და განახორციელოს ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის პერიფერიული რეგულაციის ერთ–ერთი სახე.
თირეოიდული ჰორმონების ფიზიოლოგიური შემცველობა აუცილებელია სხვადასხვა ორგანოებში და ქსოვილებში (ცნს–დან დაწყებული ძვლის ქსოვილით დამთავრებული) ცილის ნორმალური სინთეზისთვის; მათი სიჭარბე იწვევს უჯრედების მიტოქონდრიებში ქსოვილოვანი სუნთქვის და ჟანგვითი ფოსფორილირების დათრგუნვას ორგანიზმის ენერგეტიკული მარაგის შემდგომი მკვეთრი დაქვეითებით. გარდა ამისა, განაპირობებენ რა კატექოლამინების მიმართ რეცეპტორების მგრძნობელობის მომატებას, თირეიდული ჰორმონები იწვევენ ვეგეტაციური ნერვული სისტემის აგზნებადობის გაძლიერებას, რაც ვლინდება ტაქიკარდიით, არითმიით, სისტოლური არტერიული წნევის მომატებით, კუჭ–ნაწლავის მოტორიკის და საჭმლის მომნელებელის წვენების სეკრეციის გაძლიერებით; ისინი აგრეთვე აძლიერებენ გლიკოგენის დაშლას, ამუხრუჭებენ მის სინთეზს ღვიძლში, გავლენას ახდენენ ლიპიდურ ცვლაზე. თირეოდული ჰორმონების უკმარისობა განაპირობებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა ჟანგვითი პროცესის სიჩქარის მკვეთრ დაქვეითებას და გლიკოზამინოგლიკანების დაგროვებას. აღნიშნული ცვლილებების მიმართ ყველაზე მგრძნობიარენი არიან ცნს–ის, მიოკარდიუმის, ენდოკრინული ჯირკვლების უჯრედები.

 
გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.