მკურნალობა უცხოეთში


ლალი დათეშიძე

ფიზიოლოგია და ფუნქციური ანატომია

საშვილოსნო (uterus, metra) – კენტი კუნთოვანი, ღრუ ორგანო, რომელშიც ხდება ჩანასახის იმპლანტაცია და განვითარება; იგი მდებარეობს ქალის მცირე მენჯის ღრუში.

ორგანოგენეზი. მუცლადყოფნის პერიოდში საშვილოსნოს განვითარება იწყება, როდესაც ნაყოფის სიგრძის აღწევს 65 მმ; ამ დროს ხდება პარამეზონეფრალური (მიულერის) სადინრების ქვედა ნაწილების შერწყმა. აღნიშნულ პერიოდში საშვილოსნო ორრქიანია, შემდგომში ის ღებულობს უნაგირის ფორმას. საშვილოსნოს ფუძეში არსებული ნაკეცი დაბადების მომენტისთვის თანდათან მცირდება. საშვილოსნოს სხეულის და ყელის გამოცალკავება ხდება მუცლადყოფნის პერიოდის მე–16 კვირის ბოლოს. მუცლადყოფნის პერიოდში საშვილოსნოს სიგრძე დაახლოებით 4–ჯერ იზრდება, ამასთან ზრდის განსხვავებული ტემპების გამო, საშვილოსნოს სხეული იზრდება 6–ჯერ, ყელი – 3–ჯერ. მუცლადყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში საშვილოსნოს ყელის ზომები აღემატება მისი სხეულის ზომებს. ორსულობის მე–8 თვეს საშვილოსნოს სხეულის და ყელის სიგრძის თანაფარდობა შეადგენს დაახლოებით 1:3.
ახალშობილი გოგონას საშვილოსნოს სიგრძე საშუალოდ შეადგენს 4,2 სმ, სხეულის და ყელის სიგრძის შეფარდება – 1:2,5; წონა – 3–6 გრ. საშვილოსნოს სხეული ოსპისებური ფორმისაა, ფუძე – უნაგირისებური; იგი განლაგებულია მუცლის ღრუში, საშვილოსნოს გარეთა პირის მიდამო მდებარეობს დაახლოებით დიაგონალური კონიუგატის დონეზე – წარმოსახვითი ხაზი, რომელიც აერთებს ბოქვენის სიმფიზის ქვედა კიდეს და გავის ძვლის კონცხის ყველაზე გამოწეულ წერტილს. სიცოცხლის პირველის წლის განმავლობაში საშვილოსნოს ზომები მცირდება, მისი სხეულის და ყელის შეფარდება 1 წლის ასაკში შეადგენს 1:1.
3 წლის ასაკში საშვილოსნო ჩამოდის მცირე მენჯის ღრუში, ამასთან მისი ფუძე იმყოფება მცირე მენჯის შესავლის დონეზე. 9–10 წლისთვის საშვილოსნოს ზომები იგივეა, რაც ახალშობილ გოგონაში, წონა შეადგენს საშუალოდ 4,2 გრ, სხეულის და ყელის სიგრძის შეფარდება – 2:1. სქესობრივი მომწიფების პერიოდში ხდება საშვილოსნოს ზომების სწრაფი მატება, საშვილოსნოს ყელსა და სხეულს შორის წარმოიქმნება კუთხე, რომელიც წინ არის გახსნილი. 12 წლის ასაკისთვის საშვილოსნოს წონა შეადგენს 7 გრ, 16–18 წლისთვის – 25 გრ. საშვილოსნოს სხეულის და ყელის შეფარდება: 12 წლისთვის – 2,5:1, 15 წლისთვის – 3:1 (ისევე როგორც რეპროდუქციული ასაკის არანამშობიარევ ქალებში).
ახალგაზრდა, არანამშობირევი ქალის საშვილოსნოს წონა შეადგენს საშუალოდ 46 გრ, ნამშობიარევი ქალის – 50 გრ. რეპროდუქციული ასაკის ქალების საშვილოსნოს ზომები ულტრაბგერითი გამოკვლევის მონაცემებით: სიგრძე 6,7 +/– 0,06 (5,5–8,3) სმ, სიგანე 5,1+/– 0,03 (4,6–6,2)სმ, წინა–უკანა ზომა 3,6 +/– 0,03 (2,8–4,2) სმ. ფრჩხილებში მოცემულია საშვილოსნოს ზომების ვარიანტები, რომლებიც პირველ რიგში დამოკიდებულია მშობიარობების და ორსულობების რაოდენობაზე.
პოსტმენოპაუზის პერიოდში იწყება საშვილოსნოს ზომების თანდათანობითი შემცირება. აღნიშნული პროცესი ყველაზე ინტენსიურია მენსტრუაციის შეწყვეტიდან პირველი წლის განმავლობაში. 80 წლის ასაკისთვის საშვილოსნოს სიგრძე საშუალოდ შეადგენს 4,3 სმ, სიგანე – 3,2 სმ, წინა–უკანა ზომა – 2,1 სმ. ფიზიოლოგიური ჰიპოესტროგენიით განპირობებული საშვილოსნოს ზომების შემცირება ხდება მისი ლორწოვანი გარსის ატროფიის, კუნთოვანი ქსოვილის ფიბროზულით ჩანაცვლების და სისხლძარღვების სკლეროზირების გამო. საშვილოსნოს სხეულს და ყელს შორის კუთხე ქრება, საშვილოსნო, მის საფიქსაციო იოგოვან აპარატში განვითარებული ატროფიული ცვლილებების შედეგად, იხრება გვერდით.
ანატომია. რეპროდუქციული ასაკის ქალებში საშვილოსნოს გააჩნია მსხლისებური ფორმა, რომელიც გასქელებულია წინა–უკანა მიმართულებით.

საშვილოსნო

საშვილოსნოს სხეული – მისი ზედა, ყველაზე მასიური ნაწილი – თანდათანობით ვიწროვდება ქვევით და გადადის საშვილოსნოს ყელში, რომელსაც გოგონებში გააჩნია კონუსური ფორმა, ხოლო ქალებში – ცილინდრული ფორმა. საშვილოსნოს ყელს ყოფენ ორ ნაწილად: საშოსზედა (რომელიც განლაგებულია საშოს შესავლის ზემოთ) და საშოსმხრივ (რომელიც გამოდის საშოში) ნაწილებს. საშვილოსნოს სხეულის ყელში გადასვლის ადგილი შევიწროებულია და ეწოდება საშვილოსნოს ყელის არხი. საშვილოსნოს სხეულის ზედა ნაწილს (მასში ფალოპის მილების ჩართვის მაღლა) ეწოდება საშვილოსნოს ფუძე.
ფრონტალურ განაკვეთზე საშვილოსნოს ღრუს გააჩნია სამკუთხედის ფორმა, რომლის ზედა კუთხეებშიც განლაგებულია საშვილოსნოს მილების ხვრელები. საშვილოსნოს ღრუ გადადის საშვილოსნოს ყელის არხში, გადასვლის შევიწროებულ ნაწილს ეწოდება საშვილოსნოს პირი. საშვილოსნოს ყელის არხი საშოში იხსნება საშვილოსნოს ხვრელით (საშვილოსნოს გარეთა პირი). არანამშობიარევ ქალებში საშვილოსნოს გარეთა პირს გააჩნია განივი–ოვალური ფორმა, ნამშობიარევ ქალებში – განივი ნაპრალის ფორმა. საშვილოსნოს ხვრელი შემოსაზღვრულია წინა და უკანა ტუჩებით.

საშვილოსნო

საშვილოსნოს კედელი შედგება სამი გარსისგან: ლორწოვანი (ენდომეტრიუმი), კუნთოვანი (მიომეტრიუმი) და სეროზული (პერიმეტრიუმი). საშვილოსნოს სხეულის ლორწოვანი გარსის სისქე და სტრუქტურა დამოკიდებულია მენსტრუალური ციკლის ფაზაზე. მის სტრომაში განლაგებულია მარტივი მილაკოვანი ჯირკვლები. განასხვავებენ საშვილოსნოს სხეულის ლორწოვანი გარსის ბაზალურ და ფუნქციონალურ (ზედაპირულ) შრეებს. ბაზალურ შრეში, რომელიც ესაზღვრება კუნთოვან გარსს, მოთავსებულია ჯირკვლების ქვედა ნაწილები. მენსტრუალური ციკლის განმავლობაში, ბაზალურ შრეში, ციკლური ცვლილებები პრაქტიკულად არ აღინიშნება; მენსტრუაციის დროს არ ხდება მისი მოცილება. საშვილოსნოს სხეულის ლორწოვანი გარსის ბაზალური შრის ჯირკვლების ეპითელიუმი წარმოადგენს მისი ფუნქციური შრის რეგენერაციის წყაროს, რომლის მოცილებაც ხდება მენსტრუაციის დროს. ფუნქციურ შრეში განლაგებულია საკვერცხეების ჰორმონების რეცეპტორები, რომელთა გავლენითაც, მენსტრუალური ციკლის განმავლობაში, მასში ხორციელდება ციკლური პროლიფერაციული და სეკრეტორული ცვლილებები.
საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსი აგებულებით მისი სხეულის ლორწოვანი გარსის მსგავსია, თუმცა მასში არ ხდება ბაზალური და ფუნქციონალური შრეების გამოყოფა. მენტრუაციის დროს ხდება მხოლოდ ყელის ზედაპირული ეპითელიუმის მოცილება. საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსი წარმოქმნის ერთ სიგრძივ ნაოჭს, რომლისგანაც მახვილი კუთხით მიემართებიან პალმისებრი ნაოჭები, რომლებიც უკავშირდებიან ერთმანეთს. აღნიშნული ნაოჭები ხელს უწყობენ ლორწოს დაგროვებას საშვილოსნოს ყელის არხში, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის საშოს შიგთავსის საშვილოსნოში მოხვედრას. საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის ჯირკვლები – განტოტებული ჯირკვლები, რომლებიც გამოიმუშავებენ ლორწოვან სეკრეტს; ამ უკანასკნელის შემადგენლობა ცვალობადობს მენტრუალური ციკლის განმავლობაში. საშვილოსნოს გარეთა პირის მიდამოში ერთშრიანი ეპითელიუმი გადადის მრავალშრიან, ბრტყელ ეპითელიუმში, რომელიც ფარავს საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივ ნაწილს.

სასვილოსნოსაშვილოსნოს კუნთოვანი გარსი შედგება გლუვკუნთოვანი უჯრედების სამი შრისგან: შიგნითა და გარეთა გასწვრივი–ირიბი (რომელთა კუნთოვანი კონები გადაჯვარედინებულია) და შუა ცირკულარული (სისხლძარღვებით მდიდარი) შრეები. საშვილოსნოს ყელის, გარეთა პირის და საშვილოსნოს ხვრელების მიდამოებში კუნთოვანი უჯრედები განლაგებულია ცირკულარულად და წარმოქმნიან სფინქტერების ანალოგებს. ორსულობის დროს საშვილოსნოს კუნთოვანი გარსის გლუვკუნთოვანი უჯრედები განიცდიან ჰიპერტროფიას, იზრდება როგორც მათი სიგრძე (50–დან 500 მკმ–მდე), ასევე მათი რაოდენობა: მატულობს საშვილოსნოს მოცულობა, იცვლება მისი ფორმა (იგი ხდება მომრგვალო–ოვალური ფორმის). მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს ზომები და ფორმა უბრუნდება საწყის მაჩვენებლებს.
საშვილოსნოს სეროზული გარსი, რომელიც წარმოადგენს პერიტონეუმის ფურცელს, ფარავს საშვილოსნოს პერიტონეუმის ნაწილს; პერიტონეუმით დაფარული არ არის მხოლოდ საშვილოსნოს ყელის საშოსზედა ზედაპირის გვერდითი და წინა ნაწილები. საშვილოსნოს ყელის გარშემო, განსაკუთებით გვერდებზე, საშვილოსნოს სეროზული გარსის წარმომქმნელ პერიტონეუმის ფურცლებს შორის აღინიშნება ცხიმოვანი უჯრედების გროვა – პარამეტრიუმი.
საშვილოსნო განლაგებულია მცირე მენჯის გეომეტრიულ ცენტრში, მის წინა კედელთან ახლოს, შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის; შესაბამისად განასხვავებენ საშვილოსნოს შარდის ბუშტის და სწორი ნაწლავის ზედაპირებს.

საშვილოსნო

ნორმაში საშვილოსნოს სიგრძივი ღერძი ორიენტირებულია მენჯის ღერძის გასწვრივ. ცარიელი შარდის ბუშტის პირობებში საშვილოსნოს ფუძე, ძირითადად, დახრილია წინ, ხოლო საშვილოსნოს შარდის ბუშტის ნაწილი მიმართულია წინ და ქვემოთ (საშვილოსნოს აღნიშნულ მდებარეობას ეწოდება ანტევერსია); საშვილოსნოს სხეული, ყელთან მიმართებაში იმყოფება ბლაგვი, ღია, წინ მიმართული კუთხით (ანტეფლექსია). იშვიათად საშვილოსნო გადახრილია უკან (რეტროვერსია), ამასთან შესაძლებელია წარმოიქმნას ღია, უკანა მიმართულების კუთხე საშვილოსნოს ყელსა და სხეულს შორის.
საშვილოსნოს ნორმალურ მდებარეობას უზრუნველყოფენ საკიდი, საფიქსაციო და დამჭერი აპარატები. საკიდ აპარატს მიეკუთვნებიან საშვილოსნოს განიერი, კარდინალური და მრგვალი იოგები, აგრეთვე გავა–საშვილოსნოს იოგი. საშვილოსნოს განიერი იოგები წარმოადგენენ პერიტონეუმის დუბლიკატურას, რომელიც საშვილოსნოს მარცხენა და მარჯვენა კიდეებიდან მიემართება განივად მენჯის გვერდით კედლებამდე; აღნიშნული იოგების ნაწილს, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება საშვილოსნოს, ეწოდება მისი ჯორჯალი. საშვილოსნოს კარდინალური იოგები – ფასციალური გასქელებები გლუვკუნთოვანი უჯრედების კონების მცირე რაოდენობით – განლაგებულნი არიან საშვილოსნოს განიერი იოგების ძირში. საშვილოსნოს მრგვალი იოგები – ბრტყელი, შემაერთებელქსოვილოვანი ჭიმები, რომლებიც შეიცავენ ნერვებს, სისხლძარღვებს და ლიმფურ სადინრებს; ისინი გამოდიან საშვილოსნოს სხეულის ზედა კუთხეებიდან, მილების წინ და მიემართებიან წინ, ლატერალურად და მაღლა საზარდულის მილის გარეთა ხვრელისკენ, შემდეგ გაივლიან რა მილს, გამოდიან გარეთა ხვრელიდან და განტოტილად მიემართებინ ბოქვენისკენ და დიდი სასირცხო ბაგეებისკენ. გავა–საშვილოსნოს იოგები – პერიტონეუმით დაფარული შემაერთებელქსოვილოვანი ჭიმები, რომლებიც სათავეს იღებენ საშვილოსნოს ყელის უკანა ზედაპირიდან და მიემართებიან სწორ ნაწლავ–საშვილოსნოს ნაოჭის სისქეში, რომლებიც შეიცავენ სწორი ნაწლავისკენ და გავის ძვლისკენ მიმართულ თანამოსახელე კუნთებს; ისინი განაპირობებენ საშვილოსნოს ყელის მოზიდვას, სხეულის წინ გადახრას და ოდნავ მაღლა აწევას.
საშვილოსნოს საფიქსაციო (სამაგრ) აპარატს წარმოქმნიან ე.წ. გამკვრივების ზონები, რომლებიც ქმნიან იოგების საფუძველს და მჭიდროდ არიან მიერთებულნი მენჯის ფასციებთან და მენჯის ორგანოების ადვენტიციურ ბუდეებთან. გამკვრივების ზონებს მიეკუთვნებიან შარდის ბუშტ–საშვილოსნოს იოგების წინა ნაწილი, ბოქვენ–შარდის ბუშტის იოგების ბრტყელი ჭიმები, საშვილოსნოს კარდინალური და გავა–საშვილოსნოს იოგების საფუძვლები. საშვილოსნოს ყელის მიდამოში დაჭიმული გამკვრივებული ზონები, აგრეთვე, მოიცავენ შარდის ბუშტს (წინიდან) და სწორ ნაწლავს (უკნიდან). საშვილოსნოს დამჭერი აპარატი მოიცავს მენჯის დიაფრაგმას და მის უჯრედებს.
საშვილოსნოს სისხლმომარაგება, ძირითადად, ხორციელდება საშვილოსნოს არტერიებით (თეძოს ქვემო არტერიების ტოტები), აგრეთვე საკვერცხეების არტერიებით (მუცლის აორტის ტოტები). გარდა ამისა, საშვილოსნოს ფუძის სისხლმომარაგება ხორციელდება საშვილოსნოს მრგვალი იოგის არტერიების ტოტებით, რომლებიც გამოდიან ფაშვის ქვედა არტერიებიდან. ენდომეტრიუმს სისხლით ამარაგებს არტერიოლები, რომლებიც სათავეს იღებენ მიომეტრიუმში: ბაზალურ შრეს – მოკლე (ბაზალური) არტერიოლები, ფუნქციონალურ შრეს – სპირალური არტერიოლები. მენსტრუალური ციკლის ფოლიკულურ ფაზაში, ენდომეტრიუმის ზრდის პარალელურად, წარმოიქმნებიან სპირალური არტერიოლების დამატებითი ტოტები. სპირალური არტერიოლები მთავრდებიან მრავალრიცხვოვანი კაპილარებით.
ვენური სისხლი საშვილოსნოდან მიემართება ვენებით, რომლებიც მისი კიდეების სიახლოვეს ქმნიან წნულებს, რომლებიც გარს ეხვევიან საშვილოსნოს არტერიებს და მის ტოტებს (საშვილოსნოს ვენური წნული). ენდომეტრიუმის ფუნქციონალურ შრეში ვენების რიცხვი და მათი დიამეტრი მატულობს მის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებით მენსტრუალურ ციკლის მალუთეინიზირებელ ფაზაში.
საშვილოსნოს სხეულიდან და ყელიდან ლიმფა მიედინება თეძოს შიგნითა და საერთო ლიმფურ კვანძებში, საშვილოსნოს სხეულიდან – აგრეთვე წელის და გავის ლიმფურ კვანძებში. საშვილოსნოს ფუძიდან ლიმფა ჩაედინება არა მარტო ზემოთჩამოთვლილ, არამედ საზარდულის ღრმა ლიმფურ კვანძებშიც.
საშვილოსნოს ინერვაცია ხორციელდება ვეგეტაციური ნერვული სისტემით: სიმპათიკური ბოჭკოები მიემართებიან ფაშვის ქვედა (მენჯის) წნულიდან, სიმპათიკური წველის წელის და გავის კვანძებიდან; პარასიმპათიკური ინერვაცია ხორციელდება მენჯის შიდა ნერვებისგან. საშვილოსნოს მგრძნობელობით ინერვაციას უზრუნველყოფენ ზურგის ტვინის კვანძების ცრუ, ერთპოლუსიანი უჯრედების პერიფერიული მონაკვეთები (გულმკერდის ქვედა, წელის და გავის), რომლებიც საშვილოსნოს ინტერორეცეპტორებიდან, ვეგეტაციური ნერვული ბოჭკოების შემადგენლობაში, მიემართებიან ზურგის და თავის ტვინის შესაბამის ნაწილებში.

ფიზიოლოგია. საშვილოსნოს ძირითად ფუნქციას წარმოადგენს შობადობის (გენერაციული) ფუნქცია. ის შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან: საშვილოსნოს მონზადება ჩანასახის იმპლანტაციისადმი; იმპლანტაციის შემდეგ ოპტიმალური პირობების შექმნა მისი ზრდისა და განვითარებისთვის; სანაყოფე კვერცხის დაცვა; ორსულობის ფიზიოლოგიური ვადის შემდეგ ნაყოფის და სანაყოფე კვერცხის ელემენტების დაბადება.

MMHE_22_257_02_eps++

საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ციკლური ცვლილებები წარმოადგენს ჩანასახის იმპლანტაციისა და განვითარებისათვის საშვილოსნოს მომზადების აუცილებელ პირობას. თუკი არ მოხდა მომწიფებული კვერცხუჯრედის განაყოფიერება, ხდება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ფუნქციონალური შრის მოცილება, რასაც თან სდევს სასქესო გზებიდან სისხლიანი გამონადენის არსებობა (მენსტრუაცია). განაყოფიერების შემთხვევაში, ჩანასახი, საშვილოსნოს მილის გავლით, ხვდება საშვილოსნოს ღრუში, სადაც ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური ცვლილებების შედეგად შექმნილია სასურველი პირობები მისი იმპლანტაციისათვის და შემდგომი განვითარებისთვის.
ორსულობის დროს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი გარდაიქმნება მსხვილ და მოსავარდნ (დეციდუალურ) გარსად. მოსავარდნი გარსის კომპაქტური შრის უჯრედები მდიდარია გლიკოგენით, მათ გააჩნიათ ფაგოციტური თვისებები; ორსულობის პირველ ეტაპზე ისინი უზრუნველყოფენ ჩანასახის კვებას. მოსავარდნი გარსი მონაწილეობას ღებულობს პლაცენტის ფორმირებაში.
საშვილოსნო, როგორც მძლავრი კუნთოვანი ორგანო, მუდმივად იმყოფება ტონუსის მდგომარეობაში. ორსულობის პროცესში, საშვილოსნოს გაჭიმვის პარალელურად, შესაძლებელია აღინიშნებოდეს მისი ტონუსის ცვალებადობა, რომელსაც, ჩვეულებრივ, თან არ სდევს მუსკულატურის მნიშვნელოვანი შეკუმშვები. საშვილოსნოს ტონუსის მკვეთრი მატება ვლინდება მშობიარობის მოახლოებასთან ერთად. საშვილოსნოს მუსკულატურის შეკუმშვა ხორციელდება სქესობრივი აქტის, საშვილოსნოს მიომის ლორწქვეშა კვანძების, ენდომეტრიუმის პოლიპების არსებობის დროს.

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.
გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka