მკურნალობა უცხოეთში


ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

ძვალი (os, bone) – საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის ორგანო, რომელიც აგებულია უპირატესად ძვლოვანი ქსოვილისგან. შემაერთებელი ქსოვილით, ხრტილით ან ძვლოვანი ქსოვილით შეერთებული (წყვეტილად ან უწყვეტად) ძვლების ერთობლიობას ეწოდება ჩონჩხი. მოზრდილი ადამიანის ჩონჩხის ძვლების საერთო რაოდენობა 200–ზე მეტია, უმეტეს შემთხვევაში ისინი წყვილი ძვლებია. ძვლები წარმოადგენენ რბილი ქსოვილების საყრდენ და კუნთების მამოძრავებელ მექანიზმს. ისინი აგრეთვე ასრულებენ დამცველობით ფუნქციებს, რაც გამოიხატება არხების და ღრუების ჩამოყალიბებით, სადაც მოთავსებულნი არიან ორგანოები. ძვლების ბიოლოგიური ფუნქცია დაკავშირებულია ნივთიერებათა ცვლაში და სისხლის წარმოქმნის პროცესებში მათ მონაწილეობასთან.

ემბრიოლოგია. ძვალი ყალიბდება სკლეროტომების მეზენქიმიდან. განასხვავებენ ძვლოვანი ქსოვილის განვითარების ორ მეთოდს: უშუალოდ მეზენქიმიდან და ჩანასახოვანი ხრტილის ადგილას. პირველი მეთოდი დამახასიათებელია უხეშბოჭკოვანი (რეტიკულოფიბროზული) ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებისთვის ქალას ძვლების წარმოქმნის დროს. მათი ჩასახვა იწყება მუცლადყოფნის პერიოდის 1–ელ თვეს პირველადი აპკისებრი ძვლის წარმოქმნით და შემდგომ მასში ძვლოვანი ნივთიერების ჩალაგებით, რომელიც შეიცავს კალციუმის, ფოსფორის და სხ. მარილებს; გარდა ამისა, ხორციელდება მეზენქიმური უჯრედების კეროვანი გამრავლება და წარმოქმნილი ოსტეოგენური კუნძულების ვასკულარიზაცია, სადაც წარმოიქმნებიან კოლაგენური ბოჭკოები და დიფერენცირებული ოსტეობლასტები. ამავე პერიოდში, ძვლის გარშემო არსებული ემბრიონული შემაერთებელი ქსოვილი გარდაიქმნება ძვლისსაზრდელად. ოსტეობლასტების ოსტეოგენური აქტივობის ხარჯზე ძვალი მატულობს სისქეში (პერიოსტური გაძვალება). მოგვიანებით სტადიებში პირველადი (რეტიკულოფიბროზული) ძვალი იცვლება მეორადი (ფირფიტოვანი) ძვლით. ფირფიტოვანი ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბება დაკავშირებულია ძვლის უბნების დაშლის პროცესთან და რეტიკულოფიბროზული ძვლის სისქეში სისხლძარღვების განვითარებასთან. ძვლის დაშლაში მონაწილეობენ განსაკუთრებული უჯრედები – ოსტეოკლასტები.
მეორე მეთოდით ძვლის განვითარება იწყება ემბრიონალური განვითარების მე–2 თვიდან, როდესაც მომავალი ლულოვანი ძვლების ადგილებზე მეზენქიმიდან ყალიბდება ხრტილოვანი ჩანასახი, რომელიც იმეორებს ძვლის ფორმას (ხრტილოვანი მოდელი). იგი დაფარულია ხრტილსაზრდელათი. ძვლის შემდგომი ჩამოყალიბება დაკავშირებულია სისხლძარღვების ფორმირებასთან და ხრტილსაზრდელაში ძვლის დიაფიზის შუა ნაწილის, ოსტეობლასტების და უჯრედშორის ნივთიერების გაჩენასთან, რომლებიც რეტიკულოფიბროზული ძვლოვანი ქსოვილიდან ძვლის დიაფიზის გარშემო ქმნიან პერიქონდრულ ძვლოვან რგოლს (პერიქონდრული გაძვალება). იგი დასაბამს აძლევს ძვლის კომპაქტურ ნივთიერების ჩამოყალიბებას, რის შედეგადაც დიაფიზის შუა ნაწილის ხრტილოვან ქსოვილში ვითარდება დისტროფიული ცვლილებები, მაშინ როცა ეპიფიზთან მოსაზღვრე მისი უბნები განაგრძობენ ზრდას. აღნიშნულ ადგილებში, ძვლის ღერძის გასწვრივ, ხრტილოვანი უჯრედები გროვდებიან სვეტების სახით. სისხლძარღვების ფორმირების და ოსტეობლასტების წარმოქმნის მომენტიდან ხრტილსაზრდელა გარდაიქმნება ძვლისსაზრდელად. დიაფიზური ხრტილი იშლება, ხოლო ოსტეობლასტები თავსდებიან გაკირული (კალციფიცირებული) ხრტილის ნაწილების ზედაპირებზე და მათ გარშემო წარმოქმნიან რეტიკოლოფიბროზულ, პერიოსტულ ძვალს. ხრტილოვანი ჩანასახის შიგნით ძვლის ჩალაგების პროცესს ეწოდება ენდოქონდრული ანუ ენქონდრული გაძვალება. ამრიგად, დიაფიზში ყალიბდება გაძვალების პირველადი ცენტრი (დიაფიზური ცენტრი). ენდოქონდრული ძვლის განვითარების პარალელურად მიმდინარეობს ოსტეოკლასტებით მისი დაშლა, რის შედეგადაც წარმოიქმნებიან ღრუები და ყალიბდება ძვლის ტვინის პირველადი ღრუ. მეზენქიმიდან მასში განვითარებას იწყებს ძვლის ტვინის ენდოსტრომა, რომელშიც სახლდებიან სისხლის წარმომქნელი უჯრედები. ეპიფიზების ხრტილის ცენტრალური ნაწილი განიცდის გაკირვას და დაშლას. ეპიფიზში ხორციელდება სისხლძარღვების ჩაზრდა, რომელთა გარშემოც მიმდინარეობს ენდოქონრული გაძვალების პროცესი. აღნიშნულ ადგილს ეპიფიზში ეწოდება გაძვალების მეორადი ცენტრი (ეპიფიზური ცენტრი). ძვლების უმეტესობაში გაძვალების ეპიფიზური ცენტრები (წერტილები) ჩნდებიან ბავშვის დაბადების შემდეგ. დიაფიზის მოსაზღვრე ეპიფიზის ხრტილის ნაწილი წარმოქმნის ზრდის მეტაეპიფიზურ ფირფიტას (ეპიფიზური, მეტაეპიფიზური, ხრტილი), რომელიც საბოლოოდ ყალიბდება მხოლოდ პოსტემბიონულ პერიოდში, როდესაც ხდება ეპიფიზის გაძვალება. მის ხარჯზე ხორციელდება ძვლის სიგრძეში ზრდა; ძვალი სისქეში მატულობს ძვლისსაზრდელას მეშვეობით ახალწარმოქმნილი ძვლის ქსოვილის მასზე დადების გზით (აპოზიციური ზრდა). ძვლის ზრდა, მისი ნაწილების შეერთება სრულდება 20–25 წლის ასაკისთვის, ხოლო ძვლის ქსოვილში აღდგენის პროცესი მიმდინარეობს მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომელიც მოიცავს ძვლის ნივთიერების წარმოქმნის და დაშლის ურთიერთდაკავშირებულ პროცესებს.

ჰისტოლოგია, ციტოლოგია. ძვლოვანი ქსოვილი წარმოადგენს ბიოლოგიურ კომპოზიტს, რომლის საფუძველსაც შეადგენს ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც მჭიდრო კავშირში იმყოფება მინერალიზირებულ ძირითად ნივთიერებასთან. განასხვავებენ მომწიფებულ და მოუმწიფებელ (ემბრიონულ) ძვლოვან ქსოვილს. მომწიფებული ძვლოვანი ქსოვილი შეიძლება იყოს ღრუბლოვანი ან კომპაქტური. ძვლოვანი ქსოვილის ძირითადი კომპონენტებია: ბოჭკოვანი კოლაგენური სტრუქტურები, მინერალიზირებული ძირითადი ნივთიერება, ძვლოვანი უჯრედები, ინტერსტიციული არხების სისტემა.

ძვალი ბოჭკოვანი კოლაგენური სტრუქტურები წარმოდგენილნი არიან იერარქიული სისტემით, რომელიც მოიცავს: კოლაგენის მოლეკულებს, მიკროფიბრილებს, ფიბრილებს, ბოჭკოებს და ბოჭკოვან კომპლექსებს. აღნიშნული სტრუქტურების საფუძველი – კოლაგენური ცილა შეადგენს ძვლის ორგანული მატრიქსის დაახლოებით 95%–ს. კოლაგენური ცილის მოლეკულებს გააჩნიათ დგუშის ფორმა, აგებულნი არიან 3 პოლიპეპტიდური სპირალისგან, რომლებიც შეიცავენ დაახლოებით 1000 ამინომჟავურ ნარჩენს. ძვლოვანი კოლაგენი თითქმის მთლიანად შედგება I ტიპის კოლაგენისგან. მოლეკულები ქმნიან მოლეკულზედა აგრეგანტებს – მიკროფიბრილებს, რომლებიც აგებულნი არიან კოლაგენის 4–5 მოლეკულისგან. მიკროფიბრილებს გააჩნიათ ტალღოვან–სპირალური ფორმა. ისინი წარმოდგენილნი არიან როგორც თავისუფალი ფორმით, ასევე აგრეგანტების შემადგენლობაში, რომელთაც ეწოდებათ ფიბრილები. ამ უკანასკნელთ გააჩნიათ სპირალისებური ფორმა, განივ კვეთაზე მრგვალი მოხაზულობით, დამახასიათებელი პერიოდულობა ანუ ფიბრილების სიგრძეზე ღია და მუქი უბნების სწორი მონაცვლეობა. ფიბრილების დიდი ნაწილი ერთიანდება კოლაგენურ ბოჭკოებად –  შედარებით უფრო რთულ სტრუქტურად, ხოლო დანარჩენი – არსებობენ დამოუკიდებელი სახით. კოლაგენური ბოჭკოების უმეტესობას გააჩნია ბტყელი ფორმა, სხვებს – გამკვრივებული ან ცილინდრული. ბტყელ კოლაგენურ ბოჭკოებს (ძვლისთვის დამახასიათებელ) ეწოდებათ ძვლოვანი ფირფიტები. კომპაქტური ან ღრუბლოვანი ძვლოვანი ქსოვილის შემადგენლობაში მათ მიერ დაკავებული ადგილის მიხედვით განასხვავებენ გარეთა და შიგნითა პერიფერიულ ზოგად (გენერალურ) გავერსულ (ოსტეონურ) და შუალედურ (ინტერსტიციული, ჩასმითი, ნატეხოვანი) ძვლოვან ფირფიტებს. ყველა ძვლოვანი ფირფიტის აგებულება იდენტურია. ძვლოვანი ფირფიტის შემადგენლობაში შეიძლება იყოს რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე კოლაგენური ფიბრილი. ძვლოვანი ფირფიტის ცენტრალურ ნაწილში კოლაგენური ფიბრილები უპირატესად სიგძივად არიან განლაგებულნი. ფირფიტების პერიფერიაზე ფიბრილებს სიგრძივთან ერთად, გააჩნიათ ტანგენციური და განივი ორიენტაცია, სადაც ტანგენციურ ორიენტაციას გააჩნია გარკვეული უპირატესობა. ძვლოვან ფირფიტებს არ გაააჩნიათ მონოლითური სტრუქტურა. ისინი განიცდიან განშრევებას (დატოტვას) ანუ ხორციელდება მათი ფიბრილური შემადგენლობის გადანაწილება. ეს უზრუნველყოფს ძვლის ბოჭკოვანი საფუძვლის ერთიანობას. გარდა ამისა, ძვლოვანი ფირფიტები, მათ ზედაპირის პერპენდიკულარულად მიმავალი წვრილი კოლაგენური ბოჭკოებით ან ცალკეული ფიბრილებით, გაყოფილნი არიან სეგმენტებად. მათ შემადგენლობაში გაცილებით ნაკლები რაოდენობით ფიბრილებია, ვიდრე ძვლოვან ფირფიტებში. ისინი საკმაოდ ფაშრად არიან განლაგებულნი შუამდებარე შრეში ძვლოვან ფირფიტებს შორის. დეკალცინაციის (კალციუმის მარილების მოცილება) შემდეგ შუამდებარე შრეში წარმოიქმნება სივრცეები, რომლებიც არ არიან ამოვსებულნი ბოჭკოვანი სტრუქტურებით. სავარაუდოდ, კოლაგენური ბოჭკოების მეორე რიგი ასრულებს ინტეგრაციულ (დამხმარე) ფუნქციას ბოჭკოვანი ჩონჩხის შემადგენლობაში. ძვლოვანი ფირფიტები წარმოქმნიან ფირფიტოვან კომპლექსებს, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ორი ან მეტი ფირფიტა, რომლებიც განლაგებულნი არიან პარალელურად და გაყოფილნი არიან, ფორმით და ორიენტაციით სხვა სახის კოლაგენური ბოჭკოებით ამოვსებული სივრცით.
ძვლოვან ქსოვილში გვხვდება სამი სახის ფირფიტოვანი კომპლექსი: ბრტყელი, ცილინდრული და ნახევრადცილინდრული. კომპაქტურ ძვლის ცენტრალური, დიდი ნაწილი წარმოქმნილია ცილინდრული ფირფიტოვანი კომპლექსებისგან, რომლებიც ქმნიან ტელესკოპიურ სტრუქტურებს; ეს უკანასკნელი წარმოადგენს ოსტეონების (გავერსული სისტემების) – ძვლის პირველადი ერთეულების, საფუძველს. ოსტეონების ცენტრში განლაგებულნი არიან ცენტრალური (გავერსული) არხები. ოსტეონებს შორის (მათთან მჭიდრო კავშირში) იმყოფებიან ნახევრადცილინდრული ფირფიტოვანი კომპლექსები. პერიფერიული, როგორც შიგნითა, ასევე გარეთა ნაწილი, წარმოქმნილია ბრტყელი ფირფიტოვანი კომპლექსებისგან. ყველა სახის ფირფიტოვანი კომპლექსი ერთმანეთთან კავშირშია. 250 მკმ–ზე მეტი სისქის ღრუბლოვანი ძვლის ტრაბეკულები წარმოქმნილია იგივე სახის ფირფიტოვანი კომპლექსებისგან, მხოლოდ ორიენტაციის ზოგიერთი თავისებურებებით. შედარებით უფრო წვრილ ტრაბეკულებში არ არიან წარმოდგენილნი ოსტეონური სტრუქტურები. კომპაქტური ძვლოვანი ქსოვილი წარმოადგენს ერთიან მასივს, მაშინ როცა ტრაბეკულურ ძვლოვან ქსოვილს გააჩნია უჯრედოვანი აგებულება. ძვლებში ორივე სახის ძვლოვანი ქსოვილი ერთადაა წარმოდგენილი. რომელიმე მათგანის სიჭარბე დამოკიდებულია ძვლის ბიომექანიკური ფუნქციის თავისებურებაზე.
ძვლოვანი ქსოვილის უჯრედები იყოფიან ოსტეოგენურ უჯრედებად, ოსტეობლასტებად, ოსტეოციტებად და ოსტეოკლასტებად. ოსტეოგენური უჯრედები წარმოადგენენ ძვლის უჯრედების კამბიალურ ელემენტებს. ისინი უპირატესად მდებარეობენ ძვლისსაზრდელას შიგნითა შრის (პერიოსტის) და ენდოსტის შემადგენლობაში, რომლითაც ამოფენილია კომპაქტური და ღრუბლოვანი ძვლების ყველა ღრუ. ცენტრალურ არხებში ოსტეოგენური უჯრედები წარმოადგენენ ძვლოვანი უჯრედების წყაროს, რომლებიც ქმნიან ახალ გავერსულ სისტემებს. ოსტეოგენური უჯრედები წარმოდგენილნი არიან ძვლის ტვინის შემადგენლობაში. გამოყოფენ ოსტეოგენური უჯრედების ორ ტიპს: მოსვენებულს და აქტივირებულს. მოსვენებულ არადიფერენცირებულ უჯრედებს გააჩნიათ წაგრძელებული, თითისტარისებური ფორმა. აქტივირებული ოსტეოგენური უჯრედები შედარებით მომრგვალო ფორმისანი არიან, მათ ბირთვში და ციტოპლაზმაში მომატებულია რნმ–ის შემცველობა, რაც მიუთითებს ზრდის აქტივაციაზე და შემდგომ დიფერენცირებაზე. ოსტეობლასტები – უჯრედები, რომლებიც ძვლის ჩამოყალიბების პროცესში ახორციელებენ ძვლის ორგანული მატრიქსის (კოლაგენი, გლიკოზამინოგლიკანები და სხ.) დიდი ნაწილის სინთეზს. აღნიშნულ დიდი ზომის, წანაზარდოვან უჯრედებს გააჩნიათ მრგვალი ან ოვალური ფორმა; წარმოდგენილნი არიან აქტიურ, ძვლის წარმომქმნელ უბნებში. ოსტეოციტები – მომწიფებული დიფერენცირებული ძვლოვანი უჯრედები, რომლებიც უზრუნველყოფენ ძვლოვანი მატრიქსის მთლიანობას და მონაწილეობას ღებულობენ მისი ჰომეოსტაზის რეგულაციაში. ოსტეოციტები განლაგებულნი არიან კოლაგენური ფირფიტებისგან და მინერალიზირებული ძირითადი ნივთიერებისგან წარმოქმნილ ძვლოვან ლაკუნებში. უჯრედებსა და ლაკუნების კედლებს შორის წარმოდგენილია არამინერალიზირებული მატრიქსის ოსტეოიდური შრე, რომელიც შედგება კოლაგენური ფიბრილებისგან და ძირითადი ნივთიერებისგან. ოსტეოციტების ციტოპლაზმაში გაცილებით ნაკლები რაოდენობის ორგანელებია, ვიდრე ოსტეობლასტებში. ოსტეოკლასტები – უჯრედები, რომლებიც ახორციელებენ ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას.
ძვლოვან ქსოვილში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინტერსტიციულ სივრცეს, რომელიც წარმოდგენილია ერთანეთთან შეერთებული არხების რთული სისტემით, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება წყლის და მასში ხსნადი საკვები ნივთიერებების და ძვლოვანი უჯრედების მეტაბოლიტების გადანაცვლება. არხები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ზომით, მიმართულებით, დანიშნულებით, თუმცა წარმოადგენენ ერთიანი სისტემის შემადგენელ ნაწილებს. გამოყოფენ ცენტრალურ (გავერსულ), ფოლკმანის (გამჭოლ), შემაერთებელ (რადიალურ) არხებს, აგრეთვე მილაკებს, ლაკუნებს (უჯრედული და არაუჯრედული), სტრუქტურებსშორის (ფიბრილებს და კრისტალებს შორის)  სივრცეებს.
ცენტრალური (გავერსული) არხები მდებარეობენ ოსტეონის – ძვლის სტრუქტურული ერთეულის ცენტრში. ისინი ძირითადად ორიენტირებულნი არიან ძვლის გრძელი ღერძის გასწვრივ, თუმცა მათ ნაწილს გააჩნია ტანგეციური ან განივი ორიენტაცია. არხების კედლები წარმოქმნილნი არიან ძვლოვანი ფირფიტებით. არხები იტოტებიან, თუმცა დატოტიანების შემდეგ მათი ორიენტაცია მნიშვნელოვნად არ იცვლება. ფოლკმანის არხები მიემართებიან ძვლის პერიოსტული ზედაპირიდან მისი ღერძის განივად და იხსნებიან ცენტრალურ არხებში. მათი დიამეტრი შედარებით მცირეა – 30–60 ნმ; აღნიშნული არხების საშუალებით ცენტრალური არხები უკავშირდებიან ძვლის გარეთა ზედაპირს. ასეთივე დიამეტრი და მიმართულება გააჩნიათ შემაერთებელ არხებს – ცენტრალურ არხებს შორის ანასტომოზებს. მილაკები წარმოადგენენ ძვლის მიკროცირკულაციური სისტემის რგოლს, რომელიც უზრუნველყოფს ლაკუნების და სტრუქტურთაშორის სივრცეების ერთმანეთთან კავშირს, აგრეთვე ინტესტიციული სივრცის კავშირს ცენტრალურ არხებთან. ამასთან დაკავშირებით მილაკებს გააჩნიათ განსხვავებული ორიენტაცია, ხოლო მათი დიამეტრი განსხვავებულია. კომპაქტურ შრეში ლაკუნებს შორის განასხვავებენ უჯრედულ და არაუჯრედულ ლაკუნებს.
ძვლოვანი ქსოვილის თავისებური აგებულება დაკავშირებულია მასში მინერალიზირებული ძირითადი ნივთიერების არსებობასთან. მინერალური მარილები წარმოდგენილნი არიან კრისტალების და ამორფული მასების სახით. ძვლოვანი ქსოვილის მინერალების ყველაზე სავარაუდო წამყვან კომპონენტს წარმოადგენს ჰიდროქსიაპატიტი. კალციუმის, ფოსფორის და მაგნიუმის გარდა ძვლოვან ქსოვილში გვხვდება დაახლოებით 20 მიკროელემენტი: სპილენძი, თუთია, სტრონციუმი, ბარიუმი, ბერილიუმი, ალუმინი, მოლიბდენი, ოქრო, მანგანუმი, რკინა და სხ. მათი უმეტესობის შემცველობა არ აღემატება 0,0001%–ს. ძვალში მიკროელემენტების უკმარისობა ან სიჭარბე იწვევს ოსტეომალაციას, ოსტეოპოროზს და სხ. ძვლის ფიზიოლოგიური რეგენერაციის დროს მიკროელემენტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მინერალების კრისტალური გისოსის განახლების პროცესში. მინერალიზირებული ძვლოვანი ქსოვილის კრისტალების ფორმა მერყეობს ნემსის ფორმიდან ფირფიტოვან ფორმებამდე. კრისტალების ფორმასა და ზომაზე გავლენას ახდენს ასაკი, კოლაგენური მატრიცა და სხ. კრისტალების სიდიდე განსაზღვრავს ძვლის მინერალის ხვედრით ზედაპირს, რაც მოქმედებს ცვლის პროცესების სიჩქარეზე. კრისტალები ავსებენ ბოჭკოთაშორის სივრცეებს. ისინი მჭიდრო კავშირში იმყოფებიან კოლაგენურ ფიბრილებთან. ფიბრილების ზედაპირზე განლაგებული კრისტალები ორიენტირებულნი არიან მათი გრძივი ღერძების გაყოლებაზე. ამორფული მასა ძირითადად წარმოდგენილია კალციუმის ფოსფატით – პირველი მინერალით, რომელიც წარმოიქმნება ძვლის ქსოვილში კალციფიკაციის დროს. იგი წარმოადგენს კრისტალური ჰიდროქსიაპატიტის წინამორბედს. ძვლოვან ქსოვილში კრისტალური და ამორფული ფაზების შეფარდება იცვლება ასაკთან ერთად. ჩონჩხის სხვადასხვა ძვლებში არსებობს მინერალური კომპონენტის ქიმიური შემადგენლობის რიგი განსხვავებები, აგრეთვე ვლინდება მისი ასაკობრივი მერყეობა ერთი და იმავე ძვალში. ძვლოვანი ქსოვილის ოსტეონები ხასიათდებიან მინერალიზაციის სხვადასხვა ხარისხით, რაც დაკავშირებულია მათ ასაკთან. ყველაზე მინერალიზირებულ სტრუქურებს წარმოადგენენ მომწიფებული ოსტეონები და შუალედური ფირფიტები.

 
გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka