თავის ტვინი

 ლალი დათეშიძე

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

თავის ტვინი (encephalon) – ცენტრალური ნერვული სისტემის წინა ნაწილი, რომელიც მოთავსებულია თავის ქალას ღრუში.

ემბრიოლოგია. ადამიანის ოთხი კვირის ემბრიონს ნერვული ღეროს თავის ნაწილში უვითარდება 3 პირველადი ტვინის ბუშტუკი – წინა (prosencephalon), შუა (mesencephalon) და რომბისებური (rhombencephalon); ამ უკანასკნელს გააჩნია გაგანიერებები, რომბომერები, რაც მეტყველებს მის სეგმენტურ აგებულებაზე; ის თანდათან გადადის ზურგის ტვინში. მე–5 კვირაზე წინა და რომბისებური ბუშტუკები იყოფიან და წარმოქმნიან 5 მეორეულ ბუშტუკებს, რომლებსაც შეესაბამება თვაის ტვინის საბოლოო ნაწილები: საბოლოო (telencephalon), შუამდებარე (diencephalon), შუა (mesnecephalon), უკანა (metencephalon) და მოგრძო (myelenencephalon, medulla oblongata). უკანა ტვინი სქელდება და ქმნის ტვინის ხიდს (pons; ვაროლის ხიდი), ხოლო მის დორსალურ ნაწილში ყალიბდება ნათხემი. შუა ტვინი იყოფა დორსალურად მდებარე შუა ტვინის სახურავად და ვენტრალურად განლაგებულ ტვინის ფეხებად. შუამდებარე ტვინში გამოყოფენ ჰიპოთალამუსს, ეპითალამუსს, თალამუსს (მხედველობის ბორცვი) და მეტათალამუსს. საბოლოო ტვინი ქმნის ორ ნახევარსფეროს. მე–3 თვეზე ნახევარსფეროების ზედაპირებზე ჩნდება გვერდითი ფოსო, ხოლო მე–4 თვის ბოლოსთვის წარმოიქმნება პირველადი ნაოჭები, რომლებიც ნახევარსფეროებს ყოფენ წილებად. მე–5 თვიდან ხდება ნაოჭების და ხვეულების ინტენსიური წარმოქმნა; ნახევარსფეროებს შორის ყალიბდება შეხორცებები. თავის ტვინის პარკუჭები წარმოიქმნებიან თავის ბუშტუკების ღრუებისგან, რომლებსაც თავდაპირველად გააჩნიათ თხელი კედლები. თავის ტვინის ნახევარსფეროებში წარმოიქმნება წყვილი გვერდითი პარკუჭი, ხოლო შუამდებარე ტვინში – III პარკუჭი, რომბისებურ ტვინში – IV პარკუჭი, რომელიც გრძელდება ზურგის ტვინის ცენტრალურ არხში. შუა ტვინში შენარჩუნებულია წვრილი არხი, რომელიც აერთებს III და IV პარკუჭებს – თავის ტვინის არხი. თავის ბუშტუკების გვერდით კედლებში ვითარდება უჯრედული მასები, ხოლო პარკუჭების სახურავებზე რჩება თხელი უბნები, სადაც ყალიბდებიან ცერებროსპინალური სითხის გამმომუშავებელი სისხლძარღვოვანი წნულები.
განვითარების პროცესში მყოფ თავის ტვინში წარმოიქმნება თეთრი და რუხი ნივთიერება. რუხი ნივთიერება (substantia grisea) შეიცავს ნეირონების სხეულებს, მისგან ყალიბდება ცნს–ის ბირთვები (nuclei) და ქერქი (cortex). თეთრი ნივთიერება (substantia alba) შედგება ნეირონების წანაზარდებისგან, რომლებიც ქმნიან კონებს (fasciculi) და ტრაქტებს (tractus), რომლებიც, თავის მხრივ, წარმოადგენენ ცენტრალური ნერვული სისტემის გამტარი გზების შემადგენელ ნაწილებს. მუცლადყოფნის პერიოდის ბოლო თვეში იწყება ნერვული ბოჭკოების მიელინიზაცია, რომელიც მიმდინარეობს უკანა ტვინიდან წინა მიმართულებით; აღნიშნული პროცესი სრულდება ბავშვის დაბადების შემდეგ.
ახალშობილის თავის ტვინის მასა შეადგენს დაახლოებით 400 გრ და დამოკიდებულია სხეულის მასაზე (სხეულის მასის დაახლოებით 12,3–12,8%). თავის ტვინის ზრდა სიცოცხლის პირველ წლებში ინტენსიურად მიმდინარეობს, შემდეგ თანდათან ნელდება და სრულიად წყდება 20 წლის ასაკისთვის. სიცოცხლის პირველ წელს თავის ტვინის მასა 2–ჯერ მატულობს, 3 წლის ასაკისთვის – 3–ჯერ, ხოლო 7 წლის ბავშვების თავის ტვინის მასა შეადგენს მოზრდილი ადამიანის ტვინის მასის 80%. მამაკაცის თავის ტვინის მასა საშუალოდ შეადგენს 1400 გრ, ხოლო ქალის – 1200 გრ, რაც შეადგენს სხეულის მასის 2%; სქესობრივი და ინდივიდუალური განსხვავებები დაკავშირებულია სხეულის მასაზე და სიგრძეზე, სხეულის აგებულების თავისებურებებზე. 60 წლის შემდეგ თავის ტვინის მასა მცირდება (განსაკუთრებით თვალშისაცემია 80 წლის შემდეგ; მამაკაცებში საშუალოდ 13%–ით, ხოლო ქალებში – 16%–ით). 60 წელს გადაცილებულ პირებს აღენიშნებათ თავის ტვინის ნეირონების რაოდენობის შემცირება.

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.