გული

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია. გული

გულის კედლები წარმოდგენილია სამი გარსით: გარეთა – ეპიკარდიუმი, შიგნითა – ენდოკარდიუმი და მათ შორის მოთავსებული კუნთოვანი გარსი – მიოკარდიუმი.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

გული (ლათ. cor; ბერძ. cardia) – ფიბროზულ–კუნთოვანი ღრუ ორგანო, რომელიც არსულებს ტუმბოს ფუნქციას და უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას სისხლის მიმოქცევის სისტემაში.

გულის კედელიჰისტოლოგია. გულის კედლები წარმოდგენილია სამი გარსით: გარეთა – ეპიკარდიუმი, შიგნითა – ენდოკარდიუმი და მათ შორის მოთავსებული კუნთოვანი გარსი – მიოკარდიუმი. ეპიკარდიუმი – პერიკარდიუმის ვისცერალური ფურცელი – წარმოადგენს სეროზულ გარსს.
იგი შედგება შემაერთებელქსოვილოვანი ქსოვილის თხელი ფირფიტისგან ელასტიკური და კოლაგენური ბოჭკოების სხვადასხვა განლაგებით, რომელიც ზემოდან დაფარულია მეზოთელიუმით. მიოკარდიუმი შეადგენს გულის კედლის ძირითად მასას. პარკუჭების მიოკარდიუმი წინაგულების მიოკარდიუმისგან გამოყოფილია ფიბროზული რგოლებით, რომლებიდანაც იწყება მიოკარდიუმის ბოჭკოების კონები. პარკუჭების მიოკარდიუმში პირობითად შეიძლება გამოვყოთ გარეთა, შუა და შიგნითა (ღრმა) შრეები. პარკუჭების მიოკარდიუმის გარეთა შრეები საერთოა. გარეთა და შიგნითა შრეების ბოჭკოებს გააჩნიათ იშვიათი სპირალის ფორმა; მიოკარდიუმის კონების შიგნითა შრე ცირკულატორულია. ჰისტოლოგიურად მიოკარდიუმის ქსოვილი, ჩონჩხის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილისგან განსხვავდება რამდენიმე ნიშნით, მათ შორის, მიოკარდიუმის უჯრედების (კარდიომიოციტები) და სარკომერების მცირე ზომებით, უჯრედებში ერთი ბირთვის არსებობით, ერთმანეთის მიყოლებით ”ბოლო–ბოლოსთან” პრინციპით ჩასმული დისკების მეშვეობით კარდიომიოციტების შეერთებით და სხ. კარდიომიოციტების მოცულობის დაახლოებით 30–40% უკავია მიტოქონდრიებს. მიტოქონდრიებით კარდიომიოციტების განსაკუთრებული გაჯერება განაპირობებს ქსოვილის (რომელსაც გააჩნია განუწყვეტელი აქტივობის უნარი) მეტაბოლიზმის მაღალ დონეს.

გულიმიოკარდიუმში წარმოდგენილია ბოჭკოების განსაკუთრებული სისტემა, რომლებსაც გააჩნიათ იმპულსების გატარების უნარი გულის ყველა კუნთოვან შრეში, აგრეთვე გულის საკნების კედლების თანმიმდევრული შეკუმშვის კოორდინირების უნარი. აღნიშნული სპეციალიზირებული კუნთოვანი ბოჭკოები შეადგენენ გულის გამტარ სისტემას. ეს უკანასკნელი შედგება სინუსურ–წინაგულოვანი და წინაგულოვან–პარკუჭოვანი კვანძებისგან და კონებისგან (წინაგულოვანი, კვანძთაშუა შემაერთებელი, წინაგულოვან–პარკუჭოვანი და მისი ტოტები და სხ.). გულის გამტარი სისტემის ქსოვილებში, რომლებიც უფრო მეტადაა ადაპტირებული ანაერობული მეტაბოლიზმისადმი, ვიდრე კუმშვადი მიოკარდიუმი, მიტოქონდრიებს უკავიათ უჯრედული მოცულობის დაახლოებით 10%, ხოლო მიოფიბრილებს – დაახლოებით 20%. ენდოკარდიუმი, რომლითაც ამოფენილია გულის ღრუ, მოიცავს დვრილისებრ კუნთებს, ხრტილოვან ქორდებს, ტრაბეკულებს და სარქვლებს. პარკუჭებში ენდოკარდიუმი უფრო თხელია, ვიდრე წინაგულებში. იგი, ისევე, როგორც ეპიკარდიუმი, შედგება ორი შრისგან: სუბენდოთელური და კოლაგენურ–ელასტიკური, რომელიც დაფარულია ენდოთელიუმით. გულის სარქვლის აფრა წარმოადგენს ენდოკარდიუმის ნაოჭს, რომელშიც წარმოდგენილია შემაერთებელქსოვილოვანი ფენა.

 
გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.