თორმეტგოჯა ნაწლავი

ლალი დათეშიძე

ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია

12-გოჯა12–გოჯა ნაწლავი (duodenum) – წვრილი ნაწლავის საწყისი ნაწილი, რომელიც მდებარეობს კუჭსა და წვრილ ნაწლავს შორის.

ჰისტოლოგია. თორმეტგოჯა ნაწლავის კედელი შედგება სეროზული, კუნთოვანი და ლორწოვანი გარსებისგან, აგრეთვე ლორწქვეშა შრისგან, რომელიც ლორწოვან გარსს გამოყოფს კუნთოვანი გარსისგან. თორმეტგოჯა ნაწლავის შიგნითა ზედაპირზე განლაგებულია ნაწლავური ხაოები, რომლებიც დაფარულნი არიან პრიზმული, ქობისებური ეპითელიუმით, რომლის მიკროხაოების წყალობითაც უჯრედის აბსორბციული უნარი 10–ჯერ მატულობს. ქობისებური ეპითელიუმი ჩაენაცვლება ბოკალისებური ენტეროციტები, რომლებიც გამოიმუშავებენ გლიკოზამინოგლიკანებს და გლიკოპროტეიდებს. თორმეტგოჯა ნაწლავში აგრეთვე წარმოდგენილია უჯრედები (პანეტური უჯრედები და ნაწლავური ენდოკრინოციტები), რომლებიც გამოიმუშავებენ   სხვადასხვა გასტროინტესტინალურ ჰორმონებს – სეკრეტინი, გასტრინი, ენტეროგლუკაგონი და სხ. ლორწოვანი გარსის საკუთარი ფირფიტა ზომიერადაა ინფილტრირებული ლიმფოციტებით და პლაზმური უჯრედებით, აგრეთვე გვხვდება ლიმფური ფოლიკულებიც. ლორწქვეშა შრეში განლაგებულნი არიან დუოდენალური (ბრუნერის) ჯირკვლები, რიმელთა გამომტანი სადინარებიც იხსნებიან ნაწლავური კრიპტების (ეპითელიუმის მილისებრი ჩაღრმავებები ლორწოვანი გარსის საკუთრ ფირფიტაში) ფუძეზე ან გვერდით კედლებზე. თორმეტგოჯა ნაწლავის კუნთოვანი გარსი წარმოადგენს კუჭის კუნთოვანი გარსის გაგრძელებას; იგი წარმოქმნილია ორ შრედ განლაგებული გლუვკუნთოვანი უჯრედებისგან. გარეთა შრეში ისინი განლაგებულნი არიან განივად, შიგნითაში – ცირკულარულად. თორმეტგოჯა ნაწლავს სეროზული გარსი ფარავს მხოლოდ ნაწილობრივ, დანარჩენი ნაწილები დაფარულია ფაშარი, ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისგან წარმოქმნილი ადვენტიციით, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით სისხლძარღვებს და ნერვებს.

გვერდზე წარმოდგენილი მასალები ზოგადი საინფორმაციო და ლიტერატურაში გზამკვლევის დანიშნულებისაა. ისინი გამოცემა–გავრცელების მომენტისათვის შეიძლება შეიცავდნენ მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას. გვერდ – სტატიის მასალების გამოყენება უშუალოდ მკურნალობის პროცესის დასაგეგმად დაუშვებელია.
გვერდ–სტატია, მისი საძიებო და ლინკების სისტემები, რამდენიმე იტერაციად მზადდებოდა 1997 წლიდან. პირველი ვერსიები განთავსებულია ნაშრომებში [1], [2]. გვერდ–სტატიაზე მუშაობდნენ: ლალი დათეშიძე (1997 წლიდან), არჩილ შენგელია (2007 წლიდან). სტატიის პირველი ვერსია მომზადებულია [3]–ის ბაზაზე. სტატიის 2008 წლის რედაქცია მოამზადა მანანა კიკნაძემ.
წყაროები და ლიტერატურა:
1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ ”ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “   ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო–გამოცემა.    ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” . N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის  საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.
3. “დიდი სამედიცინო ენციკლოპედია” 1983; რუსულ ენაზე.
4. “ანატომიური ენციკლოპედია”. მომზადებული ლალი დათეშიძის პროექტის “ქართული ელექტრონული სამედიცინო  ენციკლოპედია” ფარგლებში.